სიმონ მასწავლებელი (1928-1990)

მეგობრებო! 5 იანვარს 90 წლისთავი სრულდება ყველასთვის საყვარელი სიმონ გარსევანიძის დაბადებიდან. მეცხვარე ანდრო გარსევანიშვილის ოჯახში დაიბადა, ურთიერთსიყვარულით შემსჭვალულ და-ძმებს შორის აღიზარდა, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და 5 წელი ქვემო ალვანში, მერე კი ზემო ალვანში ემსახურა ბავშვთა აღზრდის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს. ეს დიდებული ადამიანი, ნამდვილი პედაგოგი – მცოდნე, სპეტაკი, განათლებული და გულისხმიერი, მათემატიკას ასწავლიდა და აყვარებდა მოსწავლეებს; იყო დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში და მისი კოპებშეკრული, საგანგებოდ მოღუშულ-მომრისხანებული სახის მიღმა უსათუთესი, უთბილესი გული იმალებოდა. სიტყვაძუნწი ჩანდა, მაგრამ უცებ ისე მოგმართავდა, ისეთ სიყვარულიან მზერაში გაგხვევდა, მთელი სამყარო კეთილშობილი ხალხით დასახლებული გეჩვენებოდა. ყველა გოგოს თებროს ეძახდა, „-თებროებოო,“ – დაგვიძახებდა და სიხარულით ვასრულებდით ყველა მის მითითებას. ვიცი, უამრავი რამ მოაგონდება ყველას, ვინც ამ დიდბუნებოვან კაცს იცნობდა და, ვფიქრობ, გაიხსენებს – მის ლექსსა თუ ბიბლიოთეკას, რაიმე ეპიზოდს… ვინც მისი დაბადების დღეს ეკლესიის სიახლოვეს მოხვდება, ალბათ სანთელსაც დაუნთებს, ანდა შინ იტყვის მის შესანდობარს…
.
გთავაზობთ ასევე ჩვენი მასწავლებლის მიერ წლების წინ დაწერილ საგულისხმო წერილს…
.
„თქვენ ჩვენს თვალწინ დგახართ!
უკვე ერთი წელი გავიდა, ჩემო დაუვიწყარო სიძევ და მეგობარო სიმონ, რაც ჩვენ შორის აღარა ხარ, ყუჩადა წევხარ, შენ წილ ვალმოხდილი, სამების კარზე… ალალი და უსაყვედურო იყოს, მეგობარო, მამა-პაპათა ხმლითა და სისხლით მოპოვებული თბილი და ტკბილი ალვანის მიწა.
მწუხარებითაა ჩვენი გულები სავსე შენი უდროოდ და მოულოდნელად წასვლით ამ ქვეყნიდან. შენ, როგორც ჯარისკაცი ბრძოლის ველზე, კალმით ხელში შუა გამოცდაზე დაეცი ვაჟკაცურად.
დაძაბული ჭკუა-გონებით უსმენდი ბავშვებს, და აი, უცებ გულმა უარი გითხრა სამსახურზე, თვალთ დაგიბნელდა, უღონოდ ჩამოეშვი სკამიდან და გამოეთიშე სამყაროს. ატყდა განგაში, ყველაფერი იღონა მაღრაანის პედკოლექტივმა შენ საშველად, მაგრამ ამაოდ, შენი ყველაზე ახლობელი და ერთგული მეუღლე ტასოც სასწრაფოდ მოგიყვანეს, იქნებ ხმა ამოიღოსო. ალბათ ახლობლის ხელისა და გულის სითბო იგრძენი, თვალები გაახილე, რაღაც წაიჩურჩულე, თვალთაგან უძეო კაცის ნაღველითა და ბოღმით სავსე ორად ორი ცრემლი გადმოგიგორდა…
ერთი კვირა იწექი საავადმყოფოში. ექიმები არაფერს იშურებდნენ შენ გადასარჩენად. ერთი კვირა იდგა რიგი შენს სასთუმალთან მნახველებისა შენი ამეტყველების მოლოდინში, მაგრამ ამაოდ.
მე არ მოვსულვარ, სიმონ, შენ სანახავად. არ შემეძლო შენი საუკუნო მდუმარებით მოცული სახის ხილვა. არც საშუაღამოებზე მომიდგამს ფეხი. ველოდი შენი ამეტყველების ფენიქსისებრ სასწაულს, მაგრამ ვაი, რომ მწარე სინამდვილეს ვერსად გაექცევა კაცი. გასვენების დღეს ზღვა ხალხი მიგაცილებდა. მე შორიახლო მოვყვებოდი შენს ცხედარს, არ მინდოდა იმის დაჯერება, რასაც ვხედავდი. სკოლის ეზოში ცაცხვების ქვეშ დაგასვენეს. არც იქ მოვსულვარ ახლოს. შენმა კოლეგებმა და მოსწავლეებმა ცრემლებით გაჟღენთილი ლამაზი სიტყვები გაფრქვიეს ზედ, სკოლის ზარმაც სამჯერ ამოიკვნესა შენს გასაცილებლად იმ მარადიულ გზაზე, რომელსაც მოსახვევი და მოსაბრუნი აღარა აქვს. მოგდევდი შორიახლო თავჩაღუნული და ფიქრში წასული და „ვფურცლავდი“ ჩვენი მეგობრობით გამოვლილ ცხოვრების დღეთა მატიანეს.
მივედით სამების ეზოში, ჩემო სიმონ! ეს იყო, ჩემო სიძევ და მეგობარო, ჟამი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისაც და განშორებისაც. მას შემდეგ წელიწადი გავიდა, გამოცდები ისევ დაიწყო, შენი საყვარელი ალვანი ისევ ვარდ-ყვავილებშია ჩაფლული, ისევ საამოდ ჩურჩულებენ სკოლის ეზოში შენი ხელით ჩარგული ცაცხვები. შენთვის ღმერთს შვილი არ მოუცია, სხვისი შვილები გიყვარდა უზომოდ და აი, ეს ოცდაათი ცაცხვიც – შენს შვილებად ვიგულებ ამიერიდან. დაე, იშრიალონ მათ შენს სახსოვრად ბავშვებით სავსე სკოლის ეზოში აწ და მარადის!
შენი ძმა და მეგობარი გიგო ცისკარიშვილი“ /1991 წელი, 18 ივნისი. გაზეთი „ბახტრიონი“/

/თ.ცისკარიშვილი/

This entry was posted in Αταξινόμητα. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი