თუშეთი

თუშეთი ფოტო:რეზო წააძე

თუშეთი
ფოტო:რეზო ქააძე

თუშეთი, ალვანში მცხოვრები თუშების მამა-პაპათა ისტორიული ადგილებია, საიდანაც თუშები მძიმე პირობების გამო ბარში ჩამოცხოვრდნენ და დაარსეს სოფლები:ზემო ალვანი და ქვემო ალვანი. დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო (ადმინისტრაციული ცენტრი), შენაქო, დართლო და დიკლო. ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო, ბოჭორმა და ა.შ. ზაფხულის პერიოდში თუშეთი მოსახლეობით ივსება, რომლის რაოდენობა ტურისტებთან ერთად ყოველწლიურად იზრდება.

თუშეთის რუკა

თუშეთის რუკა

თუშეთის ისტორიული მხარე მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. იგი მთლიანად მოქცეულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით – დაღესტანი (რუსეთის ფედერაცია), სამხრეთით – კახეთი, დასავლეთით – ისტორიული ფშავი და ხევსურეთი. საეთო ფართობი 825 კვ. კმ. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი თებულოსმთაა (4492 მ), ყველაზე დაბალი (1490 მ) – მდინარე თუშეთის ალაზანი (ანდის ყოისუ) დაღესტნის საზღვართან.

საქართველოს რუკა, თუშეთი.

საქართველოს რუკა, თუშეთი.

სამხრეთ საზღვარი გადის კავკასიონის მთავარი ქედზე, პატარა ბორბალოს მთიდან (3313 მ) მწვერვალ შავიკლდემდე (3578 მ), დასავლეთის – აწუნთას ქედზე, პატარა ბორბალოდან თებულოსმთამდე (4492 მ).  ჩრდილოეთის – თუშეთის ქედზე, თებულოსმთიდან დიკლოსმთამდე (4285 მ), ხოლო აღმოსავლეთის – ახათლისა და ბუციბაცის (სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ) ქედებზე, რომელთა შორის მიედინება მდინარე თუშეთის ალაზანი.

თუშეთი. მაკრატელას მთა. ფოტო:ევა მურთაზაშვილი

თუშეთი. მაკრატელას მთა.
ფოტო:ევა მურთაზაშვილი

გარდა იმ ქედებისა რომლებიც თუშეთის საზღვრებს წარმოადგენს, იგი ორად იყოფა პირიქითა ალაზნის (მაკრატელას) ქედით, რომელიც აწუნთას ქედიდან იწყება, აღმოსავლეთისკენ მიემართება და მდინარეების პირიქითა ალაზნის და თუშეთის ალაზნის შესართავთან მთავრდება. ქედის უმაღლესი წერტილია მთა ცივა (3380 მ).

თუშეთი. ალაზნის სანაპირო ფოტო:ქალდე ქვრივიშვილი

თუშეთი. ალაზნის სანაპირო
ფოტო:ქალდე ქვრივიშვილი

თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითი ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიედინება ანდის ყოისუს სახელწოდებით. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითი ალაზანი აწუნთა-ტებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლის და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.

პირიქითის ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი — ლაროვანის წყალი.

ზემო დინებაში პირიქითა ალაზანს ქვახიდისწყალი ჰქვია. პირიქითა ალაზანს ძირითადი შენაკადებია – ლაროვანისწყალი, დიდი ხევი. ქვახისდისწყლისა და ლაროვანისწყლის შესართავიდან მდინარეს პირიქითა ალაზანი ჰქვია. ამ შესართავის თავზე მდებარეობს ნასოფლარი ჰეღო თავისი ციხეებით. საიდანაც საუცხოო ხედი იშლება.

ჰეღოს ციხეები. ქვახიდის ალაზანის და ლაროვანის ალაზანის წყლების შესართავი. აქედან ალაზანი მიედინება პირიქითის ხეობისკენ. ფოტო:ილია ქააძე

ჰეღოს ციხეები. ქვახიდის ალაზანის და ლაროვანის ალაზანის წყლების შესართავი. აქედან ალაზანი მიედინება პირიქითის ხეობისკენ. ფოტო:ილია ქააძე

 

 

ზემო დინებაში პირიქითა ალაზანს ქვახიდისწყალი ჰქვია. პირიქითა ალაზანს ძირითადი შენაკადებია – ლაროვანისწყალი, დიდი ხევი. ქვახისდისწყლისა და ლაროვანისწყლის შესართავიდან მდინარეს პირიქითა ალაზანი ჰქვია.

თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინება.

თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია.ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200მ. ტბებიდან აღსანიშნავია ორეთის (უძირო) ტბა, რომელიც შედარებით ადვილი მისასვლელია.

თუშეთი. უძირო ტბა

თუშეთი. უძირო ტბა

თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. „ჩიღოს წყალი“ ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს, ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი, სოფელ ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან, ნასოფლართან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლები, ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი. სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები.

თუშეთი მდიდარია თავისი ფლორა და ფაუნათი ,მის მრავალფეროვნებაზე ბევრია სათქმელი, რომელსაც შემდგომში გავაგრძელებთ.განსაკუთრებით გამოირჩევა თუშეთის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი) აგრეთვე თუშეთის არქეოლოგია და ისტორია.  თუშეთის ყოველი კუთხე თავისი დღეობებით და ადათ წესებით ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. თუშეთზე დასაწერი არასდროს გამოილევა…

მონაცემების წყარო და გამოყენებული გვერდები:

https://ka.wikipedia.org/wiki/

http://www.dzeglebi.ge

About lotir

my hobby
This entry was posted in თუშეთი. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი