ავდარია ქედებზე (იზას)

თუშეთი

თუშეთი

ქარი მთებზე ჯირითობს,

ქარმა ჯანღი დაწეწა,

ჩადგა ღამე ხევებში,

ფრთები მძიმედ დაკეცა.

თალხი ბინდი ჰკიდია

ტყის კენწერო წვერებზე,

ტყდება ელვა დროულად,

ავდრობს ბებერ სერებზე.

ქოხის თავზე იბნევა

წვიმის კრიალოსანი,

შორით მოჩანს კერასთან

შავი მანდილოსანი.

გადალეულ დედის გულს

დღეს ჯანღებმა აუწყეს,

თურმე იმის ობოლას

დანით გული გაუპეს.

ერთადერთი ნუგეში

ბალახივით გადახმა,

თითქოს ტყიურ მოზარედ

ყმუის მგელი გადაღმა.

ავდარია ქედებზე,

დედის გულშიც ქარია,

ბოღმა ცრემლად ნაჟური

თითქოს ნიაღვარია.

ჭირნახული ღაწვები

ჯავრმა უნდა დაადნოს,

მთაში ქისტი გოგონა

აღარ მოვა არასდროს.

ღამე დაყუდებულა

ქოხის მიწნულ კარებთან.

დედას ბოღმა აწუხებს

ცრემლი ბზინავს თვალებთან.

ავდარია ქედებზე,

ქოხთან ქარი ხრიალებს,

დედის შავი მანდილი

კლდოვან ქიმზე ფრიალებს.

 

1936 წელი, ივნისი. ადამ ალვანელი /ბობღიაშვილი/

 

 

1936 წელს თბილისში მოკლეს ქისტი გოგონა იზა ფარეულიძე.

 

This entry was posted in პოეზია. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი