ნისლი /არჩილ კიტოშვილი/

თუშეთი. ფოტო:რეზო ქააძე

თუშეთი

არჩილ კიტოშვილი. დაიბადა 1923წელს. ზემო ალვანში

არჩილ კიტოშვილი

ნისლი

– რას ფიქრობ, ნისლო ტიალო,
შემჯდარო გორის ფხაზედა?
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?

იქნება მტერი დაგეცა,
რისხვა გაწვიმა თავზედა,
ან იქნებ შენი მიჯნური
შენს რაყიფს უწევს მკლავზედა?

განა შენც იცი ჯავრობა,
რისხვით ანთება წამზედა?
შენაც თუ იცი ტირილი,
ცრემლის დაგუბვა თვალზედა?

ან თუ შეგიძლი ალერსი,
ან დამწუხრება ძალზედა,
ანდა თუ გყავის ნანდობი
უტურფეს ქვეყანაზედა,

ან თუკი ჰგრძნობ რას ამ ქვეყნად,
ჰფიქრობ ავსა და კარგზედა?
– ჰაი, ჰაი, რომ მეც ვფიქრობ,
შესხმა მეც ვიცი ფრთებისა,

თავად ფიქრი ვარ, ნაფიქრი
დილის მაღალის მთებისა;
გული მეც გამიხარდების,
რისხვითაც ამენთებისა;

მეაც შემიძლი ჯავრობა,
თვალზედაც ცრემლი მწვთებისა,
ჩემი ცრემლია, დილით რომ
ბალახზედ ნამი დგებისა;

მეაც შემიძლი ალერსი
ჩემი ძმების და დებისა;
თუმც კი მაღლა ვარ მთაზედა,
დარდი მე აქაც მწვდებისა;

მეაც მყავ ჩემი ნანდობი –
მწვანე კალთები მთებისა,
იმათ ენაცვლოს ჩემ თავი,
ეს გული მათთვის ჰკვდებისა!
1940 წ.

 

 

About lotir

my hobby
This entry was posted in პოეზია. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი