„შირაქში ართი მეშხურუ“

იმ გაზაფხულზე უსაშველოდ დიდი თოვლი მოვიდა მოულოდნელად, ერთიანად გადათეთრდა შირაქის ველები, თან საშინელი ქარბუქი ამოვარდა და ისე სწრაფად დაინამქრა იქაურობა, შეუძლებელი იყო რომელიმე ფარას მიესწრო ფარეხამდე მისვლა… არავინ იცოდა, რა ბედი ეწიათ მინდორში გასულ სამ-ოთხათასიანი სამი ფარის ცხვარ-მეცხვარეებს, ქარი კი ბობოქრობდა მთელი დღე და მთელი ღამე.
ალვანის მეურნეობის კუთვნილი ცხვარი საძებარი გახდა მწყემსებიანად. ცხადია, ნამქერის ქვეშ მოქცეულთაგან ცოცხალი არც კაცი დარჩებოდა, არც პირუტყვი. გლოვობდნენ ორივე ალვანში, კასრისწყალში, რაიონში. როგორც იქნა, შეწყდა თოვა და ქარიც ჩადგა. სანამ თოვლი არ დადნებოდა, დახოცილებს ვერ მიაგნებდნენ, მაინც შეეცადნენ ვერტმფრენით გადაეფრინათ, იქნებ რაიმე კვალი ეპოვათ.
თეთრი სუდარა ეფარა შირაქს, სიკვდილის ცივი დუმილი გამეფებულიყო, დუმდნენ ზემოდან მაცქერალნიც, დანა პირს არ უხსნიდათ, გულში ზარალს ითვლიდნენ. მოულოდნელად საოცარი სახილველის მოწმენი გახდნენ ვერტმფრენში მყოფნი: იმ ერთფეროვან სითეთრეში მუქი სპილოსძვლისფერი, დიდი და შეკრული, აქა-იქ შავცხვარგარეული ფარა დაინახეს თავისი ვაცებით, ძაღლებით და ჯოხიანი მეცხვარით – საღი და სალამათი.
„-არიქაო!“ – მობრუნდნენ და სასწრაფოდ ტრაქტორები მიაშველეს გზის გასაკვალად, მიუახლოვდნენ, ზედ მიადგნენ კიდეც, მაგრამ სახტად დარენილ „მეგზევეებს“ სამი მეტრის სიმაღლიდან ცნობისმოყვარეობით დაჰყურებდნენ ცხვრები, თხები, ძაღლები და მეცხვარეც – სვიმანე ბართიშვილი.
(არ გახსენდებათ ზღაპარი, დევი რომ ეკითხება ხუთკუნჭულას: – როგორ ახვედი მანდაო? ის კიდე: – თივა მოვიტანე, ცეცხლი დავანთე, შიგ ჩავხტი და ამოვფრინდიო…).
ამჯერად: “-აბა, ჰეო!“ – შეაგროვეს, მიხვეტეს, მიტკეპნეს თოვლი, ტრაპივით მიადგეს, რომ შემაღლებიდან ძირს ჩამოეყვანათ ცხვარი.
მოკლედ, საქმის მცოდნე თუშმა მეცხვარემ იმ თოვა-ქარბუქში განუწყვეტლივ წრეზე ატრიალა თურმე ვაცი და თოვლი ატკეპნინა ფარას, ხელოვნური ზეგანი ააგო, რომელსაც ზემოდან მოექცა თავისი ძაღლებითა და ცხვრებით ისე, ჩლიქიც არ წამოსტკივებია რომელიმეს.
მაშინდელ სტიქიას ორი თუ სამი მწყემსი ემსხვერპლა, დახოცილი 6-7 ათასი სული ცხვარი კი წამოკრიფეს და თელავის „ბოინს“ ჩააბარეს. სვიმონ ბართიშვილი ამდენი ცხვრის გადარჩენისთვის საათით დააჯილდოვეს (აქ, რატომღაც, ჩემი ბავშვობისდროინდელი ანეგდოტი გამახსენდა, კახურ კილოზე თქმული: „გამარჯვებულ ივანოვს – ავტორუჩკა, დამარცხებულ ქიბროწაშვილს – სანადირო თოფი!“)…
.
.
იცით, რომ საბჭოთა საქართველოში მეცხვარის გასამრჯელო თვეში 60 მანეთი იყო? თუ ცხვარს ნადირი მოსტაცებდა, ქურდი მოჰპარავდა ან კლდეზე გადაიჩეხებოდა, მწყემსს ხელფასიდან უნდა აენაზღაურებინა დანაკლისი. პირადში კი, იყო დრო, 5 (ხ უ თ ი!) ცხვრის ყოლის უფლება ჰქონდა. რამდენადაც მახსოვს, ორმოცდაათიოდე წლის წინ 40-მდე გვარი ჩამოთვალეს მამაჩემმა და სტუმრად მოსულმა კაცებმა იმ თუშებისა, ალვანიდან რომ აიყარნენ და ოჯახებიანად რუსეთში გადასახლდნენ ამ უსამართლობის გამო. ასე ანგრევდნენ თუშთა ათეულ საუკუნეებში ნაწრთობ საქმიანობას: ჯერ გაკულაკება, დახვრეტა-გადასახლება-ჩაგვრა, მერე საძოვრების გადახვნა-ზვრებად გადაქცევა, არყის სახდელი ქვაბების ჩამორთმევაც კი, „სუხოი ზაკონის“ სახელით, მთასა თუ ბარში არაადამიანურ პირობებში მომუშავეთა ოჯახებისათვის მაშინ, როცა დამზრალ-გადაქანცული მეცხვარისათვის ერთადერთი სულის მოსათქმელიცა და წამალიც ორიოდე ყლუპი არაყი იყო. ვაჟკაცები იყვნენ, ბრძენკაცები, პროფესიონალი მეურნეები – შრომაც იცოდნენ, ნაშრომის გაფრთხილებაც და დაცვაც, მათი ფასი კი არც მაშინ იცოდნენ, არც ეხლა იციან ნაყიდი დიპლომებით გაბრექილმა, თავცარიელმა, არაფრისმცოდნე ვითომ კაცებმა…
ისევ სვიმონ ბართიშვილს დავუბრუნდეთ. ზურაბ და ერმალო უშარაულების და ჰყავდა ცოლად. მათ სამ შვილს მოვესწარი, ღირსეულ ვაჟკაცებს: ლალომ თავისი პირველი სიყვარულის ამბავი მიამბო ალვანი-თბილისის გზაზე პატარა გოგოს, „იკარუსში“, და ამ თემაზე ასე ლამაზად არავის არაფერი მოუყოლია ჩემთვის – უნიჭერესი კაცი იყო; გოგლიკო – სატყეოში მუშაობდა მაშინ – ჩვენსა მოვიდა და მამას ახარა: რამდენიმე კილომეტრით ავაგრძელებინეთ გზა, აგვყავს ტბათანამდეო (რის გამოც ახალთახალი ლეკური ნაბადი აჩუქა მამაჩემმა); ჟორას შესახებ დიანა უშარაულმა მითხრა სოსო ოსორაულის მიტინგზე ყოფნისას: უძვირფასესი ჩანაწერები აქვს ჩვენზეო… ვიცი, რომ ჩემი ნათესავებიც არიან, როგორ – ჯერ ვერ დავადგინე, აი, სვიმონის სურათი კი ძალიან მინდოდა მენახა – ნამდვილად ექნებათ შვილიშვილებს, ესეც ხომ ძალიან ადრინდელი ამბავი არ არის…
.
*-მეგრული ლექსის დასაწყისია, „შირაქში ერთმა მეცხვარემ…“

This entry was posted in ალვანი, თ.ცისკარიშვილის პოსტები. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი