ცხრამეტი წლის ბიჭი

თუშურადაც დაგვიწერე, ჩაწერილიც ხომ წოვათუშურადაა

თინა ცისკარიშვილის ბლოგი

დიმიტრი ცისკარიშვილი (მიტრო აფშინაშვილი) (1902-1980). ჩაწერილია 1980 წელს წოვათუშურ ენაზე

„მას მერე [მეცხვარეობის დაწყებიდან] ორი-სამი წელი გავიდა და შუამთაში დავდევდი ცხვარს. ხაზეინებმა მიბრძანეს: შენ იორზე წადი თოხლებში, მიხო კი აქ გამოგზავნე, ის მარტო  თოხლებს ვერ შეინახავსო.

ერთი გუდა სიმინდის ფქვილი გავცერი, ერთი თვის სამყოფი, ზურგზე მოვიკიდე და ჩავედი. დილავე იყო, როცა თელიანწყალთან ჩავაღწიე. მიხო ღრატეს ნაპირზე ცხვარს აძოვებდა. ღრატეს გამოღმიდან გავძახე [ქართულად]: – გამარჯობა, მეცხვარევ!-მეთქი. – სად მიხვალ, კაცო, აქ მოდი, ჩემთან დარჩი ამაღამო! – გამომძახა. – არა მცალია, ჩარგოდაანთ ბინაში მივდივარ-მეთქი. წავედი, მოვუარე და მეორე მხრიდან ავედი იმ ნაჟტარში, სადაც ღამით ცხვარს აყენებდა, ოღონდ ის გუდა ღვივებში დავმალე. ავედი ნაჟტარში და ვნახე, რომ წკირი შეშა არა ჰქონდა, ფარეხიც გამოსახვეტი იყო. ყალჩაღში [სამხრე გუდაში] ათიოდე მოხარშული გორდილა მქონდა. ყალჩაღი ქოზზე [კაპზე] დავკიდე და ხელში ჯოხით ავედი მიხოსთან. სალამ-ქალამი, აქეთურ-იქითური, ვილაპარაკეთ და ჩამოვიყვანეთ ცხვარი. დაღამდა. შევრეკეთ ფარეხში, შევედით ქოხში, ცეცხლი ავანთეთ და მიხომ მითხრა: – ბიჭო, მჭადი [ფქვილი] არ მომიტანეო? -არ…

View original post 135 more words

Posted in Αταξινόμητα | დატოვე კომენტარი

ადამ ბობღიაშვილის ცხოვრება

1912 წლის 28 მაისს, როცა სოფელ ფშაველას მთაზე მდგარ ეკლესიაში ამაღლებას დღესასწაულობდნენ, სოფელ ზემო ალვანს მოევლინა პატარა ადამი.
ბობღიაშვილები წოვათაში ცხოვრობდნენ, სოფელ ინდურთაში, იქ დაიბადა ადამის მამაც იასონ ბობღიაშვილი – პედაგოგი. სოფელი მას “ბუნტოვჩიკს” უწოდებდა, რის გამოც ხშირად აპატიმრებდნენ. 1905 წელს პარიზში ჩავიდა და სხვებთან ერთად ზუბალაშვილის თანხით საქართველოში იარაღი ჩამოიტანა.
ადამის დედა – მარიამ ჭყოპიშვილი. მდიდარი ოჯახის შვილი ყოფილა, გონიერი, ლაზათიანი ქალი იყო. შვილის სიკვდილის შემდეგ 33 წელიწადი კიდევ იცოცხლა, იჯდა ციხეში, ყველაფერი გაუნადგურეს, მაგრამ მას არასოდეს დაუწუწუნია და არ გატეხილა.
ქალბატონი ლიზა ვახვახიშვილი (ადამის საცოლე) იხსენებს: “მისი ტირილი რაღაც ზეამაღლებული განცდებით იყო სავსე. მე ცრემლი მიშრებოდა. გაოცებული ვუსმენდი მის ლამაზ განუმეორებელ გოდებას”.
ადამმა შვიდწლედი თელავში ნადიკვართან არსებულ სკოლაში დაამთავრა. მე-8 კლასში მისთვის ყველაზე საყვარელმა ქართულის მასწავლებელმა ნინო ყაზარაშვილმა მოსწავლეებს “გლახის ნაამბობი” დაადგმევინა, დათიკოს როლს ადამი ასრულებდა, შემდეგ მე-9 კლასში იყო, როდესაც თელავის თეატრში შეასრულა რამდენიმე როლი. აქედან დაიწყო ადამის ოცნებები მსახიობობაზე.
მერვე კლასიდან პირველ საშუალო სკოლაში გადავიდა, სწორედ იქ გაიცნო ლიზა: მაშინ კარგად გავიცანი მშრომელი, დარბაისელი, მრავალჭირვარამგადატანილი სწავლას დაწაფებული, ენამოკლე ხალხი – თუშები. ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. როგორ დამავიწყდება, როცა პირველად გავიგე: “მტრის მიწაზე მოკლულის შესანდობარი იყოსო”.

– – –
ზუსტად 60წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1941წლის სექტემბერში პოლიტიკური ორგანიზაცია ,,სამანის’ შეთქმულება გასცეს როგორც ცნობილია ორგანიზაცია ,,სამანი” (ეს სიტყვა თურმე ასე იშიფრება-საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტთა ინტერნაციონალი) 1941 წლის ზაფხულში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტში, პროფესორ მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით და მალე ეს მოძრაობა ფართოდ გაიშალა ქვეყანაში. ორგანიზაციის მიზანი

იყო საბჭოთა წყობილების დამხობა, საქართველოს განთავისუფლება რუსეთისაგან რუსეთ-გერმანიის ომიდან ხალხისა და ქვეყნისათვის უვნებლად გამოყვანა.

,,სამანის” ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია მთათუშეთში მოქმედებდა. მას მეთაურობდნენ მიხეილ ზანდუკელის ასპირანტი გიორგი ქადაგიძე, პოეტი ადამ ბობღიაშვილი, გოგი ქააძე და მიხეილ იმედიძე. თბილისში შეთქმულების გაცემის შემდეგ ,,სამანელები” დაიქსაქსნენ და იძულებულნი გახდნენ იატაკქვეშეთში ემუშავათ. თუშთა მეთაურებმა რაზმებით თავი მთათუშეთს შეაფარეს, სადაც ანტისაბჭოთა პროპაგანდა გააჩაღეს.

იმ დროს გოგალე ხოხიაიძე 17 წლის შინსახკომის რაზმელი ბიჭი იყო. ,,სამანელებთან’’ გასაუბრების შემდეგ შეთქმულებს ისიც შეუერთდა. მოხუცი იხსენებს, რომ ყველა მამაკაცი, ვინც თუშეთში ცხოვრობდა სულით ,,სამანელი’’ იყო-ორგანიზაციას გულშემატკივრობდნენ და, როგორც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ კიდეც.

გოგალე ხოხიაიძე: ` 1942 წლის შემოდგომაზე ორგანიზაციის მეთაურები თუშეთში, სოფელ დოჭუში, ჩემს სახლში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დოჭუ თუშეთშის ცენტრ ომალოდან უფრო მოშორებული და უსაფრთხო ადგილი იყო. პირველი კრებაც ჩვენი სახლის ეზოში გამართეს. კრებას 50 კაცი ესწრებოდა და გაგვაცნეს ორგანიზაციის წესდება, შემდეგ კი ,,სამანში” გაწევრიანებას მოვაწერეთ ხელი. შეთქმულების ჩახშობის შემდეგ ყველა-22 კაცი ვისაც ხელი გვქონდა მოწერილი, გაგვაციმბირეს.

კრების აზრი ასეთი იყო: საქართველოში ,,სამანის’’ ყველა ორგანიზაციას ერთნაირად უნდა დაეწყო გამოსვლები და ეროვნული მოძრაობა. ვუცდიდით, ცენტრი როდის გვაცნობებდა აჯანყების ნიშანს. ამასობაში ხელისუფლებმა ჩვენი შემორიგება სცადეს მაგრამ ,,სამანის’’ ხელმძღვანელობამ სასტიკი უარი შეუთვალა. ამის შემდეგ დასმენილთა დაპატიმრება დაიწყეს.

დამსმენი და გამცემი ბევრი იყო. გაიცა ბრძანება, რომ ,,სამანის’’ მეთაურები დაეხოცათ. იძულებულნი გავხდით, შინსახკომის რაზმებისაგან დასაცავად სოფელი გაგვემაგრებინა. ამავე დროს თბილისში ორგანიზაციის მთავარ შტაბთან დაკავშირებაც ვცადეთ. მე ორ მოკავშირესთან ერთად გამაგზავნეს ბარში, სადაც უნდა გვენახა თელავის ,,სამანის’’ ხელმძღვანელი კიმო ლაგაზიძე, რომელიც თავის მხრივ, შეგვახვედრებდა მთავარი შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლაგაზიძემ 3 დღის წინ აეყვანათ.

მე ისევ მთათუშეთში დავბრუნდი. იქ უკვე დიდი არეულობა იყო. ორგანიზაციის ომალოს შტაბმა გვაცნობა რომ თელავის ჩეკას უფროსის, ალიოშა კვაშალის ხელმძღვანელობით შინსახკომის 250-კაციანი რაზმი ყადორის გზით შემოვიდა ომალოში, დიკლოსა და შენაქოში მდგომი ჯარებიც ომალოში გადმოისროლეს. სასწრაფოდ ჩატარდა ორგანიზაციის კრება და გადაწყდა, რომ უფროსობა ბარისაკენ უნდა წამოსულიყო. ბარში უფრო ადვილად დაიცავდნენ თავს, უფრო მეტი გასაქანი ექნებოდათ, ბოლოს და ბოლოს, ტყეს მაინც შეაფარებდნენ თავს. ,, სამანის’’ მეთაურების გამგზავრება გასაიდუმლოებული იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა. ბობღიაშვილისა და იმედიძის თავების მომჭრელს თუშებმა ,,მეხაშე’’ შეარქვეს.

,,სამანური’’ მოძრაობის მკვლევარი, მწერალი როსტომ ჩხეიძე თავის წიგნში ,,დაწყევლილი თაობა’’ ერთგვარ პარალელებს ავლებს 1924 წლის აჯანყებასა და 1941-43წ.წ შეთქმულებას შორის. განსაკუთრებით გულში ჩამწვდომი არის ამაზრზენი ეპიზოდი, რაც ღალატის დაგვირგვინების საზარელ სიმბოლოდ იქცა: 1924 წლის ეროვნული გვარდიის უფროსის, ვალიკო ჯუღელის ტანსაცმელი მის მკვლელს ვინმე ჩეკისტ ზარგინავს ერგო, ხოლო ,,სამანელთა’’მოთავეებს ის ტანისამოსი-თუშ მეცხვარეს, სვიმო ღუბაქელიძეს, რომელმაც მოკლულ ადამ ბოღიაშვილსა და მიხეილ იმედიძეს თავები მოაჭრა.
რაც შეეხება ,,სამანელთა’’ მეთაურების მკვლელს, მათე წვერაიძეს, იგი დეზერტი იყო ჩეკამ ამ საქმეში გამოიყენა შემდეგ დეზერტირმა აპატია. იმასაც ამბობდნენ, რომ წლების შემდეგ ისევ ჯიუტად იმიორებდა: ის სახლი რომ შემთხვევით გაცოცხლდეს, ისევ დავხოცავდიო. მათე წვერაიძის და სოფო კი იხსენებს : `იმ ამბების მერე ძალიან გულჩათხრობილი გახდა. ამ თემაზე საუბარი საშინლად არ უყვარდა. მხოლოდ სიმთვრალეში წამოსცდა ერთხელ- ისინი ყაჩაღები იყვნენ და საკუთარ თავს დააბრალონ, რაც მოუვიდათო. შეიძლება ცოლს მოუყვა ყველაფერი, მისი შიშით ჩემი რძალი მაინც ვერაფერს იტყოდა’’.

როსტომ ჩხეიძის მიერ მოძიებული ერთ-ერთი ვერსიით, მათე წვერაიძე შეიძლება არც ყოფილიყო მკვლელი-ბობღიაშვილი და იმედიძე ჩეკისტებმა დახოცეს, წვერაიძემ კი მკვლელობა თავის თავზე აიღო-როგორც ჩანს ხელისუფლებას ასე უფრო აწყობდა. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა წვერაიძიეს ბრალდება არ მოუხსნეს-ამ ქვეყნიდან ის მკვლელის სახელით წავიდა და საიდუმლოც (თუ მართლა რაიმეს მალავდა) თან წაიღო.

გოგალე ხოხიაიძე: დოჭუდან 1993 წლის 21 თებერვალს გავიდა ,,სამანის’’ მეთაურთა რაზმი: ადამ ბობღიაიშვილი, მიხეილ იმედიძე, გოგი ქააძე, არჩილ კიტოშვილი, დეკანოზ თავბერიძე და გამცილებელი-პეტო და ბიჭიკო ბუჟაიძეები. იმავე დღეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მათ თორმეტკაციანი მდევარი დაადევნა ომალოდან. ,,სამანელთა’’ რაზმი საღამოს თორღვას აბანოს თავში დაბანაკდა. ღამით ორ ჯგუფად გაიყვნენ და დასაძინებლად ცალ-ცალკე წავიდნენ. მდევარი დილით დაესხა თავს. ერთი ჯგუფი-ბობღიაშვილი, თავბერიძე და იმედიძე ამოხოცეს მეორე ჯგუფმა ზვავის ქვეშ მოასწრო მიმალვა და მხოლოდ მეოთხე დღეს დანებდნენ. ცნობილია, მას მდევარი თუშების დანახვაზე აღმოხდა: ,,ყოჩაღ თუშებო, გაიმარჯვეთ თუშებზე’’.

სამივე ,,სამანელი’’ წვერაიძემ მოკლა. ღუბაქელიძემ კი თავები მოაჭრა. ეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მოითხოვა იმის დასტურად, რომ ,,სამანელები’’ მართლა მოკლულები იყვნენ. თავმოჭრილ ბობღიაშვილსა და იმედიძეს გრძელი წვერი ჰქონდათ. ამ წვერებით მოჭრილი თავები ზურგჩანთაზე დაკიდეს და პოეტი არჩილ კიტოშვილი აიძულეს სოფელ ხისოდან ომალომდე ეტარებინა. მე ეს ყველაფერი თვითონ არ მინახავს , მიამბეს. ჩვენ ამ დროს საპატიმროში ვისხედით ნარჩომაანთ ბოსელში. ბოსლის თავზე კვაშალს ჰქონდა შტაბი. ერთ დღესაც ლაპარაკი მოგვესმა, დაპატიმრებულები მოიყვანესო.

ომალოში კვაშალმა მეორე დღესვე მოიწვია თუშეთის ოთხივე ხეობის მოსახლეობის კრება. ხალხს მოჭრილი თავები აჩვენეა შესაშინებლად-ვინც გაიმეორებს იგივე დღე მოელისო. შემდეგ კი კვაშალისვე ბრძანებით საბერაცოს გორიდან ალაზნის ხეობაში დააგორეს. მოკლულთა ტანები იმდენ ხანს ეყარა მკვლელობის ადგილას, ვიდრე მათგან ძვლებიღა არ დარჩა. მერე ვიღაცამ ერთი ძვალი ბობღიაშვილის დედას ჩამოუტანა. მან კი მალულად დამარხა ეზოში.

მოგონება შორეული

კვლავ გამახსენდა ათი წლის შემდეგ
ჩვენი ბავშვობის თქმულება ძველი,
კვლავ გამახსენდა, თუ როგორ გენდე,
როგორ შევავლე ნაწნავებს ხელი;
მაშინ, ო – მაშინ მთვლემარე ქედებს
ბინდი მოესხათ ყუჩი და ვრცელი.
შენზე ოცნებას ავყევი მთაში
გულთან ჭიდილით დაღლილი ერთობ, –
შეგხვდი პირისპირ და ორი ბავშვის
ჩრდილი აცურდა წყაროში ერთდროს;
ამ მთების გაღმა მაშინაც, მაშინ
ერთი ობოლი ვარსკვლავი ენთო.
მერე ის ერთიც მოვწვყვიტე ციდან,
თვალით დავლიე მანძილი შორი,
ქარი ოქროსფერ დალალებს შლიდა
და ღამეს ჯიქურ ვებრძოდით ორნი;
მაშინაც სთვლემდა ბორბალა მშვიდად,
ნიავს ჩხავილი მოჰქონდა ყორნის.
ქალწულმა გული ჩემთვის გააღე,
გული რო გვქონდა ქვეყნის დამტევი, –
რამდენი განცდა ვაიალაღეთ,
ციდან ვარსკვლავი ვკრიფეთ რამდენი;
მაშინაც ბინდში დაფლულ ბალახებს
ნისლი ეხურათ, როგორც ფარტენი.
და ბევრი ღამე დავწვით ბაასით,
შამბნარში ერთად ვფრინავდით,
რომ მქონებოდა გული ათასი
სუყველას ერთად შემოგწირავდი;
ვთელეთ ბორბალას მწვანე ატლასი
ჩამოფენილი ხევის პირამდი.

1940 წლის მარტი

***
ეგ ყორნისფერი თვალები ღია
დაბინდულ სივრცეს ხარბადა სვამენ,
მოსწყვიტე მზერა მიდამოს მთიანს,
ალაპარაკდი, მითხარი რამე.
ქვევით ალაზნის ზვირთები კრთიან
და იდუმალად შრიალებს ღამე.
ნუთუ მოგწყინდა ჩემი ალერსი,
ნუთუ მანძილმა გრძნობა დაბინდა?!
იყავ ღადარზე უმხურვალესი
და განთიადის ლაჟვარდზე წმინდა.
აგერ, ფიქრით და ცრემლით ნალესი,
ჩამოიშალა ჯანღები მთიდან.
რატომ ჩააქრე ცეცხლი ვნებათა
ჩემს განშორებას რატომ იჩქარი?!
მეტს რაღას მთხოვდი, სხვა რა მებადა,
თუ არა ეშხი ობოლი ბწკარის.
მორჩა ეს ღამეც წაიშლება და
ალაზანს კვნესით გაჰყვება ქარი.
და მოვიგონებ ოდესმე, კიდევ,
როგორ ვებრძოდით ორნი იმ ღამეს,
როგორ წამართვი სულის სიმშვიდე,
და მოლოდინით როგორ დამღალე;
დეე, ჩემს ნაცვლად ნიავი შლიდეს,
ნიავი შლიდეს მაგ შენს დალალებს.

***

ალვანელი

ადამ ალვანელმა (ბობღიაშვილმა) მეორე მსოფლიო ომისას ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია “სამანი” (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები)და მათი მიზანი იყო საქართველო არ ჩარეულიყო ომში. სურდათ საბჭოთა სისტემა დაენგრიათ და აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. 1942 წელს 17 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის 17 ქართველი ახალგაზრდა დახრიტეს, მათ შორის 12 უნივერსიტეტის ასპირანტი და ერთიც სტუდენტი.
ადამ ბობღიაშვილი ხელიდან გაუსხლტათ(ისიც ასპირანტი იყო), მაგრამ მთაში ღალატის მსხვერპლი აღმოჩნდა, გასცეს მისი ადგილსამყოფელი და თუშეთში რამოდენიმე თუშ თანამებრძოლთან ერთად მოკლეს 1943 წელს. შემდეგ თავები დააჭრეს და თან წაიღეს. ადამის ნაწერების ნაწილიც გაუნადგურებიათ

…ადამს სხვა თანამებრძოლებიც ყავდა.ერთი ერთი ფანცალო იმედიძე იყო. მისი და ცარო ციმბირში გადაასახლე,ს რომ მიყავდათ მანქანიდან გადმოხტა თურმე ალვნის მიწა აიღო და ისე ჩაჯდა მანქანაში…

ციმბირიდან დედამ ჩამოასვენა…

Posted in თუშები, ცნობილი თუშები | 1 კომენტარი

ჩიღოს ნანგრევებთან

ჩიღო თუშეთის ცნობილი სოფელია. მზეჭაბუკობის ჟამს აქ დავიწყე მასწავლებლობა… უკანასკნელ ხანს კვლავ მოვინახულე თუშეთი… გული დამწყდა, როცა ჩიღო და თუშეთის ზოგიერთი ულამაზესი და დოვლათიანი სოფელი ნასოფლარად ქცეულიყო. ვიღაც უგვანოთა წაქეზებით მრავალნი ბარად ჩამოსახლებულან… ნუთუ ღირს ამ შეუდარებელი სილამაზის, ჰავისა, ნოყიერი მთისა და ჭალის მიტოვება?

ამ ფიქრებისა და განცდის ნაყოფია ეს ლექსიც, რომელიც ვუძღვენ ჩემ თუშ მეგობარს გოგი ბაკურაძეს.

***ჩიღო

როცა გამოვჩნდი ნანგრევთა შორის,

ასე მეგონა მთა შებარბაცდა,

თურმე მე ვთრთოდი, ვით წყლის პირს წნორი

და განცდა ჩემი კლდეს შეენარცხა.

…იყო სოფელი,

ცას ბოლი რთავდა,

იყო შუღლიც და იყო ტრფიალიც,

ხარი მთას ხნავდა,

ძაღლი ძვალს ხრავდა,

აქ წუთისოფლის სცლიდნენ ფიალას.

ერთ დროს მგზავრს უცებ აქ გამითენდა,

მე აქ ვიგემე პირველი ტრფობა.

ახლა ორნი ვართ, მე და ის სევდა,

და ქვადქცეული არარაობა.

ციხე გამოჩნდა ცად აშვებული,

სათოფურებში აღმუვლდა ქარი,

აგმინდა ლოდი დახავსებული

და სვეტს ჰკიდია ცრემლის კურცხალი…

მთლად განაძოძდა ფიქრი, ოცნება,

თვალწინ დაელდა ლანდები შორი,

რაღაც შემღმუვლეს ბნელმა ეხებმა,

და სახატესთან ჩამოჯდა ქორი.

სევდა ნისლივით მხრებზე დამაწვა,

უკაცრიელი აყივლდნენ მთები,

ჟრჟოლამ ამბურძგნა,

ტანი ამეწვა

და ტახის ჯაგარს მიგავდა თმები.

ფეხდაშაშრული მოველ წვა-დაგვით,

რომ განმეცადა ამ მთების მითი.

ლაშარის გორზე შევდექ ქადაგი

და ავბუბუნგი როგორც საგითი:*

წმინდა გივარგის კარზედა

ხე ალვად ამოსულიყო,

ზედაც მოესხა ყურძენი,

საჭმელად მოწეულიცო.

ყრმათა გვიმატე, გივარგი,

თუგინდა ლაშქარ მრავალი,

ცხვარსა გვიმატე, გივარგი,

თუ გინდა რქაჯაგნიანი.”

ასე აღარ რეკს ლაშარს ზარები,

ის ძველი ჩიღო, ჰო, აღარც არი.

რად ააჭინჭრეთ ნაფუთარები,

რატომ დაქექეთ კერის ნაცარი!

რად იცრემლებით, თუშეთის მთებო,

რატომ გეხვევათ ღრუბლების ჯარი,

საით წახვედით თექიანებო,

რად მიატოვეთ თქვენი სახლ-კარი?!

თავგაჩეჩილი ბუ გაჰკიოდა

ფეღორის მთაზე დაბუდებული.

ვგრძნობდი, აქაურ მიწას სციოდა,

ფეხზე მეკროდა ათრთოლებული.

აქ აღარ იწვა ბრძენი ლევანი,

აღარ ყვებოდა შფოთიან წარსულს,

ქარს გაუქერქავს ჩემი ხევანიც,

მე რომ სახსოვრად დავურგე ასულს.

მე მუდამ მახსოვს, თუშეთის მთებო,

შურთხთა სტვენა და ზვავების ზარი,

სადა ხართ, სადა სახლი-კაცებო,

მე ისევ მოველ თქვენი ხიზანი.

გამოიტანეთ საწდე საზარეს,

ამოადინეთ საქვაბეს ბოლი,

ვთქვათ ლაშარული,- მთაც შეზანზარდეს

და დავიღალოთ ყაბახში სროლით.

1960წ.

*საგითი-ლაშარიჯვრის განთქმული ქადაგი სოფელ ჩიღოდან

Posted in თუშეთი | დატოვე კომენტარი

თუში ბავშვების სააღდგომო მილოცვა წოვათუშურ ენაზე

მოგესალმებით, მეგობრებო!
ბავშვები სიურპრიზის მოწყობასა და ახალი წლის წოვათუშურად მოლოცვით აპირებდნენ თქვენთვის მეცადინეობის ამბის გამხელას, მაგრამ ათიოდე დღით “დაგვასწარით”. 2 თვეა ოთხშაბათ-შაბათს ტარდება საათნახევრიანი გაკვეთილები (ბოლო 15 წუთი თამაშია). თავიდან, 20 ოქტომბერს, ჩვენი ენის შესწავლის 25 მსურველი მოვიდა, მე-5 – მე-8 კლასელები. რამდენიმე მათგანმა თავიდანვე განაცხადა, რომ მაშინ შემოუერთდებოდა მეცადინეობას, როცა სოფლის ცენტრში შეიქმნებოდა საამისო პირობები (მართლაც, ძნელია გაკვეთილების შემდეგ შინ წასვლა და ისევ წამოსვლა სახლიდან საკმაოდ დიდ მანძილზე). მოგვიანებით ერთი კარგი ბიჭი თბილისში გადავიდა სპორტსკოლაში, მეორემ ამ გაკვეთილების გამო რაგბის მეცადინეობიდან ადრე წამოსვლა არ ინდომა, მესამე შაბათობით თელავში დადის პედაგოგთან “კომაროვში” ჩასაბარებლად… ამჯერად, მიუხედავად თოვლ-ყინვებისა, 12-14 მოსწავლე ხალისით ეუფლება წოვათუშურს; შემოგვემატა ერთი მეოთხეკლასელიც. პირველივე დღეებში მივიღეთ საჩუქრებიც: კოტე ჭრელაშვილის წიგნი “წოვა-თუშური ენა” და მისი მეუღლის – ქალბატონ ეთერ მიქელაძის მიერ შედგენილი მშვენიერი დიალოგები ბავშვებისათვის. მოგვაწოდეს ლექსები, ზღაპრები. ამ მეცადინეობების მიხედვით პატარა ხელნაწერი წიგნაკიც დგება – ის, რაც უკვე ისწავლეს ბავშვებმა. (ნახევრად ხუმრობით ითხოვენ დიდებიც – ჩვენც დაგვასწარით მეცადინეობასო. ცხადია, ამ პატარებს ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ გვიან, საღამოობით, სიამოვნებით გამოვნახავთ დროს მათთვისაც).
ყველაზე დიდი სირთულე ორი-სამი სპეციფიკური ბგერის გამოთქმაა, ეგ არის და ეგ, სხვა ჯერჯერობით არაფერი გვაბრკოლებს (თუ არ ჩავთვლით ისევ და ისევ ოთახს სოფლის ცენტრში, სადაც სათანადო პირობები და უფრო მეტი მასწავლებელი იქნება).
.
ასე რომ, მცირე ხანში ჩვენი პატარები საახალწლოდ მამა-პაპათა ენაზე შემოგეხმიანებიან და გაგახალისებენ!

/თ ცისკარიშვილი/

თუში ბავშვების სააღდგომო მილოცვა წოვათუშურ ენაზე

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი

სიმონ მასწავლებელი (1928-1990)

მეგობრებო! 5 იანვარს 90 წლისთავი სრულდება ყველასთვის საყვარელი სიმონ გარსევანიძის დაბადებიდან. მეცხვარე ანდრო გარსევანიშვილის ოჯახში დაიბადა, ურთიერთსიყვარულით შემსჭვალულ და-ძმებს შორის აღიზარდა, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და 5 წელი ქვემო ალვანში, მერე კი ზემო ალვანში ემსახურა ბავშვთა აღზრდის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს. ეს დიდებული ადამიანი, ნამდვილი პედაგოგი – მცოდნე, სპეტაკი, განათლებული და გულისხმიერი, მათემატიკას ასწავლიდა და აყვარებდა მოსწავლეებს; იყო დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში და მისი კოპებშეკრული, საგანგებოდ მოღუშულ-მომრისხანებული სახის მიღმა უსათუთესი, უთბილესი გული იმალებოდა. სიტყვაძუნწი ჩანდა, მაგრამ უცებ ისე მოგმართავდა, ისეთ სიყვარულიან მზერაში გაგხვევდა, მთელი სამყარო კეთილშობილი ხალხით დასახლებული გეჩვენებოდა. ყველა გოგოს თებროს ეძახდა, „-თებროებოო,“ – დაგვიძახებდა და სიხარულით ვასრულებდით ყველა მის მითითებას. ვიცი, უამრავი რამ მოაგონდება ყველას, ვინც ამ დიდბუნებოვან კაცს იცნობდა და, ვფიქრობ, გაიხსენებს – მის ლექსსა თუ ბიბლიოთეკას, რაიმე ეპიზოდს… ვინც მისი დაბადების დღეს ეკლესიის სიახლოვეს მოხვდება, ალბათ სანთელსაც დაუნთებს, ანდა შინ იტყვის მის შესანდობარს…
.
გთავაზობთ ასევე ჩვენი მასწავლებლის მიერ წლების წინ დაწერილ საგულისხმო წერილს…
.
„თქვენ ჩვენს თვალწინ დგახართ!
უკვე ერთი წელი გავიდა, ჩემო დაუვიწყარო სიძევ და მეგობარო სიმონ, რაც ჩვენ შორის აღარა ხარ, ყუჩადა წევხარ, შენ წილ ვალმოხდილი, სამების კარზე… ალალი და უსაყვედურო იყოს, მეგობარო, მამა-პაპათა ხმლითა და სისხლით მოპოვებული თბილი და ტკბილი ალვანის მიწა.
მწუხარებითაა ჩვენი გულები სავსე შენი უდროოდ და მოულოდნელად წასვლით ამ ქვეყნიდან. შენ, როგორც ჯარისკაცი ბრძოლის ველზე, კალმით ხელში შუა გამოცდაზე დაეცი ვაჟკაცურად.
დაძაბული ჭკუა-გონებით უსმენდი ბავშვებს, და აი, უცებ გულმა უარი გითხრა სამსახურზე, თვალთ დაგიბნელდა, უღონოდ ჩამოეშვი სკამიდან და გამოეთიშე სამყაროს. ატყდა განგაში, ყველაფერი იღონა მაღრაანის პედკოლექტივმა შენ საშველად, მაგრამ ამაოდ, შენი ყველაზე ახლობელი და ერთგული მეუღლე ტასოც სასწრაფოდ მოგიყვანეს, იქნებ ხმა ამოიღოსო. ალბათ ახლობლის ხელისა და გულის სითბო იგრძენი, თვალები გაახილე, რაღაც წაიჩურჩულე, თვალთაგან უძეო კაცის ნაღველითა და ბოღმით სავსე ორად ორი ცრემლი გადმოგიგორდა…
ერთი კვირა იწექი საავადმყოფოში. ექიმები არაფერს იშურებდნენ შენ გადასარჩენად. ერთი კვირა იდგა რიგი შენს სასთუმალთან მნახველებისა შენი ამეტყველების მოლოდინში, მაგრამ ამაოდ.
მე არ მოვსულვარ, სიმონ, შენ სანახავად. არ შემეძლო შენი საუკუნო მდუმარებით მოცული სახის ხილვა. არც საშუაღამოებზე მომიდგამს ფეხი. ველოდი შენი ამეტყველების ფენიქსისებრ სასწაულს, მაგრამ ვაი, რომ მწარე სინამდვილეს ვერსად გაექცევა კაცი. გასვენების დღეს ზღვა ხალხი მიგაცილებდა. მე შორიახლო მოვყვებოდი შენს ცხედარს, არ მინდოდა იმის დაჯერება, რასაც ვხედავდი. სკოლის ეზოში ცაცხვების ქვეშ დაგასვენეს. არც იქ მოვსულვარ ახლოს. შენმა კოლეგებმა და მოსწავლეებმა ცრემლებით გაჟღენთილი ლამაზი სიტყვები გაფრქვიეს ზედ, სკოლის ზარმაც სამჯერ ამოიკვნესა შენს გასაცილებლად იმ მარადიულ გზაზე, რომელსაც მოსახვევი და მოსაბრუნი აღარა აქვს. მოგდევდი შორიახლო თავჩაღუნული და ფიქრში წასული და „ვფურცლავდი“ ჩვენი მეგობრობით გამოვლილ ცხოვრების დღეთა მატიანეს.
მივედით სამების ეზოში, ჩემო სიმონ! ეს იყო, ჩემო სიძევ და მეგობარო, ჟამი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისაც და განშორებისაც. მას შემდეგ წელიწადი გავიდა, გამოცდები ისევ დაიწყო, შენი საყვარელი ალვანი ისევ ვარდ-ყვავილებშია ჩაფლული, ისევ საამოდ ჩურჩულებენ სკოლის ეზოში შენი ხელით ჩარგული ცაცხვები. შენთვის ღმერთს შვილი არ მოუცია, სხვისი შვილები გიყვარდა უზომოდ და აი, ეს ოცდაათი ცაცხვიც – შენს შვილებად ვიგულებ ამიერიდან. დაე, იშრიალონ მათ შენს სახსოვრად ბავშვებით სავსე სკოლის ეზოში აწ და მარადის!
შენი ძმა და მეგობარი გიგო ცისკარიშვილი“ /1991 წელი, 18 ივნისი. გაზეთი „ბახტრიონი“/

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in Αταξινόμητα | დატოვე კომენტარი

„შირაქში ართი მეშხურუ“

იმ გაზაფხულზე უსაშველოდ დიდი თოვლი მოვიდა მოულოდნელად, ერთიანად გადათეთრდა შირაქის ველები, თან საშინელი ქარბუქი ამოვარდა და ისე სწრაფად დაინამქრა იქაურობა, შეუძლებელი იყო რომელიმე ფარას მიესწრო ფარეხამდე მისვლა… არავინ იცოდა, რა ბედი ეწიათ მინდორში გასულ სამ-ოთხათასიანი სამი ფარის ცხვარ-მეცხვარეებს, ქარი კი ბობოქრობდა მთელი დღე და მთელი ღამე.
ალვანის მეურნეობის კუთვნილი ცხვარი საძებარი გახდა მწყემსებიანად. ცხადია, ნამქერის ქვეშ მოქცეულთაგან ცოცხალი არც კაცი დარჩებოდა, არც პირუტყვი. გლოვობდნენ ორივე ალვანში, კასრისწყალში, რაიონში. როგორც იქნა, შეწყდა თოვა და ქარიც ჩადგა. სანამ თოვლი არ დადნებოდა, დახოცილებს ვერ მიაგნებდნენ, მაინც შეეცადნენ ვერტმფრენით გადაეფრინათ, იქნებ რაიმე კვალი ეპოვათ.
თეთრი სუდარა ეფარა შირაქს, სიკვდილის ცივი დუმილი გამეფებულიყო, დუმდნენ ზემოდან მაცქერალნიც, დანა პირს არ უხსნიდათ, გულში ზარალს ითვლიდნენ. მოულოდნელად საოცარი სახილველის მოწმენი გახდნენ ვერტმფრენში მყოფნი: იმ ერთფეროვან სითეთრეში მუქი სპილოსძვლისფერი, დიდი და შეკრული, აქა-იქ შავცხვარგარეული ფარა დაინახეს თავისი ვაცებით, ძაღლებით და ჯოხიანი მეცხვარით – საღი და სალამათი.
„-არიქაო!“ – მობრუნდნენ და სასწრაფოდ ტრაქტორები მიაშველეს გზის გასაკვალად, მიუახლოვდნენ, ზედ მიადგნენ კიდეც, მაგრამ სახტად დარენილ „მეგზევეებს“ სამი მეტრის სიმაღლიდან ცნობისმოყვარეობით დაჰყურებდნენ ცხვრები, თხები, ძაღლები და მეცხვარეც – სვიმანე ბართიშვილი.
(არ გახსენდებათ ზღაპარი, დევი რომ ეკითხება ხუთკუნჭულას: – როგორ ახვედი მანდაო? ის კიდე: – თივა მოვიტანე, ცეცხლი დავანთე, შიგ ჩავხტი და ამოვფრინდიო…).
ამჯერად: “-აბა, ჰეო!“ – შეაგროვეს, მიხვეტეს, მიტკეპნეს თოვლი, ტრაპივით მიადგეს, რომ შემაღლებიდან ძირს ჩამოეყვანათ ცხვარი.
მოკლედ, საქმის მცოდნე თუშმა მეცხვარემ იმ თოვა-ქარბუქში განუწყვეტლივ წრეზე ატრიალა თურმე ვაცი და თოვლი ატკეპნინა ფარას, ხელოვნური ზეგანი ააგო, რომელსაც ზემოდან მოექცა თავისი ძაღლებითა და ცხვრებით ისე, ჩლიქიც არ წამოსტკივებია რომელიმეს.
მაშინდელ სტიქიას ორი თუ სამი მწყემსი ემსხვერპლა, დახოცილი 6-7 ათასი სული ცხვარი კი წამოკრიფეს და თელავის „ბოინს“ ჩააბარეს. სვიმონ ბართიშვილი ამდენი ცხვრის გადარჩენისთვის საათით დააჯილდოვეს (აქ, რატომღაც, ჩემი ბავშვობისდროინდელი ანეგდოტი გამახსენდა, კახურ კილოზე თქმული: „გამარჯვებულ ივანოვს – ავტორუჩკა, დამარცხებულ ქიბროწაშვილს – სანადირო თოფი!“)…
.
.
იცით, რომ საბჭოთა საქართველოში მეცხვარის გასამრჯელო თვეში 60 მანეთი იყო? თუ ცხვარს ნადირი მოსტაცებდა, ქურდი მოჰპარავდა ან კლდეზე გადაიჩეხებოდა, მწყემსს ხელფასიდან უნდა აენაზღაურებინა დანაკლისი. პირადში კი, იყო დრო, 5 (ხ უ თ ი!) ცხვრის ყოლის უფლება ჰქონდა. რამდენადაც მახსოვს, ორმოცდაათიოდე წლის წინ 40-მდე გვარი ჩამოთვალეს მამაჩემმა და სტუმრად მოსულმა კაცებმა იმ თუშებისა, ალვანიდან რომ აიყარნენ და ოჯახებიანად რუსეთში გადასახლდნენ ამ უსამართლობის გამო. ასე ანგრევდნენ თუშთა ათეულ საუკუნეებში ნაწრთობ საქმიანობას: ჯერ გაკულაკება, დახვრეტა-გადასახლება-ჩაგვრა, მერე საძოვრების გადახვნა-ზვრებად გადაქცევა, არყის სახდელი ქვაბების ჩამორთმევაც კი, „სუხოი ზაკონის“ სახელით, მთასა თუ ბარში არაადამიანურ პირობებში მომუშავეთა ოჯახებისათვის მაშინ, როცა დამზრალ-გადაქანცული მეცხვარისათვის ერთადერთი სულის მოსათქმელიცა და წამალიც ორიოდე ყლუპი არაყი იყო. ვაჟკაცები იყვნენ, ბრძენკაცები, პროფესიონალი მეურნეები – შრომაც იცოდნენ, ნაშრომის გაფრთხილებაც და დაცვაც, მათი ფასი კი არც მაშინ იცოდნენ, არც ეხლა იციან ნაყიდი დიპლომებით გაბრექილმა, თავცარიელმა, არაფრისმცოდნე ვითომ კაცებმა…
ისევ სვიმონ ბართიშვილს დავუბრუნდეთ. ზურაბ და ერმალო უშარაულების და ჰყავდა ცოლად. მათ სამ შვილს მოვესწარი, ღირსეულ ვაჟკაცებს: ლალომ თავისი პირველი სიყვარულის ამბავი მიამბო ალვანი-თბილისის გზაზე პატარა გოგოს, „იკარუსში“, და ამ თემაზე ასე ლამაზად არავის არაფერი მოუყოლია ჩემთვის – უნიჭერესი კაცი იყო; გოგლიკო – სატყეოში მუშაობდა მაშინ – ჩვენსა მოვიდა და მამას ახარა: რამდენიმე კილომეტრით ავაგრძელებინეთ გზა, აგვყავს ტბათანამდეო (რის გამოც ახალთახალი ლეკური ნაბადი აჩუქა მამაჩემმა); ჟორას შესახებ დიანა უშარაულმა მითხრა სოსო ოსორაულის მიტინგზე ყოფნისას: უძვირფასესი ჩანაწერები აქვს ჩვენზეო… ვიცი, რომ ჩემი ნათესავებიც არიან, როგორ – ჯერ ვერ დავადგინე, აი, სვიმონის სურათი კი ძალიან მინდოდა მენახა – ნამდვილად ექნებათ შვილიშვილებს, ესეც ხომ ძალიან ადრინდელი ამბავი არ არის…
.
*-მეგრული ლექსის დასაწყისია, „შირაქში ერთმა მეცხვარემ…“

Posted in ალვანი, თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

რა იქნებოდა, საქმის მცოდნე თუშებს უჯერებდნენ და ბევრს არ იღებდნენ საკუთარ თავზე…

ქართველთა ფრანგმა მეგობარმა, ჩვენი ისტორიის დაუღალავმა მკვლევარმა მარი ბროსემ (1802-1882) დამოუკიდებლად შეისწავლა ქართული ისე, რომ ისიც კი არ იცოდა ზუსტად, რამდენი ასონიშნისგან შედგებოდა ჩვენი ანბანი (ჩვილობაშივე მამით დაობლებულმა ღატაკმა მასწავლებელმა ამ დროს უკვე იცოდა ბერძნული, ჩინური, სომხური, რუსული…). მალე იგი სრულყოფილად დაეუფლა ქართულ ენას და მრავალწლიანი ოცნებაც აიხდინა – საქართველოში ჩამოვიდა. აი, რას წერს რუსუდან დოდაშვილი წიგნში „მარი ბროსე“ (თბ., 1962, გვ. 38):
.
„1847 წ.12 სექტემბერს ბროსე გაემგზავრა თელავს, სადაც 26 სექტემბრამდე დაჰყო. გზად მარტყოფიც მოინახულა, ეწვია ალავერდს, იყალთოს. თელავში მასპინძლობას რაფიელის მამა დავით ერისთავი უწევდა. მან ბროსე წაიყვანა ქისტაურში თუშეთის, ალვანის ველის სანახავად. სოფელ მატანში დაესწრნენ ლეკების მიერ მოკლული მიხეილ ჩოლოყაშვილის დასაფლავებას, რომელზეც სიტყვა წარმოთქვა რაფიელ ერისთავმა და თავისი განათლებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბროსეზე. მათი ნაცნობობა, მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა ბროსეს სიცოცხლის დასასრულამდე არ შეწყვეტილა. ბროსემ აქ გაიცნო თუში, თბილისის სემინარიადამთავრებული მღვდელი იკობ ცისკარიშვილი, რომელიც შესანიშნავად ლაპარაკობდა რუსულ ენაზე. შემდგომ ცისკარიშვილი დიდ დახმარებას უწევდა ბროსეს: პეტერბურგში გაუგზავნა „ახალი აღთქმის“ თუშური ტექსტი, ქისტური და თუშური ლექსები, რუსულ-თუშური ლექსიკონი, თუშური გრამატიკა“.
.
1848 წელს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მარი ბროსეს აჩუქა (მან კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს გადასცა) ჩვენამდე ერთადერთი ხელნაწერით მოღწეული პოემა „შაჰნავაზიანი“. ამ ისტორიული პოემის ავტორია ფეშანგი, შაჰნავაზად სახელდებული ვახტანგ V-ის კარის პოეტი. ხელნაწერის აღწერა და მოკლე შინაარსი კომენტარებითურთ ბროსეს ეკუთვნის, შემდეგ კი ის შეისწავლა და გამოსცა გიორგი ლეონიძემ. პოემას აქვს წამძღვარებული მცირე პროზაული ნაწილი – ისტორიული მომოხილვა და იწყება პროლოგით, სულ 1151 სტროფია, 16-მარცვლიანი რუსთველური შაირით დაწერილი. ავტორია ფეშანგი ხითარაშვილი, არჩილ მეფის თანახმად, გორელი სომეხი, მეტსახელით ფაშვიბერტყაძე, რომელიც რატომღაც ცხვირის მოჭრით დაუსჯიათ. ავტორის თქმით, აღწერა ის, რაც თვითონ ნახა – როგორც ჩანს, ვახტანგ მეფეს თან დაჰყვებოდაო, -ასკვნის კორნელი კეკელიძე (დიდი მეცნიერი, ძველი ქართული ლიტერატურის უბადლო მკვლევარი).
პოემა აშკარად ტენდენციურია, ფაქტები შეცვლილია, მრავალი უზუსტობაა ვახტანგის მეფობის ერთი მონაკვეთის – შვიდწლიანი (1658-1664) ამბების გადმოცემისას, მაგრამ ჩვენთვის მაინც საინტერესოა, რადგან საუბარია თუშებზეც. გთავაზობთ ციტატას კ. კეკელიძის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (ტ.2, , თბ., 1958 გვ. 503 – 504):
„კახთ ბატონიშვილი ერეკლე იზრდებოდა რუსეთის მეფის კარზე. ყმებმა ურჩიეს მას მიემართა თუშებისათვის და მათი დახმარებით კახეთი დაებრუნებინა. ერეკლე წამოვიდა რუსეთიდან და მოვიდა თუშეთს, სადაც სამზადისს შეუდგა. თუშების ჯარი შეიკრიბა ბორჯალზე. ეს რომ შაჰნავაზმა გაიგო, მყისვე მოუწოდა ოთარ ერისთავს, შეუერთა მას თავისი ძმა ბაგრატი, მდივანბეგი ედიშერი და ასიათასამდე ჯარით გაეშურა ერეკლეს შესახვედრად, რომელიც უკვე ქიზიყს ჩამოსულიყო. შაჰნავაზს შეუერთდნენ აგრეთვე არეზს აქეთი ხანები. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა, რომელშიაც თავი ისახელეს ოთარმა, ედიშერმა და ბაგრატმა. თუშებს სულ მუსრი გაავლეს. ძალიან ცოტა გადარჩა მათ შორის ცოცხალი. ერეკლე გაიქცა და სადღაც შეაფარა თავი. გამარჯვებულმა შაჰნავაზმა თუშებს მოსთხოვა ბეგარა, თუ არადა, შემოვალ ჯარით და სულ ერთიანად აგანაცარტუტებთო. თუშებმა შეუთვალეს: რითაც შეგვიძლია, გემსახურებით, მხოლოდ აქ ნუ შემოხვალ, თორემ ავიყრებით, დაღესტანში გადავსახლდებით და რჯულსაც გამოვიცვლითო. ომში დახოცილი თუშების თავები ათასი აქლემით ერანს წარგზავნეს ყეენთან. ყეენმა დიდი ქება და საჩუქრები მოუძღვნა შაჰნავაზს ასეთი საგმირო საქმისათვის.“ …
„სვეტიცხოვლის წინ არჩილს შეჰფიცეს ერთგულება იქ მყოფმა კახეთის თავადებმა. ამის შემდეგ გადავიდნენ კახეთში. მეფემ მთელი თვე დაჰყო იქ, გაარიგა სამეფო საქმეები, განამტკიცა არჩილი ტახტზე და უკანვე მობრუნდა. რამდენიმე ხნის შემდეგ შაჰნავაზმა მოინდომა შვილის ნახვა, შეჰყარა დიდებულები და ჯარი და გაუდგა გზას კახეთისაკენ. არჩილს მეტად გაუხარდა ეს ამბავი, გამოეგება წინ და უჯარმაში შეხვდა მამას. აქედან გადაიარეს გომბორი, ჩავიდნენ ირტოზას და გამართეს დიდი ლხინი და ზეიმი. აქ მეფეს დაღესტნიდან ეახლა მოციქული, რომელმაც მას ლეკებისაგან სამსახური გამოუცხადა და შესთავაზა დახმარება თუშთა წინააღმდეგ: მივალთ და დავიჭერთ მას, ვინც „თუშეთსა არის მჯდომი“ და მოგგვრითო. მეფემ მადლობა შეუთვალა, მაგრამ დახმარებაზე უარი თქვა: ჩემს მტრებს მე თვითონ ვეყოფიო. ამ დროს მეფეს განუდგა ყორჩიბაში ბარამი შვილებითურთ. მან გაგზავნა კაცები თუშეთს და ერეკლე ბატონიშვილს შეატყობინა: ამჟამად ორივე მეფე აქ, კახეთს იმყოფება ლხინსა და განცხრომაში,ჯარი დაითხოვეს, მეტად ხალვათად არიან, წამოდი, წამოიყვანე თუშები და თავს დავესხათო. მოციქულებს თვითონაც მიჰყვა უკან შვილებითურთ, მათ შეუერთდნენ აგრეთვე ბოდბელი და რამაზაშვილი. შეიყარნენ თუშეთს. შეკრიბეს თუშები, ფშავნი, ხევსურნი, დურძუკნი და ღლიღვნი და გამოემართნენ კახეთისაკენ ერეკლეს წინამძღოლობით. ერეკლემ მეფეებთან წინასწარ გამოგზავნა ჯაშუშად შვიდი თუ რვა თუში, რომლებსაც მათთვის ერთგულება უნდა განეცხადებინათ მთიულთა მხრით, ნამდვილად კი მათი მდგომარეობა უნდა დაეზვერათ. ჯაშუშებმა დავალებული საქმე პირნათლად შეასრულეს, დაბრუნდნენ უკან და ერეკლეს მოახსენეს, რომ მეფენი მართლაც კახეთს არიან, ქეიფობენ, მაგრამ მარტონი არ არიან, თან ჯარიც ჰყავთ იმდენი, რომ შენზე ათჯერ უფრო ძლიერნი იქნებიანო. მათ გაუჯავრდა ვიღაც ხოხონა, რომელმაც ლაჩრობა შესწამა მათ. მაშინ ბარამმა თქვა: მე ვიცი, რომ შაჰნავაზი და შაჰნაზარი მძლავრები არიან, მათთან გამკლავება არც ისე ადვილია, წავიდეთ და დავდგეთ გრემს, იქიდან კი „კაცი გავგზავნოთ, იყოს მათთანა ხმობილი,/ ტკბილი შევსთვალოთ პასუხი, არ იყოს სიტყვა-გმობილი,/ ნუ თუ მიგვხედოს წყალობით, არ დავრჩეთ ლახვარ-სობილი“. ბარამს არ გაუგონეს და წამოვიდნენ მუქარით, გამოვიდნენ ალაზანს, წინ მიუძღოდათ განდგომილნი კახნი, შემოიარეს მინდორი და მომართეს დიდ მეფეს. შუაღამისას შეუტიეს ანაზდეულად და დაიწყო სისხლის ღვრა. მეფემ გაიგო თუ არა ეს მოულოდნელი ამბავი, განრისხდა და აღიჭურვა. შაჰნაზარიც მოემზადა საომრად. გაემზადნენ აგრეთვე მდივანბეგი, სარდარი ზაზა, ბარათიანნი, მარჯვენის დროშის პატრონი ამილახორი, ბატონიშვილები კონსტანტინე და ბაგრატი (შაჰნავაზის ძმები) და სხვა დაიწყო გაშმაგებული ომი, რომელშიც თავი ისახელეს: იესე ერისთავმა, მანუჩარ თუმანიშვილმა, ბაინდურ ნაზირმა, ჯიმშიტა თურქესტანიშვილმა, გაბაანთ და სხვ. გათენებისას კვლავ განახლდა ბრძოლა, მტერს სულ ერთიანად მუსრი გაავლეს და სდიეს უკან ალაზნამდე და იალბუზის მთამდე. ერეკლეს დროშა წაართვეს, მას აღარავინ შერჩა, ასე რომ, დედას მიჰმართა. გამარჯვებულები დაბრუნდნენ უკან და ერთმანეთს ულოცავდნენ მტრის დამარცხებას. შეაგროვეს სამი ათასი თავი, რომელსაც ტყავი გააძვრეს და და თივით გასტენეს, ხოლო თავის გოგრისაგან ამართეს კირზე ნაგები კოშკები შემდეგში თუშთა დასაშინებლად. ეს სასიხარულო ამბავი დაუყოვნებლივ თბილისში აცნობეს დედოფალს. ამასთანავე მოიწვიეს გონიერი და დახელოვნებული მწიგნობარი და ყეენს მისწერეს წერილი და დაწვრილებით აუწყეს მტერზე გამარჯვება, თან სადემონსტრაციოდ აქლემებით გაუგზავნეს მას თივით დატენილი თუშთა თავები. ყეენს მეტად ესიამოვნა ეს ამბავი და და საპასუხოდ მადლობისა და ქების წერილი გამოუგზავნა მათ“.
ეს მომხდარა 1664 წლის შემოდგომას…
(ფეშანგი არ ამბობს, რომ ერეკლე პირველი გვირგვინოსანთა უშუალო ძე იყო, ხოლო ვახტანგ მეხუთე – როსტომ ხანის ნაშვილები, ძე თეიმურაზ მუხრანბატონისა).
.
(არავინ იცის, გზაში მოწამლეს თუ თავი მოიკლა ყაენთან დაბარებულმა შაჰნავაზმა…)
.
რა იქნებოდა, ერთმანეთს მტრად არ მოვკიდებოდით და ერთმანეთი არ გვეხოცა ქართველებს!.. რა იქნებოდა, ეს ხოხონები და მენთეშაშვილები (ჯარეგოში ვისი სიბრიყვის გამოც გვხოცეს) საქმის მცოდნე თუშებს უჯერებდნენ და ბევრს არ იღებდნენ საკუთარ თავზე…

/თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი

ჩვენ თვითონ თუ არ წარმოვაჩინეთ ჩვენი წარსული, საიდან ეცოდინება ხელოვნების რომელიმე მოღვაწეს სინამდვილე ჩვენ შესახებ?

გარდა დიდძალი ცხვრის მოვლა-პატრონობისა, სხვა საქმიანობაც მოსდიოდა ხელში ჩვენს მამა-პაპას. თურქოშვილების წელმაგარ ოჯახს სამგან ედგა დუქანი: ალვანში – სამების ეკლესიის მხარეს, პანკისში და ფშაველში. დუქანი ჰქონდა ლაზარე ზარიძესაც, გურგალჭალაში. ფართო ეზოს ერთ მხარეს ორი დიდი კუნელის ხე იდგა, მეორე მხარეს ბილიკი მიემართებოდა წყლისკენ (მაშინ ალაზნის ერთი ღონიერი შტო გორისძირს მიუყვებოდა – სწორედ აქედან მიჰქონდა გურგალჭალელ ქალ-რძალს თუნგებით წყალი). ჭალისპირა საურმე გზის წყალობით ლაზარეს დუქანს ხალხი არ აკლდა. დაუზარელი კაცი იყო, ამიტომ შეძლებულიც (როგორც საერთოდ „ზერზენი“ – ზარიძეანი), სამი გოგონა ჰყავდა, ვაჟი ჯერ არ მიეცა ღმერთს.
ხარებასა და გოგიას საძმო იმხანად კახეთს აზანზარებდა. ებრძოდა პოლიცია და ვერაფერს ხდებოდა, ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდნენ ჟანდარმებს ტყეში გასულები. ერთხელ ლაზარეს დაადგნენ: – შენ დაგვაბეზღებდი, ჩვენი აქყოფნის ამბავს შენ შეატყობინებდი პოლიციასო. არავინ იცის იმ საუბრის დეტალები, მაგრამ ერთ-ერთმა ყაჩაღმა უცებ იარაღი იძრო და დაახალა ლაზარეს, მოკლა კაცი. – ეგ რა ქენიო! – უყვირეს ამხანაგებმა, – შენ ეგ კი არ მოკალი, ჩვენ დაგვხოცე ყველანიო! – და გაეცალნენ იქაურობას (დაობლებული გოგონებიდან ორი არ გათხოვილა და უშვილძიროდ გადაეგო, მესამე ჩაღმათუშების რძალი გახდა და დიმიტრი ლორთქიფანიძის დიდი ბებიაა, სწორედ მასთან უნდა ინახებოდეს ლაზარეს ფოტოსურათი).
.
მცირე ხნით ადრე კი, ერთ შეძლებულ თუშ მეცხვარეს, კარგი სახლ-კარისა და ცხოვრებ-ქონების პატრონს (ხომ საუკუნეზე მეტი ხნის ამბავია, მაგრამ ალვანელები დღესაც ერიდებიან გვარის გამხელას, თითო-ოროლამ თუ იცის, ვისზეა ლაპარაკი), თვალმშვენიერი, პირსავსე და თეთრყირმიზი ცოლი ჰყავდა (ოდითგან ეს ითვლებოდა წოვათუშებისთვის სილამაზის მაჩვენებლად). სილამაზესთან ერთად, ეს კახის ქალი ხალისიანი და ენაწყლიანიც იყო. ოჯახის სიამტკბილობას ბოლო მოეღო – გოგია კენკიშვილმა ქალი გაისაყვარლა. მეცხვარე ქმარი მეტწილად წასული იყო, ფარებს დასტრიალებდა თავს, გოგიასაც მეტი რა უნდოდა. ერთ ღამეს, ქალთან მისულს ქმარი შინ დახვდა, და გასაგებია, როგორც დახვდებოდა, მაგრამ ყაჩაღმა დაასწრო – მოკლა საყვარლის ქმარი. როგორც ვიცით, „ასეთი რამეები არ დაიმალება“ – იდუმალი მკვლელის ვინაობა გაიგეს და გაწყრნენ თუშები. ორი ვაჟკაცის სისხლის ასაღებად შემართულებს ილიკო იმედიძემ ცეცხლზე ნავთად დაურთო: გაღმასოფლელმა ძმობილმა შემოსტირა თურმე: ტყეში ცოლთან ერთად შეშაზე წასული ხეზე მიმაბეს და ცოლი თვალწინ გამიუპატიურესო… ხარება ჯიბუტს იცნობდნენ თუშები და იცოდნენ, რომ ის ამეების ჩამდენი არ იყო, მაგრამ ამ უპატიებელი ქმედებების გამო დამნაშავეებს პასუხი უნდა ეგოთ.
.
…ვის არ ახსოვს თავსხმა წვიმაში თავდავიწყებით მოცეკვავე ბიჭი ქართულ ფილმში და მისი აღფრთოვანებული შეძახილი: – ვუყვარვააარ! ეს ბიჭი, უკვე ნაშრომ-ნაჯაფარი ბებერი რეჟისორი, გულმხურვალე ქართველი, სამშობლოს ძნელბედობის ისტორიას ყვება დოკუმენტურ ფილმში და მისი ტირილნარევი ხმა კიდევ უფრო მეტად აღწევს სულის სიღრმემდე. უამყველაფროდაც გვეყვარებოდა გიორგი შენგელაია თავისი დიდებული მშობლების გამო – ზეცას ვარსკვლავად შერჩენილი ნატო ვაჩნაძის გამო – კინემატოგრაფიაში მის მაღალნაყოფიერ მოღვაწეობას რომ თავი დავანებოთ. ბრწყინვალე ფილმია „ხარება და გოგია“, ძალიანაც რომ ეცადოს, ნაკლს ვერ უპოვის ვერავინ, აი, მე კი გული მწყდება, რომ მასში ფულს დახარბებულ მოსყიდულ ბნელ ძალად წარმოვჩნდით თუშები. ალბათ რა დიდი შრომა იყო საჭირო ხარება-გოგიას ჩახლართული ყოფის უძნელესი პერიპეტიების მოსაძიებლად, რამდენი ტყუილ-მართლის განჩხრეკა დასჭირდათ სცენარისტს და რეჟისორს, რა სკურპულოზური სიზუსტით გათვლილი რისკი იყო ხალხის სათაყვანო სპორტსმენების – ლევან თედიაშვილისა და ომარ ფხაკაძისთვის ამ როლების მინდობა. მათი მკვლელების პრობლემა იოლად გადაწყდა: ბეწვითმოსილი, უფორმო-უინტელექტო და დაბღვერილ-გაბურძგნული ორივე ხელით იმპულსიანად დასწვდება ფულის შეკვრას და ამ იმპულსმა უნდა მოსპოს მთავარი გმირები.
(ერთხელ ნახვის მერე ამ ფილმს მეორედ ვეღარ დავუბრუნდი, ვერ შევძელი. ბავშვობაში მეც მქონდა ომარ ფხაკაძის სურათი, რომელიც ჩემთვის პიტნის სურნელს აფრქვევდა – „ზევითასკოლელმა“ გოგო-ბიჭებმა მის მიერ დისშვილებისთვის ჩამოტანილი „ჟუაჩკებით“ გავიგეთ საზღვარგარეთული ამ ნუგბარის გემო – მეც ხალისით წარმოვიდგენდი თავს უცხოეთმოვლილ მსოფლიო ჩემპიონად გოგოებში („წითელპაკრეშკებიანი“ ველოსიპედი მქონდა), ძალიან ბევრი წლის მერე კი ფხაკაძისეული გარეგნობისა და რაინდული ბუნების ხარება ჯიბუტიც მახარებდა ფილმში იმ მომენტამდე, ზემოთ რომ ვახსენე – თუში ფულს დაითრევს, რასაც ვაჟკაცების ვერაგულად დახოცვა მოჰყვება…).
.
…იმ დღეებში თელაველი მედუქნე უტრუხუნე იქადნებოდა თურმე, ვანანებ ციმო ბურკიშვილს ჩემი ძმობილების დახოცვასო. ჩავიდა ციმო თელავში, თავზე დაადგა მოქადულს. სიტყვა შუაზე გაწყვიტა უტრუხუნემ და ფეხქვეშ გაეგო – არა ტყუოდა ციმო და იმიტომ… (ისიც ხომ ცნობილია, რომ თუშებმა ხარებას გზა მისცეს, მისი გადარჩენა უნდოდათ…). თავისი სიკვდილით გარდაიცვალა ციმო ბურკიშვილი წინა საუკუნის 50-იან წლებში, არც „ცხრო და თრთოლა“ დასწყებია და არც გაგიჟებულა სხვა შემცოდე მკვლელთა დარად, საღზე საღი გონებით გავიდა ამ სოფლიდან პატივდებული. თუშებმა შელახული ღირსება დავიცავით და სიავკაცეს შევებრძოლეთ მხოლოდ..
.
ჩვენ თვითონ თუ არ წარმოვაჩინეთ ჩვენი წარსული, საიდან ეცოდინება ხელოვნების რომელიმე მოღვაწეს სინამდვილე ჩვენ შესახებ?

/თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი

ელიზბარ ცისკარიშვილის გახსენება

11 სექტემბერი ბავშვობიდან კრწანისის ომს მახსენებდა და მადარდიანებდა დამარცხებული მოხუცი მეფე ერეკლე, სამშობლოს შეწირული 5 000 საუკეთესო ვაჟკაცი, თბილისის დაცვისას გაწყვეტილი ხელოსნობა და სპარსეთს წასხმული 20 000 ქართველი ტყვე (რუსეთს რომ შევუერთდით, საქართველოს მოსახლეობა 761 000 კაცი ყოფილა, 1811 წლის ეპიდემიის მერე – 400 000 და აქედან მხოლოდ 250 000 – ქართველი…). გვიან გავიგე, რომ თურმე 20 საუკუნეა, რაც ამ დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთას მძიმე მარხვით ეგებება საქრისტიანო. აქეთ, ამ საუკუნეში, 11 სექტემბრის ტერაქტების წყებამ მთელ მსოფლიოსთან ერთად მეც შემძრა, ცხადია, აი, მანამდე კი, ამ სევდიან ამბებს შორის თითქმის ორი ათეული წელი ძალიან დასამახსოვრებელი 11 სექტემბრების მომსწრე აღმოვჩნდი სამსახურის წყალობით. „გეპეის კისინჯერს“ – ბ-ნ ელიზბარ ცისკარიშვილს ყოველ წელს დაბადების დღეს აღუნიშნავდნენ ყოფილი ხელქვეითები – უმეტესწილად მანდილოსნები, თავისივე აღზრდილები – მისი უახლოესი გარემოცვა გამომცემლობაში. ამ ძალიან შინაურულ 25-30-კაციან სუფრას, მქონდა ბედნიერება და, მეც ვესწრებოდი. თამადობდა ან ფიზიკოსი ზურა ჩაჩხიანი, ან ქიმიკოსი გივი ცინცაძე, ან სამთოელი ბორის დემეტრაძე (პროფესორები და აკადემიკოსები), ანდა რომელიმე შემოსწრებული მეგობარი ავტორი (თუ „ფეხი ჩაუვიდოდა“ – ანუ მათი რანგისა თუ იყო). იუბილეები და დიდი სუფრები ხომ ძირითადად ყველა ერთმანეთს ჰგავს, ის ჩვენი მცირე ტრაპეზი კი წარმოუდგენლად შთამბეჭდავი იყო – საინტერესო ამბების, გონებამახვილობის, უკიდეგანო ცოდნისა და მხიარულების ნაზავი. ამ დაუვიწყარი თავშეყრების სული და გული თვითონ იუბილარი იყო – ჯერ ხანდაზმული, ბოლოს უკვე მოხუცი, მაგრამ გასაოცრად ფხიზელი გონების, შემართული და ბოლომდე უზადო მეხსიერების მქონე ბატონი ელიზბარი – სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრის გამგე, პროფესორი, საქართველოს ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებლის პრორექტორი, მკვლევარი, პუბლიცისტი, ფართო ერუდიციის, პირდაპირი, უკომპრომისო, მომთხოვნი და ჩაწყობისა და გამოცდებზე ფულის კეთების მტერი. ყოველგვარი პომპეზურობა-გაფუყულობა უცხო იყო მისთვის, სტამბის უკანასკნელ მუშას პირადად იცნობდა და ხელსაც უმართავდა. პირმოთნეობას ვერ იტანდა, არც ვინმეს შექება უყვარდა: „-Хвалю, хвалю,“ – ჩაილაპარაკებდა, ეგ იყო და ეგ, აი, გაკენწვლა – გაგიხარიათ… ამიტომაც ყველა დიდ პატივს სცემდა და აშკარად, კიდეც ეშინოდათ მისი. თითქმის ყოველდღე შემოივლიდა ხოლმე, ჩვენთან ერთად მსუბუქად წაიხემსებდა შესვენებაზე და მისი წყალობით ყველაფერი ვიცოდით კულტურისა, პოლიტიკისა, ინსტიტუტისა… ახალ წიგნს ან სპექტაკლს წაუკითხავს და უნახავს არ დატოვებდა, აანალიზებდა, იწონებდა ან კრიტიკის ქარცეცხლს ატეხდა. ახსოვდა ყველაფერი – როგორ წამოსწიეს მოკლული ხარებას და გოგიას ცხედრები, რათა მათ ფონზე სურათი გადაეღოთ გაბღენძილ მაღალჩინიან პოლიციელებს, როგორ შეურაცხყვეს წმინდა ნინოს საფლავი ბოდბეში და ხალხს თავზე ნაგავი გადმოაყარეს: – აი, ეს აღმოჩნდა იქო, როგორ უმასპინძლდებოდა ჩაით და რაზე ესაუბრებოდა შვილის თანაკლასელებს მიხეილ ჯავახიშვილი… სიცილით იხსენებდა, როგორ „დაამშვიდა“ კოსტა ჯამრულიძემ საშინელი უამინდობისას მთიდან მომავალი შვილების დაგვიანებით გულგახეთქილი: – რა განერვიულებს, კაცო, თუ გადაცვივდებიან, აქ არ ჩამაატარებს მდინარეო?…
ხომ უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა და ყველაფერი შეეძლო (რექტორს რაღაც შეეშალა, გათავისუფლება ელოდა, მოჰკიდა ხელი ბატონმა ელიზბარმა და პრეზიდენტთან წაუძღვა, საქმის ვითარება აუხსნა ზვიად გამსახურდიას და პრობლემაც მოგვარდა), მე მისთვის არაფერი მითხოვია – არც მჭირდებოდა, ისედაც მწვანე გზა მხვდებოდა, საკმარისი იყო ჩემი სამსახური და ჩემი გვარი მეხსენებინა. სამაგიეროდ, რჩევას ხშირად ვეკითხებოდი და მისი მოკლე პასუხი ყოველთვის საუკეთესო აღმოჩნდებოდა ხოლმე (ბავშვი რომელ სკოლაში შევიყვანო – „რომელიც სახლთან ახლოა!“… ეს ავტორი უცნაური ჩანს – „გამომგონებლები ყველანი ცოტათი გიჟები არიან!“… შემამცივნა – „შინ რომ მიხვალ, ჩაცმული კი ნუ მიწვები და ზემოდან დაიფარებ, ტანსაცმელი გაიხადე და ლოგინში ჩაწექი!“… ქორწილის ნაცვლად პატარა სუფრას ვშლით და ვერ გეპატიჟებით – „ეხლა დიდი სუფრის გაშლა უზნეობაა, ისე უჭირს ხალხს!“… აი, იათაშვილ-ვაჩნაძის სიბილწეებიანი პოეტური კრებული – „ეგენი ავადმყოფები არიან!“…).
სხვა თუშებთან ერთად ცისკარიშვილების ფოცხორიანთ შტოს 1924 წელს რამდენიმე გამორჩეული ვაჟკაცი დაუხვრიტეს, ერთ-ერთი იყო ბ-ნი ელიზბარის მამა იოსები და 10 წლის ბიჭი ორ დასთან ერთად დედეულებმა – იმერლებმა გაზარდეს, თუმც მამის ნათესავებთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. გაჭირვება იყო და სწავლის პერიოდში ხშირად დღეში ერთი ნაჭერი პურით არსებობდა. ერთხანს ტუბერკულოზის გამო აბასთუმანში უხდებოდა ყოფნა. უაღრესად შრომისმოყვარე, უპასუხისმგებლობას ვერ იტანდა, ბრწყინვალე მოქართულემ რუსულიც არანაკლებ კარგად იცოდა; რასაც დაწერდა, აუცილებლად სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით გამართავდა (დარწმუნებული ვარ, ამ ბოლო დროს სარეველასავით მოდებულ „მამაო-დედაოს“ ან „გაიხარეს“ არამც და არამც არ აპატიებდა მოსაუბრეს)… ორჯერ მახსოვს ძალიან განრისხებული, როცა მეზობელი განყოფილებიდან თანამშრომელმა სთხოვა: ჩემს ქალიშვილს ოთხი ბავშვი ჰყავს, მეხუთეს დღე-დღეზე ელოდება, არაფერი იცის, მაგრამ ნიშანი დაუწერეთო, და როცა სადიპლომო გამოცდაზე დამსწრედ შესულს მოცულობის საზომი ერთეული ვერ დაუსახელა დიპლომანტმა…
ამას წინათ ალვანში მითხრეს: მგონი „არა თუშობდაო.“ ამბავი ჩავუტანე ერთხელ: თქვენი შვილიშვილის ტელევიზიით გამოსვლის მერე დილით აივნებიდან გასძახოდა ხალხი ერთმანეთს „- ეგ ბალღი ვისია, რომლისააო?“. ესიამოვნა, რამდენიმე დღის მერე კი მითხრა: ბევრმა შემიქო ბიჭი, მაგრამ ყველაზე მეტად შენმა ნათქვამმა გამახარაო. მახსოვს, გეპეის 70 წლის საიუბილეო წიგნს ვამზადებდით. ერთ-ერთი რექტორის სურათზე დიდი პატივისცემით მიმითითა: ეს ღირსეული კაცი თუშია, სტუდენტებს გარეთ რაღაც შეემთხვათ და ამის გამო უარი თქვა რექტორობაზე, საკუთარი ნებით გადადგაო. …თვითონაც ნამდვილი თუში იყო, სწორედ ამიტომ გრძნობების ფრქვევა, ფიცი-მტკიცი და გულზე მუშტის ბაგუნი არ ახასიათებდა…
(„არ თუშობდა“ მიხეილ ცისკარიშვილი (გიგოლიანთი), ენგურჰესის მშენებელი, რომელიც, 14 წლისა, მამადახვრეტილი, დედამ ალვანში ჩამოიყვანა, მაგრამ არ მიიღეს, არც დაეხმარნენ, ამიტომ, რა გასაკვირია, გული ჰქონოდა აყრილი ჩვენზე – დედამ და დეიდებმა გაზარდეს – და ბოლომდე ტრაგიზმი სდევდა ამ ულამაზესი, უნიჭიერესი კაცის მთელ ცხოვრებას… ასევე, აფშინაანთ არ მიგვიღია თურმე შორეული აღმოსავლეთიდან მოსალოგინებლად ჩამოსული სამანელი ვახტანგ ცისკარიშვილის გადამრჩენელი რუსი გოგო – კენკრას უკრეფდა შეყვარებულს და ღამით ჩუმად აწვდიდა მავთულხლართს იქით, გადასახლებულთა ბანაკში შიმშლით სიკვდილისგან რომ ეხსნა, აქ კი, ფეხმძიმე, უკან გაუშვეს. ორივეჯერ თავს იმართლებდნენ: „ძალიან მძიმე დრო იყოო…“ /იმ თუში რექტორის ბიოგრაფიას ორ დღეში დავპოსტავ პორტრეტიანად, ბ-ნი ელიზბარის ფოტოსურათი კი, იქნებ ვინმემ არ დაიზაროთ და თუშების შეკრების ფოტოდან ამოჭრათ, მე დახმარების გარეშე ვერ შევძლებ…/).

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

ივანე ცისკარიშვილი (ვანო აფშინაშვილი) (1910-1980)

„როცა კაცი რაიმეს მოყოლას იწყებს, რა თქმა უნდა, რომ ჯერ თავისი თავი უნდა გააცნოს ადამიანს და მერეღა სხვა ამბავზე გადავიდეს.
მე ვარ დაბადებული ალვანში, გურგალჭალაში, 1910 წელს, აფშინაანთ ვანო, ალექსის ვაჟი, ცისკარიშვილი.
მამა რომ მომიკვდა, მე სამი წლისა ვყოფილვარ, ჩემი უმცროსი ძმა კი – ერთი წლისა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედაჩემს 7 შვილი დარჩა. იფიქრეთ იმ დროში 7 ბავშვის გაზრდა, რა დღეში ჩავარდებოდა! 9 წლისა ვიყავი, როცა დედისძმამ ლეკის მთაზე წამიყვანა, ლეკის მთიდან კი – შირაქში. იმ ზამთარს თათრებში მიმაბარეს თათრულის სასწავლად. თათრული ენა თუშებისთვის საჭირო იყო. გაზაფხულზე თათრებისგან წამომიყვანეს და პირდაპირ ლეკის მთაზე წავედით. ლეკისმთიდან შირაქში, შირაქიდან ლეკის მთაზე – ასე ერთი 6 წელი გავიდა. ექვსი წლის თავზე შინ გამომიშვეს დედასთან სამი დღით. სამი დღის მერე – ისევ შირაქში.
როცა პირველად შირაქში წამიყვანეს, მეცხვარეები ქოჩადალაზე იწყებდნენ ლაპარაკს და უფროსი კაცები თავებს დაკიდებდნენ ხოლმე, ზოგიერთებს კი თვალები ცრემლებით ევსებოდათ. ვფიქრობდი, ნეტა რის თქმა უნდათ ამათ-მეთქი… გავიდა წლები. გავიზარდე 20 წლისა, სხვადასხვებთან გადასვლა-გადმოსვლით.
ერთ გაზაფხულს გვიან ამოვედით მთაში, საქისტოში დავრჩით, საქისტოში დავდევდთ ცხვარს.
ერთ სიცხიან დღეს წყალი დავლიე საქისტოს წყაროზე და ავედი ზევით, წვერზე, და გადავიხედე ქოჩადალისკენ. გამახსენდა იმ მეცხვარეების, მოხუცებული ხალხის ნალაპარაკევი. ათასრვაასიანი წლების ბოლოს ადრიანად დაძრულიყვნენ მეცხვარეები და თუშების ცხვარს გადაეთეთრებინა კახეთის ხეობა. წინ წასულიყო ერთი 4-5 ფარა და მისდგომოდნენ ძიბახევს ღამის იქ გასათენებლად (ცუდი დღეები, წვიმიანი). დილა გათენდა და, მეცხვარეს წინ რა დაუდგება, ააღწიეს წინაგორასთან გადაუღებელ წვიმაში. ავიდნენ ტბათანაში. სამი-ოთხი ნაჟტარი ქოჩადალაში ჩასულიყო ღამის გასათევად, მაგრამ წვიმა -ისეთი, რომ დედას ერთადერთი შვილი არ გაახსენდებოდა. შეიძლება ღამით უვახშმოდაც დაწვნენ დასაძინებლად. თითო ნაჟტარში 3200 – 3600-მდე ცხვარი ყოფილიყო, 7-8 კაცი, იმდენივე ძაღლი, იმდენივე ვირი და სამ-სამი – ოთხ-ოთხი ცხენი, რომლებიც მეორე დილას უკან უნდა ამობრუნებულიყვნენ კახეთში (ორი-სამი კაციც – თითო ბინიდან), სხვები კი უნდა წასულიყვნენ მთებით თუშეთისაკენ. …მაგრამ, ძალიან კოკისპირული მოდიოდა და ალბათ ხანდახან მეცხვარე ნაბადსქვემოდან თუ დაუსტვენდა ძაღლებს, რომ ნადირს არაფერი წაეღო…
მაგრამ, იმათ საუბედუროდ, ქოჩადალის მთები ერთმანეთისკენ ჩამოქცეულიყვნენ და ღვართქაფს წაელეკა ყველა, ოთხივე ნაჟტარი*. გორაობით, ყოველივე გზად შეხვედრილის გლეჯით ჩაგორებულიყო ალაზანისკენ, უკან შიშველი კლდეებისა და ღრმა ღრატეების დატოვებით. ამ დროს ალაზანი, ბორბალოდან გადმომსკდარი, კლდიდან კლდეზე თამაშით ხეობისკენ მოდენილიყო, გზადაგზა პატარ-პატარა ხეობების შემომატებით, ღვარად იქცეოდა და აქეთ-იქითა მთებზე ხეთქებით ქაფდებოდა თურმე, როგორც დაჭრილი გარეული ტახი, ყვიროდა და ღმუოდა, როგორც იანვარში დამშეული მგლების ხროვა… და გაგიჟებული ალაზანი ბრუნავდა მთების შუა, ხან აქეთ ეხეთქებოდა, ხან იქით, სადაც რბილი ადგილი შეხვდებოდა, გლეჯდა თურმე და თან მიჰქონდა, როგორც ნადავლი[?]. აი, დაიჭირა ქოჩადალის ჰარსი [?] და თან წაიღო კახეთისკენ. როცა მთები ჩამოთავდა და ტყეები ჩამოწყდა, ჩამოჩნდა პანკისის ვაკეზე. იქიდან დაწყებული ქვევით, ქვევით, ალაზნის ფონამდე მთის მიწასა და ლაფში, შანტალში გახვეულებს, დამრგვალებულებს, გზადაგზა გოხებივით ისროდა ადამიანების, ცხვრების, ვირების სხეულებს…
შორს აღარ ჩავუყვები და, გალისგან მოჭრილ კაპებიან ჯოხზე ტანდაყრდნობილი ვიდექი, ვუყურებდი ამ საზარელ ხეობას, ვუყურებდი სალ კლდეებსა და ჩამოგლეჯილ ქანჩახებს, ჩაღრმავებულ ხეობას, რომელიც დღესაც კიდევ არსად არის გასწორებული.
ასეთ ფიქრებში ვიდექი და უცებ აღმოვაჩინე, რომ მზერა გამპარვოდა ტბათანისკენ და თურმე ერთ სახლში იყურებოდა, რომელშიც ერთი ლამაზი გოგო ცხოვრობდა და ბევრ თუშის ბიჭს ედგა თვალი. ჩემდაუნებურად მუხლებზე დავეცი, ჯიბიდან რვეულ-ფანქარი ამოვიღე და დავიწყე ქაღალდის წერა. ეს პირველი ქაღალდი იყო ჩემგან გოგოსთვის: „გახედე გაღმა, ცივგომბორის მთებს…“**
შუაში დიდმა ხანმა გაიარა და პასუხი არ მიმიღია.
ერთ დილას ადრიანად ავდექი და ამხანაგი გავაღვიძე, ვუთხარი: დღეს შენ გაჰყევი ცხვარს და საღამოს დროზე დავბრუნდები, მე ტბათანაში მივდივარ…
ჯერ კარგად გათენებული არ იყო, დილაბინდში ჩვენი სახლის წინ მივდგებ-მოვდგებოდი. ამ დროს გამოვიდა დედაჩემი ხელში ვედროთი. მითხრა: შედი, დაწექიო, თვითონ კი ძროხებთან ჩავიდა მოსაწველად. გავხედე: ბილიკზე ადამიანი მიდის წყალზე. – ის არის! თვითონ ისაა, ის არის! – გავივლე გულში. ჩამოვიდა თავდახრილი, წყაროს ჭურჭელი შეუდგა, თავდახრილივე დადგა. მე ცოტ-ცოტა დასტვენით ჩავიღიღინე რაღაც. იქ ქვაბს ფეხი გავკარი, ვედრო გჰადავაყირავე იქით, მაგრამ მან არ გამოიხედა ჩემკენ. არც შორი იყო, ექვსი-შვიდი მეტრი იქნებოდა შუაში. ქვაც ჩავაგორე წყაროს გვერდიდან, მაგრამ არა, არ ამოიხედა. ჭურჭელი რომ აავსო, წამოავლო ხელი და თავდახრილივე წავიდა… ჩემს გულს ძალიან ცუდად მოხვდა ეს ამბავი. ამასობაში დედაჩემიც მოვიდა, რძით სავსე ვედრო დადგა და კარგობა მკითხა. ვუთხარი: დედა, ეხლა უნდა წავიდე. – რატომ, რა ამბავია? გადი-გამოდი ტბათანაში, შუადღის მერე წადიო. მე მოვიტყუე: – ტყვიებისთვის მოვედი, ტყვიები გამითავდა, კარჩხოზე კი თოფი – ჩემი სამოციანი ყათარი დავტოვე. დედაჩემმა უცებ რძე აადუღა, დათხური გააკეთა, ერბოკვერცხი გააკეთა – მაგიდა გაშალა. მე იქ პური არ მიჭამია, ერთი ჭიქა რძე კი დავლიე. წავედი გზადაგზა ფიქრით: საბრალო, სხვების დაქირავებული მწყემსი, მეცხვარე – ვის რად უნდიხარ, ის კი მქონე ხალხის შვილია… ავედი. ვერ გავიგე, როდის ავედი, ვერ გავიგე ან ცხვარი როდის დააყენეს ნაწიდარში, სანამ ჩემმა ამხანაგმა მხარზე ხელი არ დამკრა, თან მკითხა: ტბათანელი გოგოები როგორ არიანო? – რა უჭირთ-მეთქი. ვჭამეთ და დავწექით.
მეორე დღეს ცხვარს გავყევი. სიცხიანი დღე იყო.
წინ გამოვეყავი ცხვარს და ავედი საქისტოს ღელეში, წყაროზე. წყალი დავლიე და ისევ ავედი იქ. ქოჩადალიდან ძალიან რბილი ნიავი უბერავდა. გაგრილებული დავჯექი და შევუდექი მეორე ლექსის წერას ასე: „რატომ მიწყრები, ქალაო,..“
ბევრი ასეთი ლექსი ვთქვი, ზოგი გრძელი,ზოგი მოკლე, მაგრამ ჩემი ფანქარი ჩლუნგი აღმოჩნდა, ქაღალდს სტრიქონები ვერ დაატყო. ლეკების მთებიდან დაწყებული, ფშავ-ხევსურების მთებამდე, ყველგან ვიარე, ყოველ მაღალ მწვერვალსა თუ მომრგვალებულ ბორცვზე, ყველგან, სიპებზე ვწერე დანის წვერით, მაგრამ ისინიც ქარიშხლებმა და დიდმა წვიმებმა წაიყოლა, აღარ ატყვია, აი, ხომ ხედავთ, ცარიელი ხელებით შემოგრჩით…
არა მაქვს ორდენი, არა მაქვს მედალი, ეს იმიტომ, რომ მე ბუჩქებზე ჩაი არ მიკრეფია. თუ როდისმე მეცხვარისთვის მედალი მიუციათ, ისიც იმ მხრისკენ, სადაც ჩაი იკრიფებოდა.
ეს, რაც ეხლა დღეს ვთქვი, არსად წერია, ეხლა კი მეცოდინება, რომ დაიწერა – იმ მეცხვარეების მოსაგონარი, რომელი მეცხვარეებიც ქოჩადალის ხეობას შეეწირნენ; ჩემიც, აფშინაანთ ვანოსი, ალექსის ვაჟისა, ცისკარიშვილისა, იმიტომ, რომ ის წარსული დრო, ძველი, დღეს გავიხსენე და დავტოვე ხალხში.“
.
* ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა იქნებ ვინმემ იცოდეს…
** ეს ლექსები ქართულად იყო და, სადღაც გამებნა…

ივანე ცისკარიშვილი (ვანო აფშინაშვილი) (1910-1980) /ჩაწერილია 1979 წელს წოვათუშურად/

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი