რა იქნებოდა, საქმის მცოდნე თუშებს უჯერებდნენ და ბევრს არ იღებდნენ საკუთარ თავზე…

ქართველთა ფრანგმა მეგობარმა, ჩვენი ისტორიის დაუღალავმა მკვლევარმა მარი ბროსემ (1802-1882) დამოუკიდებლად შეისწავლა ქართული ისე, რომ ისიც კი არ იცოდა ზუსტად, რამდენი ასონიშნისგან შედგებოდა ჩვენი ანბანი (ჩვილობაშივე მამით დაობლებულმა ღატაკმა მასწავლებელმა ამ დროს უკვე იცოდა ბერძნული, ჩინური, სომხური, რუსული…). მალე იგი სრულყოფილად დაეუფლა ქართულ ენას და მრავალწლიანი ოცნებაც აიხდინა – საქართველოში ჩამოვიდა. აი, რას წერს რუსუდან დოდაშვილი წიგნში „მარი ბროსე“ (თბ., 1962, გვ. 38):
.
„1847 წ.12 სექტემბერს ბროსე გაემგზავრა თელავს, სადაც 26 სექტემბრამდე დაჰყო. გზად მარტყოფიც მოინახულა, ეწვია ალავერდს, იყალთოს. თელავში მასპინძლობას რაფიელის მამა დავით ერისთავი უწევდა. მან ბროსე წაიყვანა ქისტაურში თუშეთის, ალვანის ველის სანახავად. სოფელ მატანში დაესწრნენ ლეკების მიერ მოკლული მიხეილ ჩოლოყაშვილის დასაფლავებას, რომელზეც სიტყვა წარმოთქვა რაფიელ ერისთავმა და თავისი განათლებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბროსეზე. მათი ნაცნობობა, მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა ბროსეს სიცოცხლის დასასრულამდე არ შეწყვეტილა. ბროსემ აქ გაიცნო თუში, თბილისის სემინარიადამთავრებული მღვდელი იკობ ცისკარიშვილი, რომელიც შესანიშნავად ლაპარაკობდა რუსულ ენაზე. შემდგომ ცისკარიშვილი დიდ დახმარებას უწევდა ბროსეს: პეტერბურგში გაუგზავნა „ახალი აღთქმის“ თუშური ტექსტი, ქისტური და თუშური ლექსები, რუსულ-თუშური ლექსიკონი, თუშური გრამატიკა“.
.
1848 წელს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მარი ბროსეს აჩუქა (მან კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს გადასცა) ჩვენამდე ერთადერთი ხელნაწერით მოღწეული პოემა „შაჰნავაზიანი“. ამ ისტორიული პოემის ავტორია ფეშანგი, შაჰნავაზად სახელდებული ვახტანგ V-ის კარის პოეტი. ხელნაწერის აღწერა და მოკლე შინაარსი კომენტარებითურთ ბროსეს ეკუთვნის, შემდეგ კი ის შეისწავლა და გამოსცა გიორგი ლეონიძემ. პოემას აქვს წამძღვარებული მცირე პროზაული ნაწილი – ისტორიული მომოხილვა და იწყება პროლოგით, სულ 1151 სტროფია, 16-მარცვლიანი რუსთველური შაირით დაწერილი. ავტორია ფეშანგი ხითარაშვილი, არჩილ მეფის თანახმად, გორელი სომეხი, მეტსახელით ფაშვიბერტყაძე, რომელიც რატომღაც ცხვირის მოჭრით დაუსჯიათ. ავტორის თქმით, აღწერა ის, რაც თვითონ ნახა – როგორც ჩანს, ვახტანგ მეფეს თან დაჰყვებოდაო, -ასკვნის კორნელი კეკელიძე (დიდი მეცნიერი, ძველი ქართული ლიტერატურის უბადლო მკვლევარი).
პოემა აშკარად ტენდენციურია, ფაქტები შეცვლილია, მრავალი უზუსტობაა ვახტანგის მეფობის ერთი მონაკვეთის – შვიდწლიანი (1658-1664) ამბების გადმოცემისას, მაგრამ ჩვენთვის მაინც საინტერესოა, რადგან საუბარია თუშებზეც. გთავაზობთ ციტატას კ. კეკელიძის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (ტ.2, , თბ., 1958 გვ. 503 – 504):
„კახთ ბატონიშვილი ერეკლე იზრდებოდა რუსეთის მეფის კარზე. ყმებმა ურჩიეს მას მიემართა თუშებისათვის და მათი დახმარებით კახეთი დაებრუნებინა. ერეკლე წამოვიდა რუსეთიდან და მოვიდა თუშეთს, სადაც სამზადისს შეუდგა. თუშების ჯარი შეიკრიბა ბორჯალზე. ეს რომ შაჰნავაზმა გაიგო, მყისვე მოუწოდა ოთარ ერისთავს, შეუერთა მას თავისი ძმა ბაგრატი, მდივანბეგი ედიშერი და ასიათასამდე ჯარით გაეშურა ერეკლეს შესახვედრად, რომელიც უკვე ქიზიყს ჩამოსულიყო. შაჰნავაზს შეუერთდნენ აგრეთვე არეზს აქეთი ხანები. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა, რომელშიაც თავი ისახელეს ოთარმა, ედიშერმა და ბაგრატმა. თუშებს სულ მუსრი გაავლეს. ძალიან ცოტა გადარჩა მათ შორის ცოცხალი. ერეკლე გაიქცა და სადღაც შეაფარა თავი. გამარჯვებულმა შაჰნავაზმა თუშებს მოსთხოვა ბეგარა, თუ არადა, შემოვალ ჯარით და სულ ერთიანად აგანაცარტუტებთო. თუშებმა შეუთვალეს: რითაც შეგვიძლია, გემსახურებით, მხოლოდ აქ ნუ შემოხვალ, თორემ ავიყრებით, დაღესტანში გადავსახლდებით და რჯულსაც გამოვიცვლითო. ომში დახოცილი თუშების თავები ათასი აქლემით ერანს წარგზავნეს ყეენთან. ყეენმა დიდი ქება და საჩუქრები მოუძღვნა შაჰნავაზს ასეთი საგმირო საქმისათვის.“ …
„სვეტიცხოვლის წინ არჩილს შეჰფიცეს ერთგულება იქ მყოფმა კახეთის თავადებმა. ამის შემდეგ გადავიდნენ კახეთში. მეფემ მთელი თვე დაჰყო იქ, გაარიგა სამეფო საქმეები, განამტკიცა არჩილი ტახტზე და უკანვე მობრუნდა. რამდენიმე ხნის შემდეგ შაჰნავაზმა მოინდომა შვილის ნახვა, შეჰყარა დიდებულები და ჯარი და გაუდგა გზას კახეთისაკენ. არჩილს მეტად გაუხარდა ეს ამბავი, გამოეგება წინ და უჯარმაში შეხვდა მამას. აქედან გადაიარეს გომბორი, ჩავიდნენ ირტოზას და გამართეს დიდი ლხინი და ზეიმი. აქ მეფეს დაღესტნიდან ეახლა მოციქული, რომელმაც მას ლეკებისაგან სამსახური გამოუცხადა და შესთავაზა დახმარება თუშთა წინააღმდეგ: მივალთ და დავიჭერთ მას, ვინც „თუშეთსა არის მჯდომი“ და მოგგვრითო. მეფემ მადლობა შეუთვალა, მაგრამ დახმარებაზე უარი თქვა: ჩემს მტრებს მე თვითონ ვეყოფიო. ამ დროს მეფეს განუდგა ყორჩიბაში ბარამი შვილებითურთ. მან გაგზავნა კაცები თუშეთს და ერეკლე ბატონიშვილს შეატყობინა: ამჟამად ორივე მეფე აქ, კახეთს იმყოფება ლხინსა და განცხრომაში,ჯარი დაითხოვეს, მეტად ხალვათად არიან, წამოდი, წამოიყვანე თუშები და თავს დავესხათო. მოციქულებს თვითონაც მიჰყვა უკან შვილებითურთ, მათ შეუერთდნენ აგრეთვე ბოდბელი და რამაზაშვილი. შეიყარნენ თუშეთს. შეკრიბეს თუშები, ფშავნი, ხევსურნი, დურძუკნი და ღლიღვნი და გამოემართნენ კახეთისაკენ ერეკლეს წინამძღოლობით. ერეკლემ მეფეებთან წინასწარ გამოგზავნა ჯაშუშად შვიდი თუ რვა თუში, რომლებსაც მათთვის ერთგულება უნდა განეცხადებინათ მთიულთა მხრით, ნამდვილად კი მათი მდგომარეობა უნდა დაეზვერათ. ჯაშუშებმა დავალებული საქმე პირნათლად შეასრულეს, დაბრუნდნენ უკან და ერეკლეს მოახსენეს, რომ მეფენი მართლაც კახეთს არიან, ქეიფობენ, მაგრამ მარტონი არ არიან, თან ჯარიც ჰყავთ იმდენი, რომ შენზე ათჯერ უფრო ძლიერნი იქნებიანო. მათ გაუჯავრდა ვიღაც ხოხონა, რომელმაც ლაჩრობა შესწამა მათ. მაშინ ბარამმა თქვა: მე ვიცი, რომ შაჰნავაზი და შაჰნაზარი მძლავრები არიან, მათთან გამკლავება არც ისე ადვილია, წავიდეთ და დავდგეთ გრემს, იქიდან კი „კაცი გავგზავნოთ, იყოს მათთანა ხმობილი,/ ტკბილი შევსთვალოთ პასუხი, არ იყოს სიტყვა-გმობილი,/ ნუ თუ მიგვხედოს წყალობით, არ დავრჩეთ ლახვარ-სობილი“. ბარამს არ გაუგონეს და წამოვიდნენ მუქარით, გამოვიდნენ ალაზანს, წინ მიუძღოდათ განდგომილნი კახნი, შემოიარეს მინდორი და მომართეს დიდ მეფეს. შუაღამისას შეუტიეს ანაზდეულად და დაიწყო სისხლის ღვრა. მეფემ გაიგო თუ არა ეს მოულოდნელი ამბავი, განრისხდა და აღიჭურვა. შაჰნაზარიც მოემზადა საომრად. გაემზადნენ აგრეთვე მდივანბეგი, სარდარი ზაზა, ბარათიანნი, მარჯვენის დროშის პატრონი ამილახორი, ბატონიშვილები კონსტანტინე და ბაგრატი (შაჰნავაზის ძმები) და სხვა დაიწყო გაშმაგებული ომი, რომელშიც თავი ისახელეს: იესე ერისთავმა, მანუჩარ თუმანიშვილმა, ბაინდურ ნაზირმა, ჯიმშიტა თურქესტანიშვილმა, გაბაანთ და სხვ. გათენებისას კვლავ განახლდა ბრძოლა, მტერს სულ ერთიანად მუსრი გაავლეს და სდიეს უკან ალაზნამდე და იალბუზის მთამდე. ერეკლეს დროშა წაართვეს, მას აღარავინ შერჩა, ასე რომ, დედას მიჰმართა. გამარჯვებულები დაბრუნდნენ უკან და ერთმანეთს ულოცავდნენ მტრის დამარცხებას. შეაგროვეს სამი ათასი თავი, რომელსაც ტყავი გააძვრეს და და თივით გასტენეს, ხოლო თავის გოგრისაგან ამართეს კირზე ნაგები კოშკები შემდეგში თუშთა დასაშინებლად. ეს სასიხარულო ამბავი დაუყოვნებლივ თბილისში აცნობეს დედოფალს. ამასთანავე მოიწვიეს გონიერი და დახელოვნებული მწიგნობარი და ყეენს მისწერეს წერილი და დაწვრილებით აუწყეს მტერზე გამარჯვება, თან სადემონსტრაციოდ აქლემებით გაუგზავნეს მას თივით დატენილი თუშთა თავები. ყეენს მეტად ესიამოვნა ეს ამბავი და და საპასუხოდ მადლობისა და ქების წერილი გამოუგზავნა მათ“.
ეს მომხდარა 1664 წლის შემოდგომას…
(ფეშანგი არ ამბობს, რომ ერეკლე პირველი გვირგვინოსანთა უშუალო ძე იყო, ხოლო ვახტანგ მეხუთე – როსტომ ხანის ნაშვილები, ძე თეიმურაზ მუხრანბატონისა).
.
(არავინ იცის, გზაში მოწამლეს თუ თავი მოიკლა ყაენთან დაბარებულმა შაჰნავაზმა…)
.
რა იქნებოდა, ერთმანეთს მტრად არ მოვკიდებოდით და ერთმანეთი არ გვეხოცა ქართველებს!.. რა იქნებოდა, ეს ხოხონები და მენთეშაშვილები (ჯარეგოში ვისი სიბრიყვის გამოც გვხოცეს) საქმის მცოდნე თუშებს უჯერებდნენ და ბევრს არ იღებდნენ საკუთარ თავზე…

/თინათინ ცისკარიშვილი/

This entry was posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები. Bookmark the permalink.

1 Responses to რა იქნებოდა, საქმის მცოდნე თუშებს უჯერებდნენ და ბევრს არ იღებდნენ საკუთარ თავზე…

  1. კობა ამბობს:

    ჯარეგოს ამბავზეც რომ დაწეროს ვინმემ, კარგი იქნება. საკმაოდ მივიწყებულია და ცოტამ თუ იცის, რაც მოხდა.

დატოვე კომენტარი