მასწავლებელი

საბჭოთა კავშირის დროს სოხუმის შემოგარენში რამდენიმე გასაიდუმლოებული ინსტიტუტი იყო. იკვლევდნენ ფიზიკის, ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის საკითხებს, ქართველი ერის „კვლისა და ვერკვლის“, ანუ ჩვენი სიცოცხლისუნარიანობის მიზეზებს, ესწრაფოდნენ საქართველოს მოსახლეობის დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნას. ახალი ათონის მაიმუნთსაშენის უბრყვილო სახელის უკან საზარელი ცდები იმალებოდა – აინტერესებდათ, ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარებით სიცოცხლე გაჩნდებოდა თუ არა – ჩაავლებდნენ „ბრადიაგასა“ თუ ლოთს, ითანხმებდნენ ექსპერიმენტებზე… სოხუმზე თითქმის მიბმულ კელასურში ინსტიტუტისავე კორპუსის ბინებში მცხოვრები ფიზიკის სპეციალისტები კრინტს არ ძრავდნენ სამსახურში თავიანთი საქმიანობის შესახებ. სოხუმი და მისი მიდამო კი ულამაზესი იყო, მშვიდობიანი, სავსე, მოვლილი, ქათქათა, გაჩახჩახებული…
ნახევარი საუკუნის წინ ზღვაზე დასასვენებლად კელასურში დავდიოდით. იქ დედაჩემმა თავისი ბიძაშვილისა და კოლეგის სანახავად მისვლა მოინდომა: კოსტა ქააძის უნახავები შინ როგორ წავიდეთო. გულრიფშის ტუბსანატორიუმში უკვე რამდენიმე თვე იმყოფებოდა და კიდევ უნდა დარჩენილიყო ეს უკეთილშობილესი ადამიანი და გავემგზავრეთ. ჯერ ისევ დილა იყო, მოღუშულ, ერთი შეხედვით უკაცრიელ შენობაში რომ მოვხვდით. ჩემს დას სიურპრიზის მოსაწყობად აუელვარდა თვალები: მორიგე ექთანი სადღაც გავიტყუეთ და იმ მრუმეკედლებიან პალატაში თავის ყოფილ მასწავლებელს კარი შეუღო ლამაზმა, სიცოცხლით სავსე ვარდისფერკაბიანმა ქალიშვილმა… წამოწოლილი კოსტა მასწავლებელი გადმობრუნდა, შეხედა შესულს და კედლისკენ პირი მიიქცია, ცოტა ხნის მერე ისევ მობრუნდა, ისევ შეხედა, მაგრამ მაინც ისევ ზურგი შეაქცია კარს, აი მერე კი მერე უცებ – ელიკოო!- წამოიძახა და გაბადრულ-გახარებულ წამოდგა, ჩვენც სიცილ-სიცილით რიგრიგით შევლაგდით ოთახში. იმ დღეს რამდენიმეჯერ მოჰყვა, რა განცდები დაეუფლა ამ სასიხარულო შეხვედრის პირველ წუთს. დიდები „მრავალფერად და განგრძობილად“ საუბრობდნენ, ბავშვებს მასპინძელმა მოწყენა შეგვატყო და ლამაზ ბაღში გაგვიყვანა, დაგვათვალიერებინა – პირველად ვნახე კორპის ხე. ძალიან საინტერესო რამეები მოგვიყვა, გვაცინა. ზემო ალვანის სკოლის დირექტორი გიორგი ქადაგიძე გაიხსენა – მოსწავლეების სათაყვანო ახალგაზრდა კაცი. მეექვსეკლასელები ექსკურსიაზე წაუყვანია, პატარა კოსტას ავტობუსში თავი ცუდად უგრძნია, მაგრამ მორიდებია „გული მერევაო“ თქმა, „გული მეძვრისო“ – უთქვამს, გიორგის კი: -გული უნდა გეძვროდეს, აბა როგორ გინდაო? – ხუმრობით გაჰკვირვებია, შეურცხვენია ბიჭი… ძალიან კარგი პედაგოგი ყოფილა, ბავშვები ჰყვარებია, თურმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სპორტს, თვითონაც ვარჯიშობდა, მეათეკლასელებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს. ისეთი ძალით დაარტყამდა ბურთს, თურმე კარგა ხანს ელოდნენ მის მიწაზე ჩამოვარდნას… ახალი, დიდი სკოლის საძირკველი ჩაყარა, მაგრამ არ დააცალესო, ეგ თაობა რომ არ გაენადგურებინათ, სულ სხვანაირად წავიდოდა ჩვენი ცხოვრებაო …
იმ დღეს თავისი დიდი გულისტკივილი გაგვანდო. რომანი დაუწერია, თუშეთის წარსულზე. ორი ქალი პერსონაჟის სახელს ახსენებდა – ქალქვას და ნამისას. ვიღაც ცნობილ ლიტერატორს მიუტანა ხელნაწერი, რომელსაც მოსწონებია და დაუტოვებია, დაგიბეჭდვთო… დრო გასულა, ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნებულ რაღაც მოთხრობაში ამოუკითხავს თავისი რომანის პასაჟები და ეს სახელები – ქალქვა და ნამისა. მახსოვს, გვიხსნიდა: ქალქვას ხომ ამბობენ ჩვენში, ნამისა კი მე მოვიფიქრე და ასე მიითვისა ვიღაცამო, ალბათ, ჩემი ავადმყოფობის გადამკიდე, აღარ ვგონივარ ცოცხალიო…
…ხომ ამდენი წელი გავიდა, ყოველთვის, როცა კორპის საცობს ვხედავ – ახალი წლის შამპანურის გახსნისას, რამე საზეიმო სუფრაზე თუ შინ – ღვინისა თუ ძმრიანი ბოთლის მოხსნა-დაცობისას, მახსენდება ეგზოტიკურ ბაღში სკამზე მჯდომი ნათელღიმილიანი, წყნარი, სევდიანი ხმით მოსაუბრე უწესიერესი კაცი, ინტელიგენტი, რომელიც იმ ვიღაც უზნეოს დავა-გამოძიებას არ დაუწყებდა – არ იკადრებდა… მერე ჩემი მასწავლებელიც იყო კოსტა ქააძე, მინდოდა, მაგრამ ვერ ვკითხე, ტკივილი ვერ განვუახლე, ძალიან კი მაინტერესებდა, როგორები იყვნენ ის თუში ქალები – ქალქვა ალბათ უფრო ასაკოვანი იყო, ცხოვრებისგან გამობრძმედილი, მკაცრი, ნამისა ალბათ ნორჩი, უნაზესი… ნეტა როგორები იყვნენ, რას აკეთებდნენ, ერთმანეთისა რანი იყვნენ ქალქვა და ნამისა?…

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in Αταξινόμητα | დატოვე კომენტარი

ივანე ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) ჩანაწერი

„ჩემმა დედისძმამ პირველად ცხვარში რომ წამიყვანა, ლეკის მთაზე, ველკეთილში ვიყავით. ერთი ჩემნაირივე [ბავშვი] ბაძოშვილი მიტო იყო იქ. ნაჟტრის ხალხი კი იყო: ჩემი დედისძმა წარო, ნაკუდაშვილი კიმო, ნაკუდაშვილი მიტო, მაჭიანთ პავლე, წიქოანთ ლაზარე, ნაკუდაშვილი ფორე; მეწველს კი დასდევდა შორთიშვილი იოსები. ძალიან მაგრად ეწეოდა პაპიროსს იოსები. ჩვენ – მე, მიტოს, ფორეს – ქოხის უკან, პირდაპირ სერზე ბარგი ეწყო და, იმის გვერდით გვქონდა გაკეთებული ბუდე დასაწოლად – ქუჩით გატენილი, ქუჩდაგებული.
…დილით წველა დაიწყეს.
მეორე-მესამე დღესვე ბატკნებთან მარილი წაიღო ფორემ და იმ საღამოს ძალიან მაგარი წვიმები მოვიდა (სწორად რომ ვთქვათ, ღამით). ჩვენ, მე და მიტოს, გვეშინოდა იქ დაწოლისა, ღამით ბუდე მივატოვეთ და მე ქოხის წინ დავწექი, მიტო – შიგნით. შიგნით სხვებიც იწვნენ: ნაკუდაშვილი მიტო, მაჭიანთ პავლე; პავლე – როგორც მეკოდე, სხვები კი მიმოფანტულნი იყვნენ აქეთ-იქით.
შავ შუაღამეს ატყდა ჭექა-ქუხილი. დაიწყეს აქ: „ალალა“, „ვაიმე“, „რა ამბავია…“ მე ვერ გავიგე, ვინმემ დამახეთქა ძირს თუ რა მიქნა – თავი დამარტყმევინა მიწაზე. დადგა საშინელი, მაგარი გოგირდის სუნი. ნაკუდაშვილმა მიტომ თქვა: მეხი ჩამოვარდა, როგორა ხართო. მეტი საერთოდ არ უხსენებით, არ მოუკითხავთ ერთმანეთი.
დილით გათენდა და იოსები მოვარდა იქ: – ასანთი დამისველა, ბიჭებო, ასანთი მომეცითო. იქ მაჭიშვილმა უთხრა, ლაზარეს აქვსო. ის, რა თქმა უნდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, იქვე მოვიდა: სადა წევს ლაზარე, ბიჭებოო? პავლემ თქვა: მე მგონი იქ, ქოხის უკან, ბალღების ბუდეში დაწვაო. მერეღა გულგახეთქილები წამოცვივდნენ და, ზედ რომ მივიდნენ, როდისვე გაყინული ყოფილიყო…
ის წუხანდელი ამბავი და… მეხი იმას დასცემოდა თავში, ნაბადიც დამწვარიყო, ზუსტად ნახევარი, საგანგებოდ გაჭრილივით; ქუდიც დამწვარიყო და ქვევით ფეხის თითებზე გაევლო, ტანი სიგრძეზე ყვითელი ჰქონდა შამფურგავლებულივით. მოგროვდნენ სხვებიც, რას იზამდნენ, არაფერი ეშველა. ცხვარი შერეკეს, მოწველეს, წარო ცხენებისთვის წავიდა. მაჭიანთ საბამ და კიმომ წელზე გადაჭრეს (მე და მიტო ზედ არ მიგვიშვეს), იქით, მოშორებით პატარა ორმო ამოგვათხრევინეს, იმისი ნაწლავების იქ ჩასამარხად. ცალები შეკრეს, ცხენებიც მოვიდნენ, აჰკიდეს ცხენებს და ჩამოიყვანეს ალვანში (თუშურად ჩამოიტანესო არ იტყვიან
არასდროს)…“
.
აქ მოთხრობილი ამბიდან თითქმის საუკუნე გავიდა. ეხლაც გაზაფხული დგას. ზუსტად 99 წელია მას შემდეგ, რაც ეს პატარა ბიჭი – ვანო დაინდო და არ გაიყვანა ღმერთმა ამ ქვეყნიდან, რათა შვილები და შვილიშვილები ჰყოლოდა.
…დღეს მაისი დაიწყო. ალვანში თენებაა, აუწერელი სურნელია და შაშვები საამურად გალობენ. ცას ხანდახან გრუხუნი გადაუვლის და ოდნავ თითქოს წამოწვიმს კიდეც – ნამი ეპკურება ახალგაჭრილ ღია საფლავს წმიდგიორგში. ამ აფშინაანთ ვანოს უმცროს შვილიშვილს – გიას ეთხოვება ალვანი. წუხელ, ბოლო საშუაღამოზე ასზე მეტი ადამიანი იჯდა და შინ ვერ მიდიოდა, ღამის გახანგრძლივებას ცდილობდა. აღდგომა დღეს, 16 აპრილს დაიბადა და 39 წელი არ იყო გასული, ისევ აპრილში, დიდ ხუთშაბათს გარდაიცვალა ჩვენი დიდი ტკივილი – გია ცისკარიშვილი – მშვიდობიანი და ვაჟკაცური, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული, ლამაზი, ნათელი ადამიანი, რომელსაც მშვენიერი ოჯახი ჰქონდა, შრომა-ჯაფით მოპოვებული უკვე აწყობილი ცხოვრება ელოდა სამშობლოში, ორ წელიწადში საბოლოოდ უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში…
…ცოტა ხანში ბოლო დღე გათენდება. შვედეთში, გიას ოფისში მისული შვედი მეგობრები დღესაც დაუნთებენ სანთლებს მისთვის მოწყობილ კუთხეში (სტადიონი გააჩერეს წუთით და დუმილით პატივი მიაგეს თურმე ამ ბრწყინვალე რეპუტაციის ქართველს შვედეთში), მღვდელი წესს აუგებს გიას, შესანდობარს ვიტყვით ჭირის სუფრაზე და მისი ცოლ-შვილისთვის სიკეთეს შევთხოვთ უფალს.
.
…კაცის დაღუპვის ამბავი იყო ბიძაჩემის ამ პატარა მონათხრობში და არ მინდოდა დამემძიმებინა თქვენთვის განწყობა, მაგრამ ეხლაც უბედურება დაგვემართა, კიდევ ერთი უდროო სიკვდილი დაგვატყდა თავს… ვანბიძას ბავშვობაშივე ანგელოზებად ქცეულ შვილებს – შოთას და მერის, შვილიშვილებს – ადრევე გარდაცვლილ პატარა მერიკოს და ბაგრატს გიაც შეუერთდა. ნათელში ამყოფე ყველანი, ღმერთო! წმიდაო გიორგი, შენ უწინამძღვრე გიას, ღვთისმშობელო, მეოხ ეყავ და უშუამდგომლე შენს ძესთან, უფალო, სასუფეველი დაუმკვიდრე და გვაკმარე ქართველებს ახალგაზრდების გარდაცვალება, ისიც – უცხოეთში…

ივანე ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1910-1980). ჩაწერილია 1979 წელს წოვათუშურად.

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

იღუმენია ანა აჭაიძე

22046455_1467688799977747_6235353143434705265_n
სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ნათლია დედა ზოილეს (დვალიშვილის, გარდ. 1973 წ.) შემდგომ ბოლო წინამძღვარი იყო თუში ანა აჭაიძე, რომელიც წმინდა ნინოს მაყვლოვანისა და მცირე ტაძრის უკან, მონასტრის ეზოში განისვენებს.
ნინო ამილახვრის მიერ მე-19 ს-ის 20-იან წლებში დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ამ დედათა მონასტერს განაგებდა ორი წმინდანად შერაცხული მანდილოსანი, ორი მოსახელე ნინო – მამიდა და მისივე გაზრდილი ობოლი ძმისშვილი (ერთი 1839-ში გარდაიცვალა, მეორე – 1804-ში, 88 წლისა). უფროს ნინოს ჯერ კიდევ 1802 წლიდან 4 სხვა მოღვაწესთან ერთად დაუწყია მონაზვნური ცხოვრება. ამ ობოლთშემწყნარებელი, განმანათლებელი და კეთილმოღვაწე მონასტრის წინამძღვრები თავადური წარმომავლობისა ყოფილან: დარია ფაღავა, ნინო ციციშვილი-ბარათაშვილისა, რომელთაც შეემატათ ანუსია კოჭლამაზაშვილი და ანა აჭაიძე.
დარია აჭაიძე სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა მონაზვნად ანას სახელით და გადაიტანა ყველა ის სიდუხჭირე და შევიწროება, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქართულ სულიერებას თავს დაატეხა საბჭოთა რეჟიმმა. სამეურნეო არტელად ქცეული მონასტერი და მუშებად ან დამლაგებლებად გაფორმებული მონაზვნები შრომობდნენ და ფარულად დაუცხრომლად განადიდებდნენ უფალს…
2010 წელს მალხაზ ამაშუკელისა და ნოდარ ახალკაცის ძალისხმევით სამთავროს დედებმა ქართული სასაყდრო სივრცისათვის უნიკალური მუზეუმი დააარსეს, სადაც საეკლესიო და ეთნოგრაფიული ნივთების გვერდით წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალაც – ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი მე-3 საუკუნის ექსპონატები – სიწმინდეები. მუზეუმს განაგებს დედა ნატალია. მნახველებს ეგებება უსათნოესი დედა სიდონია (ხუხუნაიშვილი), რომელიც ამბობს, რომ ძალიან კარგად იცნობდა დედა ანა აჭაიძეს და სიყვარულით დაამატებს: – მეც ბებია ფშაველი მყავდაო.
პირველი, რაც მუზეუმში შესულს კარის შეღებისთანავე თვალში მოხვდება, დიდი, ულამაზესი თუშური ფარდაგია კედელზე, რაც ჩვენთვის ძალიან მშობლიურს ხდის იქაურობას. ძალიან ემოციურია იღუმენიების სურათების ქვემოთ გაკრული თეთრი თექა – ანას მიერ მოთელილი წარწერიანი „ნაბდური,“ ანას მოქსოვილი სკვნილი, მისი საკერავი მანქანა და პატარა სკამი…
ორი სევდიანი ამბავი ამოვისმინე ამ თუში იღუმენიას შესახებ ჩემი ქვემოალვანელი ახლობლისგან, რომელიც, თურმე მცხეთაში ყოფნისას აუცილებლად მიდის მის სამარესთან და სანთელს უნთებს…
მოვალენი ვართ, ვიცოდეთ ღირსეული წინაპრის ღვაწლი, სკოლის მოსწავლეებმაც ხშირად უნდა მოიხილონ ჩვენი უმთავრესი ქალაქის სიწმინდეები, დაათვალიერონ მონასტრის მუზეუმი, საფლავები, და გაიგონ ისიც, თუ როგორ იხსენებს სამთავროში გატარებულ ბავშვობას და დედა ანას საქართველოს პატრიარქი.

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი)ჩანაწერი

„ახალგაზრდობაში ცხვარში ვიყავი. მწყემსად ვყავდი ამაანთ [ქადაგიძე] ივანეს. ვიქნებოდი 18-19 წლისა. პატარა ბიჭად სიხოანთ [იმედიძე] ადამა მყავდა, 10-11 წლის ბალღი. ორნი ვიყავით რვაას ცხვარში, იორზე – თათრულ სოფელ ქესამნის ახლოს, იქ იყო იმ ივანეს ყორუღი და ფარეხ-ქოხი. მე ცხვარს დავდევდი, ადამა ბინაში იყო, საღამოობით მეხმარებოდა ყორუღის მიცემაში (უძოვარი ადგილი – ყოველ საღამოს ცოტ-ცოტას ვაძლევდით).
ერთ საღამოს ადამა მოვიდა. ყორუღის ბოლოს, ნაპირას პატარა გორაკები იყო, იმ გორაკებს შუა – ნასოფლარი. იქაურობა მივეცით ცხვარს, რომ ყორუღს მოჰკიდებოდა. შეკრული ადგილი იყო, ირგვლივ მთებით. ცხვარი კარგად ძოვდა, ცხვრის შუაში ვისხედით. შევხედე და, ჩვენს ქვემოთ, შუა ცხვარში ერთი მგელი აჩნდა. ადამას ვუთხარი: არამც და არამც ყვირილი არ დაიწყო, ეხლა მე შენ მგელს დაგანახვებ და წყნარად იყავი; უვარგის ცხვარს თუ ეცა, მოვაკვლევინებ და მერე ჩვენ შევჭამოთ, თუ არა, თოფს ვესვრი! – სად არისო? – წამოიწია ადამა. არ გავნძრეულვარ, ისე ვაჩვენე. ვუყურებდით: კუდის ქიცინით წინა ფეხებზე დაწოლილს მიუახლოვდება თითო-თითო ცხვარი, წინა ფეხებს დაუბაკუნებს, ცხვირიდან დაუსტვენს და გაექცევა. ერთი ბებერი ცხვარი გაუჩერდა და ყურება დაუწყო. უცებ წამოხტა ის მგელი, ეცა ყელში და უკან დახეულს დუმაზე კუდი დაარტყა, დაბლა, ღრატისკენ გაიგდო, იქ ჩააფარა. ავდექი ჩემი თოფიანად, სამი პატრონა მქონდა შიგ, ჩავედი იმ ღრანტეში და ერთიანად აცახცახებული ცხვარი დავინახე, მგლისას კი მხოლოდ კუდს და ყბას ვხედავდი, იქითა მხრიდან იყო, მოფარებული. ვიფიქრე, ამ ყბაში გავარტყამ-მეთქი, დავუმიზნე, ვესროლე და ცხვარი გაიქცა, მგელი კი ცოტა ზევით ავიდა და ძაღლივით ჩაყუნცდა ახლოსვე. ეხლა მაინც არ ავაცილებო, დავუმიზნე და ორივე ფეხს შორის ავადინე მტვერი. გაიქცა მგელი და წამივიდა. ადამამ ყვირილი დაიწყო: – ალვანიდან მოსული კუდიანი დედაბერი თუა, ტყვია რატომ არ ეკარებაო?! ცხვარი დავიჭირეთ, გავსინჯეთ და არაფერი სჭირდა, მხოლოდ სველი ჰქონდა ყელი, სხვა არაფერი ეტყობოდა [ბებერი მგელი თუ იყო].
ვაძოვეთ და შეღამდა. ბინისკენ მივდივართ. წინ მე ვარ, უკან – ადამა. გზაში ორ გორაკს შუა უნდა გაგვევლო. იმ გორაკების შუაში ერთი დიდი ლოდი ეგდო, ათტონიანი მაინც იქნებოდა. იმ ადგილს რომ მივუახლოვდით, ადამამ დამიძახა უკანიდან: ის მგელი მოგვდევსო! მივბრუნდი, იმ გოხის ძირში ჩავჯექი და ადამას ვუთხარი, ცხვარი წაეყვანა. ვიჯექი და დამადგა მგელი, კინაღამ თოფი მივადე, ისე ახლოს იყო. ვისროლე. უკან გახტა და გაქრა. დილისთვის მოვძებნი-მეთქი, ვფიქრობდი, სადმე ეგდება-მეთქი, მაგრამ დიდი თოვლი მოვიდა და ჩამიარა ჩემმა გეგმამ.
შემოდგომას წავიდა ივანე – ხაზეინი – და იანვრის ბოლოს ჩამოვიდა. გვკითხა: – როგორა ხართო? -არა გვიშავს, პური გვაქვს, მარილი გვაქვსო,- ვუთხარით.
დილით ცხვარი დათვალა. ოცისთავს თვითონ იღებდა, ჩვენ არ გვენდობოდა. თქვა: ამერია, მეორედ უნდა დავთვალოო. მეორედაც დათვალა და გაკვირვებულმა გვითხრა: – არც წეღან ამერია, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, ასე საღად იქნებოდით, ნუთუ არაფერი მოგიკვდათო? შეჯდა ცხენზე, ავიდა თუქურმიშაში და სამაღარიჩოდ ცხრა ფუთი კარტოფილი და ერთი ბოთლი ზეთი მოგვიტანა (ისიც ბიჭობა იყო მაშინ…).“

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი)(1902-1984). ჩაწერილია 1979 წ. წოვათუშურად.

/თ.ცისკარისვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

„თელავში თუშმა“

ერეკლეს შიკრიკი გაქაფული ცხენიდან ჩამოხდა, წყალი ითხოვა და ბრძანება ამცნო თუშებს: თურქთა ურიცხვი ჯარი მოგვადგა და ქუდზე კაციო. ლეკებს ეომებოდა მაშინ ორივე ხეობა. ციხეებში შეკეტილი რამდენიმე სოფელი გარსმოჯარულ მომხდურს ვეღარ იგერიებდა, დანარჩენები მათ გამოხსნას და მტრის განდევნას ცდილობდნენ.
შეწუხდნენ თუშები – თავადაც გასაჭირი ედგათ, მეფის წყენინება კი არ უნდოდათ. ერთადერთი მეომარი გაატანეს შიკრიკს, ბოდიში შეუთვალეს მეფეს.
ჯარის წინ მიმოქროდა ერეკლე, თუშების შემონათვალი რომ მოახსენეს. გამწყრალმა ავი ნაპერწკალი დააკვესა თვალთაგან, გამეტებით გადაუჭირა ცხენს მათრახი და კამბეჩოვნელებს მიეგება – სხვადასხვა მხრიდან გროვდებოდა ქართველობა, თურქები კი ძალიან ბევრნი იყვნენ – უზარმაზარი ლაშქარი ზღვასავით გაშლილიყო მცირერიცხოვანი ქართველების წინ. ცივად ელავდნენ ჩალმებს შორის აღმართული შუბები.
ერეკლეს შეჰბედეს: ის თუში ომში შესვლას ითხოვსო. მეორედაც მოახსენეს: თუშს ბრძოლა უნდა, ნებართვასა გთხოვსო. -გაუშვითო, – ხელი ჩაიქნია მეფემ და სარდლებთან თათბირი განაგრძო.
ტანმორჩილი ცხენი, ზედ ჯაჭვისპერანგიანი მხედრით არცთუ დიდი სიჩქარით დაიძრა მტრისკენ, სისწრაფეს უმატა, პატრონის ზარდამცემი კივილით გახელებული, ზედ მიაწყდა მეომართა რიგებს და შეარღვია ჩალმებისა და შუბების ტყე – მხედარი მარჯვნივ და მარცხნივ კაფავდა, სხეპდა, ჩეხავდა თურქებს და ამ კაფვა-ჩეხვით ერთი ფართო სვრელი ჯერ შეიტანა, მერე კი გამოიტანა – წაგრძელებული ნალი მოხაზა, შუაში მოქცეული დაზაფრულ-დაბორიალებული მუსლიმებით. ჟინატანილნი ერთდროულად გადაეშვნენ ბრძოლაში – ჟღარაჟღურით ხევსურ-ფშავლები და ლომური გრგვინვით – ქიზიყელები, მოკიჟინე კახებს ერთი ნაბიჯით უსწრებდა უზანგებზე შემდგარი ერეკლე გაშიშვლებული “ავი მუსაიფით“.
ის ომი პირწმინდად მოვიგეთ თურმე. იხმო მეფემ თუში – გიორგი დილოიძე და უბრძანა: მთხოვე, რაც გინდაო. დილოიძემაც – ამა და ამ ხევსურს რომ ხმალი აქვს, ის ხმალი მომეციო, – შეაგება. მეფის სიტყვა მეფის სიტყვა იყო და გამოართვა ერეკლემ ხევსურს ხმალი, მისცა დილოიძეს. ამ ამბის ფინალი ასეთია: მომდევნო ბრძოლაში ხის ხმლით წარუდგა ხევსური მეფეს… გულნატკენ ყმას, ცხადია, სანაცვლოდ საუკეთესო იარაღს უბოძებდა პატარა კახი, ხოლო მომხდარს კი ხალხი ლექსით გამოეხმაურა:
„ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
სალაშქროდ ჯვარი დაგწერა“.
…კოსმოსში მოარული „ჩაკრულოს“ ჰანგით მონუსხულ-შეფიქრიანებული რომელიმე გალაქტიკის ბინადარი, სადმე, რამდენიმე სინათლის წლის მიღმა იჯდება, ან იქნებ უკვე ზის კიდეც „იდაყვდაყრდნობილ“, აპკებიან თითებზე უზარმაზარ თავჩამოდებული და ცდილობს განმარტოს: „ხევსურეთს ხმალო“, „თუშმა თელავში“, „ერეკლემ გაკურთხა“… საინტერესოა, მიუხედავად თავისი ზემაღალი ინტელექტისა, ნეტა მიახლოებით მაინც თუ ჩახვდება რამეს?
…რა მაგის პასუხია და, ადრეწასულ უნიჭიერეს ჭაბუკს – ილო აზიკურს ჩვენში შეგროვილ ანდაზებში შეუტანია: „ეტყოდიან ქალასაო, ესმოდიან ზალასაო:“ – უცხოპლანეტელისა არ ვიცი, მაგრამ, ბოლოდროინდელი ჩვენი არცერთი ხელისუფლება ნამდვილად არ არის ბაიბურში, რა კუთხეს და ხალხს „აიგნორებს“ და მეტიც, სწამებს – „თუშური სეპარატიზმიო“… ეგ ბრიყვი ეგა!

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

თუშების გმირული ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი

ბახტრიონის ომში ნაცადი – მოტყუებით ციხის კარის გაღებინების ხერხი თუშებმა მრავალი წლის შემდეგ კვლავ გამოიყენეს, ამჯერად – თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მე-19 ს-ის პირველ ნახევარში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რუსეთის ჯარმა, რომლის შემადგენლობაში ქართველებიც იყვნენ და მათ შორის, რა თქმა უნდა, თუშებიც, ალყა შემოარტყა ერთ-ერთ ციხესიმაგრეს (სავარაუდოდ, ყარსის ციხეს). მისი აღების ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. სიტუაცია ხანგრძლივი ალყის რეჟიმში გადავიდა და აღების მცდელობებიც თითქმის შეწყდა. გადიოდა დღეები, კვირა, მეორე კვირაც დაიწყო. მოუსვენრობა დაეტყოთ მისვლისთანავე ომში ჩაბმას დაჩვეულ თუშებს, რაც მღელვარებაში გადაიზარდა. როცა მეთაურებმა იკითხეს მიზეზი, თუშებმა უთხრეს: ჩვენ ასე ვერ ვისხდებით, თუ გვაომებთ, გვაომეთ, თუ არა და, ახლავე უკან მივდივართ, საქმე ბევრი გვაქვს შინო. ლაპარაკი საკმაოდ მწვავე და ხმაურიანი გამოდგა. ეს ყველაფერი ღია მოედანზე ხდებოდა და გამორიცხულია თურქების ყურადღება არ მიექცია. ულტიმატუმი იმდენად მტკიცე იყო, ვერც ბრძანებამ გაჭრა და ვერც თხოვნამ. მაშინ მეთაურებმა იკითხეს: როგორ გინდათ იომოთ ასეთ სიტუაციაში, ხომ ხედავთ, ვერაფერს ვაკლებთ, კარიბჭე საგულდაგულოდ აქვთ ჩაკეტილი და დაცვაც ძლიერი უდგათო. – მიგვიშვით და ჩვენ გავახსნევინებთო, – მიუგეს თუშებმა და თავიანთი სამოქმედო გეგმა გააცნეს. უიმედოდ, მაგრამ მაინც დართეს მისი განხორციელების ნება.
გარკვეული რაოდენობის (უცნობია რამდენი) რჩეული ვაჟკაცების გუნდი შეადგინეს თუშებმა. დილით, გარიჟრაჟზე, ვითომ დრო იხელთეს და თურქების მხარეზე გადასვლა გადაწყვიტეს, რუსის ჯარიდან გაიქცნენ, მიიჭრნენ კარიბჭესთან, დაყარეს იარაღი და დაიწყეს ძახილი: ჩვენ თქვენთანა ვართ, შემოგვიშვით, თქვენს მხარეს ვიომებთო.
თუშები ხომ თითქმის ყველანი მეცხვარეები იყვნენ, საზამთრო საძოვრებად აზერბაიჯანში შირვანის ველებსაც ქირაობდნენ, ცხვრის გასაყიდად ბაქომდე ჩადიოდნენ, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აზერბაიჯანელებთან და მათი ენაც, რომელიც ძალიან ჰგავს თურქულს, კარგად იცოდნენ. ამასთან, თუშებს საზაფხულო საძოვრები თრიალეთის ქედზეც ჰქონდათ და ზოგ მათგანს თურქეთშიც გადაჰყავდა ცხვარი, ასე რომ, თურქებთან დალაპარაკება მათთვის ძნელი არ იქნებოდა.
ცოტა მოგვიანებით, ვითომ გვიან გაიგეს ჯგუფის „ღალატი“, მეორე შეიარაღებული რაზმი დაიძრა მათკენ, თითქოსდა მათ უკან დასაბრუნებლად თუ დასახოცად. განიარაღებულმა რაზმმა ახლა „ხვეწნა დაუწყო“ თურქებს: – გვიშველეთ, შემოგვიშვით, თორემ დაგვხოცავენო. თურქები ხედავდნენ, რომ ესენი რუსები არ იყვენენ, მაგრამ მაინც არ ენდობოდნენ, მაგრამ როცა „დარწმუნდნენ“, რომ იარაღშემართულ მეორე რაზმს მართლა მათი დახოცვა ჰქონდა განზრახული, კარი გაუღეს. ძირს დაყრილი იარაღი აიღეს თუ სხვა იარაღი ჰქონდათ ტანსაცმელში დამალული, პირველი რაზმი ეკვეთა კარის მცველებს. ზედ მეორე რაზმიც წამოესწრო და ფარულად გამზადებული მთელი მოალყე ჯარიც დაიძრა მათკენ. სანამ ძირითადი ჯარი მიაღწევდა კარიბჭეს, იმ ორმა რაზმმა გმირულად იბრძოლა და შეინარჩუნა ღია კარი. ასე აიღო ციხესიმაგრე ე.წ. „რუსულმა ჯარმა“.
თუშების პირველი რაზმი, საუბედუროდ, მთლიანად დაიღუპა კარისთვის ბრძოლაში. ბრძოლის შემდეგ ეს მეომრები ყველანი დიდი პატივით დაკრძალეს კარიბჭესთან შიგნითა მხარეს, მათი სია კი წარდგენილ იქნა იმპერატორთან სიკვდილის შემდეგ მათ დასაჯილდოებლად.
პირველი რაზმის წევრი იყო თქვენი მონა-მორჩილის წინაპარი – ბურკი გარსევანიშვილი, რომლის საგმირო საქმე დღემდე გადაეცემა თაობიდან თაობას ჩვენს გვარში. ბურკი თვალტანადი და მამაცი მეომარი ყოფილა. ის დაუოჯახებელი დაიღუპა. ვახსენე, რაზმის წევრი-მეთქი, მაგრამ, ჩანს, ის ან რაზმის მეთაური იყო, ან განსაკუთრებული როლი შეასრულა ამ ბრძოლაში, რადგან მალე მისმა ოჯახმა რუსეთის იმპერატორის ხელმოწერილი საბუთი (გუჯარი) მიიღო ამ ოჯახისათვის აზნაურის წოდების მინიჭების შესახებ. პირველი ჯგუფის ყველა წევრის ოჯახებმა მიიღეს ჯილდოები, მაგრამ აზნაურის წოდება მხოლოდ ბურკის ოჯახს მისცეს. სამი ძმა ჰყავდა ბურკის: ირალი, გარსევანი და ტეტი. ბურკი ყველაზე უმცროსი იყო. აზნაურობის საბუთი, საუბედუროდ და სასირცხვილოდ, ძმებს შორის დავის საგანი გახდა. უფროსმა ძმამ – ირალიმ დაისაკუთრა იგი, დაიწერა გვარი ბურკიშვილი და შეუდგა თავისი ოჯახის აზნაურად ოფიციალურად გაფორმების საქმეს. სხვა ძმებმაც განაცხადეს ასეთი სურვილი, მაგრამ საბუთი მხოლოდ ერთ ოჯახზე იყო გაცემული და ამიტომ ირალიმ ისინი ახლოსაც არ გაიკარა.
განაწყენებულმა ტეტიმაც შეიცვალა გვარი და თავისი ოჯახი ტეტიშვილის გვარზე გადაიყვანა. შემდეგში მისმა შთამომავლობამ ეს გვარი ჭყოპიშვილად (ჭყოპი მათი შემდგომი წინაპარი იყო) შეცვალა. მათი უკანასკნელი შთამომავალი იყო თუშებში ცნობილი მწყემსი, 11 ათასი ცხვრის პატრონი ალექსი ჭყოპიშვილი, რომელიც კოლექტივიზაციის პერიოდში გააკულაკეს, მთელი ქონება სახლკარიანად ჩამოართვეს და ცარიელი ხელებით ქუჩაში გააგდეს. სოფელ ზემო ალვანის სასოფლო საბჭოს მიერ 1929 წელს შედგენილ ე.წ. შავ სიაში ის პირველ ნომრადაა ჩაწერილი, როგორც იმხანად ყველაზე მეტი ქონების პატრონი. ერთადერთი ვაჟი უცოლო გარდაეცვალა, ხოლო ქალიშვილი, ცნობილი სამანელი ევა ოჟილაური, 1943 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, 1956 წელს დაბრუნდა, რეაბილიტაცია მიიღო და სახლ-კარი დაიბრუნა, გარდაიცვალა 1999 წელს. თვითონ ალექსი ქონების ჩამორთმევიდან მალევე ქუჩაში მიმავალი (იგი ქალიშვილთან იყო გადასული საცხოვრებლად) ინფარქტით გარდაიცვალა. ასე შეწყდა ჭყოპიშვილების გვარის არსებობა.
თავის გვარზე მხოლოდ გარსევანის შთამომავლობა დარჩა.
.
რაც შეეხება ირალის აზნაურობას: თუშებში ბატონყმობა არ ყოფილა. ისინი პირდაპირ მეფეს ემორჩილებოდნენ თავად ჩოლოყაშვილების შუამავლობით, ამიტომ, ცხადია, მათთვის უცხო იყო ვინმეს გააზნაურება. ისინი აფრთხილებდნენ ირალის, მოეშორებინა იმპერატორის ქაღალდი (მათთვის ის მხოლოდ ქაღალდი იყო) და დაევიწყებინა გააზნაურებაზე ფიქრი. ირალიმ არ შეისმინა და ჯიუტად განაგრძობდა მცდელობას მის გასაფორმებლად, გუჯარს კი, საგულდაგულოდ შეფუთულს, ხურჯინით თან ატარებდა მთასა და ბარში, წართმევისა თუ მოპარვის შიშით. ბოლოს მაინც მოახერხეს, ხურჯინი მოჰპარეს და გუჯარიც გაანადგურეს. ახლა მის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა ირალიმ. ამასობაში წელი წელს მისდევდა, ბოლოს ბატონყმობაც გადავარდა რუსეთში და დარჩა აზნაურობის მოსურნე ირალი ხელმოცარული.
არანაკლებად ცდილობდა აზნაურობის მიღებას გარსევანის შთამომავლობაც. თქვენი მონა-მორჩილის მამა, რომელიც 1904 წელს იყო დაბადებული, დედამ ზემო ალვანის სამების ეკლესიის სარეგისტრაციო წიგნში ბურკიშვილის გვარით ჩააწერინა, იმის იმედით, შეიძლება ბატონყმობა აღდგეს და ჩემი შვილიც აზნაური გახდესო… ჩვენს მტერს აუსრულდეს ისე თავისი ოცნებები…

/ავთანდილ გარსევანიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

ესმა უშარაული

ქალბატონი ესმა დაიბადა 1931 წელს ზემო ალვანში. მამა – არტემ უშარაული ზაქათალის ვაჟთა გიმნაზიის 6 კლასის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ვლადიკავკაზის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1917 წელს დაამთავრა, მენშევიკური მთავრობის დროს თელავში მუშაობდა ოფიცრად და 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. დედას 4 კლასის განათლება ჰქონდა. ესმამ 1948 წელს მედალზე დაამთავრა ზემო ალვანის საშუალო სკოლა და იმავე წელს განაგრძო სწავლა თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე. დაამთავრა 1953 წელს. სწავლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. აქვე 1954-1957 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი, 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ნორიოს ნავთობის მაღალმოლეკულური არომატული ნახშირწყალბადების კვლევა“. 1986-2003 წლებში იგი მუშაობდა წამყვანი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობაზე და ლაბორატორიის გამგის მოადგილის მოვალეობასაც ასრულებდა. 1976-1990 წლებში იყო სსრ კავშირის მეცნ. აკადემიის „ნავთობქიმიის სამეცნიერო საბჭოს“ საქართველოს განყოფილების სწავლული მდივანი.
ესმა უშარაული არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი, საქართველოს მეცნ. აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
გთავაზობთ ქალბატონი ესმას წლებისწინანდელ ჩანაწერს – რამდენიმე ეპიზოდს საკუთარი ბიოგრაფიიდან მშობლიურ კუთხესთან დაკავშირებით. ეს მოგონებები ნათლად წარმოაჩენენ იმ სითბოსა და პატივისცემას, რასაც გამოჩენილი ქართველები თუშებისა და თუშეთის მიმართ განიცდიდნენ.

ესმა უშარაული:
„ვინაიდან ლიტერატურა ძალიან მიყვარდა, სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთების შეტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავწყვიტე, მაგრამ იქ მედლების ლიმიტი შევსებული აღმოჩნდა. თუშების დიდი მოამაგის და შესანიშნავი ადამიანის, ჩემი ახლობლის, პროფ. ნიკო ქადაგიძის რჩევით უნივერსიტეტის რექტორთან, აკად. ნიკო კეცხოველთნ შევედი თხოვნით, რომ ადგილი დაეშვათ. ყველა მთხოვნელი რომ გაუშვა და დამინახა, მოსვლის მიზეზი მკითხა. მე მოკრძალებით ავუხსენი. – საიდან ხარ? – მკაცრად მკითხა. – ახმეტის რაიონიდან, – მორიდებით ვუპასუხე. – რა გვარი ხარ? – მეკითხება. უშარაული, – ვუთხარი. – მერე! რა ახმეტა, ვერ იტყვი წოვათუში ვარო!? – გაბრაზებით მითხრა, მერე კი დაყვავებით განაგრძო: – რა მოგივიდათ ამ თუშებს, ყველას ჰუმანიტარულზე უნდა სწავლა, შემოდი საბუნებისმეტყველოზე, – და ჩამომითვალა ფაკულტეტები. სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ქიმიის ფაკულტეტზე, რადგან წლის გაცდენა ოჯახმა არ დამანება.“
„1954 წელს ასპირანტურაში ვაბარებდი გამოცდას რუსულ ენაში, რომელიც საჯაროდ მიდიოდა. ჩამბარებლების გარდა ესწრებოდნენ შესაბამისი ინსტიტუტების სწავლული მდივნებიც. საგამოცდო მაგიდასთნ ვიჯექი, როდესაც გამოჩენილი მეცნიერი, აკად. გიორგი ახვლედიანი შემოვიდა, რომელიც, როგორც შემდეგ გავიგე, რუსულ გამოცდებს კურირებდა. გვერდით მომიჯდა და გრამატიკიდან მომცა შეკითხვა. ვუპასუხე. – რა გვარი ხარო? – ხმადაბლა მკითხა. -უშარაული, – ასევე ხმადაბლა ვუპასუხე. ოო, ძალიან კარგი! – ხმამაღლა წამოიძახა, – წოვათუში ყოფილხარო! მერე მიუბრუნდა დამსწრე საზოგადოებას და უთხრა: – იცით, რა ხალხის წარმომადგენელია?! და მრავალი საქებარი სიტყვა თქვა წოვათუშებზე: ნიჭიერი, მშრომელი, თავშეკავებული, დარბაისელი ხალხია, განსაკუთრებით კი ქალებიო, და რუსულად დაუმატა: – Они рождаются интеллигентами. ბუნებრივია, ასეთმა ქება-დიდებამ ჩემი ხალხისა ძალიან გამახარა და გული სიამაყით ამივსო.“
„1959 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია მოგვანიჭეს საზეიმოდ, აკადემიის წლიურ სესიაზე. დიპლომები გადმოგვცა აკადემიის პრეზიდენტმა ნიკო მუსხელიშვილმა. საზეიმო ცერემონიის დამთავრებისთანავე ჩემთან ბატონი აკაკი შანიძე მოვიდა და გულითადად მომილოცა, მერე იქ მყოფებსაც მიუბრუნდა და უთხრა: – უშარაული წოვათუშია და ძალიან მიხარია, რომ ამ ხალხის წარმომადგენელი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ასეთ საპატიო ჯილდოს იღებსო.“

17191485_1270187703061192_8026064322239997967_n„წოვათის თემი“ უდიდესი პატივისცემით ულოცავს გაზაფხულის დღესასწაულს ჩვენი კუთხის ერთ-ერთ საამაყო წარმომადგენელს, კეთილშობილ და უსათნოეს ქალბატონს – ესმა უშარაულს; უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს შვილებთან ერთად გამთლიანებულ და აყვავებულ საქართველოში. სიყვარულის ნიშნად მას ვუძღვნით წოვათისა და პირიქითის თემის პატარების მიერ „კრიხელზე“ დაკრეფილი ყვავილების კონას…

/თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

საბა ქააძე (1859-1926)

17342934_1279518455461450_419915034749189851_nგაბო ქააძე ზურაბის შვილი იყო, ზურაბი – ქა^ას ვაჟი. გაბოს, მთაში მარტო მიმავალს, ტყეში ქალი გადაუდგა თურმე წინ: – თუშო, ჩვენში აღარ დამედგომება და წამიყვანეო. ენა ჩავარდნოდა გაბოს, თოფიანი ქალი ისეთი ენითაუწერელი სილამაზისა ყოფილიყო. – ძმების სისხლი ავიღე, იქ აღარ მაცოცხლებენო, – თავის მართლება დაეწყო ქალს. შემოისვა თურმე ცხენზე და ფარსმაში წაიყვანა გაბომ მშვენიერი ქისტის ქალი კუკალა, რომელმაც ჯერ გოგოები გაუჩინა, მერე ბიჭებიც. უფროსს, სოლომონს, 12 წლისა გახდა თუ არა, ცოლი მოუყვანა მამამ – სამი წლით უფროსი, ტანმაღალი და ჯან-ღონით სავსე ქალი. ჩამოეძინებოდა თურმე ბიჭს, ჯერაც ბალღს, ბუხართან, აიყვანდა ცოლი მძინარს და გადააწვენდა ტახტზე… გაიზარდა სოლომონი, ვაჟებიც გაუჩნდა და ქალებიც. პაპაჩემი საბა მისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი იყო – შრომისმოყვარე, გონიერი, გაბედული, სწრაფი და ვეფხვივით მოქნილი ვაჟკაცი. ფარსმაში ერთადერთს მას ედგა ორსართულიანი და შიგნით „გაკრასკული“ სახლი (ახალი, სიპის სახლის აშენებისას საბას უმცროსმა ვაჟმა იასონმა დასანგრევად ვერ გაიმეტა, 1986 წელს ვნახე, ისევ იდგა მამის ხსოვნისთვის დატოვებული შუაში ლურჯზოლიანი ცისფრად და ვარდისფრად შეღებილი დასავლეთის კედელი).
ალვანი რომ გაშენდა, აქაც დაიდგა სახლი საბამ – მუხის მასალისგან, ოთხსაფეხურიანი, ფართოაივნიანი, ორი სიგრძივი და ერთი ვრცელი განივი ოთახით (ჩემს ადრეულ ბავშვობაში იმ დიდ, ჩახჩახა ოთახში მზის სუნი იდგა, ხონჩებზე ჩირები ეწყო, კედლებზე უთხოვრის „შკაფები“ ეკიდა, მუქი შინდისფერი, ზედ მძიმე რაზებით, ფანჯრებს რკინები ჰქონდა, სიღრმეში რკინითვე შეჭედილი კოდობნები იდგა, დაკლიტული…). ყოფილა ბეღელიც, შიგ მდგარი ოთხი ამბარით – ხორბლით, ქერით, სიმინდით, მომცრო კი იმ დროს იშვიათი ბრინჯით სავსე. ცხადია, თავლაც ექნებოდა, რადგან ცხენებიც ჰყავდა პაპაჩემს. გარდა საკარმიდამო ვენახისა, სოფლისგან მოშორებით დიდი ზვარი ჰქონდა, ორი კახელი მეზვრე ეყენა – მიხა და ილა.
6 შვილს ზრდიდა საბა, მაგრამ როცა უმცროსები 7 და 6 წლისანი იყვნენ, მეუღლე გარდაეცვალა. ამ დროისათვის დაოჯახებული უფროსი შვილი სოლიკო ცალკე ცხოვრობდა, ოლღა (ოლა) ლალისყურელ თუშზე იყო გათხოვილი, მომდევნო – 18 წლის ულამაზესი თამარი (თებრო) იმ წელს იოსებ აბაშიძეს მიათხოვა (იმ ვაჟკაცს, ცხვარ-მეცხვარეთა დამწიოკებელი გათავხედებული დიდოელი ყაჩაღი მაჰადი რომ მოკლა და ხალხი მოასვენა), მაგრამ კატო, ნინო და იასონი პატარები იყვნენ და საბამ მეორედ იქორწინა.
… ეპიდემიის, იმ ავადსახსენებელი „ისპანკობის“ დროს ნინო ორბეთიშვილს, ბაძოშვილების დისწულს, კაიშვილების რძალს, ჯერ ოთხი შვილი, მერე ქმარიც ერთ თვეში დაეხოცა და მარტოდმარტო დარჩა შინ. ექვსი თვე უთევდნენ ღამეებს ნათესავები, რადგან თვალის მოხუჭვისთანავე თავისი პატარების ხელები ელანდებოდა თურმე. სიგიჟის ზღვარზე მყოფს მოჰკიდეს ხელი ძმებმა და მიუყვანეს საბას: აი, ბავშვები და გაზარდეო… კიდევ ორი გოგონა ეყოლათ, საბას კი კუჭის წყლული გაუმწვავდა და შვიდი წელიღა იცოცხლა. გარდაცვალების წინ ცოლს პატიება სთხოვა: ეს რა დღეში ჩაგაგდე, შენს ცოდვაში ჩავდექიო… ბრძენი კაცი იყო და იცოდა, რაც ელოდა უპატრონოდ დარჩენილ ოჯახს. „-შე საბრალო, მამა მოგიკვდა, დაობლდიო?“ -კალთაში ჩაისვა შაოსანმა მოტირალმა ოთხი წლის ანა და ოქროს საყურეები შეხსნა, სხვამ ორი წლის ატირებული ელენეს დაწყნარებისას ვერცხლეულიანი ზარდახშა გააქრო სახლიდან, იმ დღეებშივე ბეღელს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიბუგა, ზვარი წყალმა წალეკა, ცხვრის ფარებისა არაფერი ვიცი, შემორჩენილი ძროხები კი მოგვიანებით კოლექტივმა გარეკა… ისღა დარჩენოდა, თავდაუზოგავად ეშრომა ნინოს, „ტახანი ვიყავიო“, – იხსენებდა ოთხმოცს გადაცილებული ბებიაჩემი – ანუ სტახანოველი (მოწინავე მუშა კოლმეურნეობაში) იყო და თავდაუზოგავი ჯაფით ხუთივე ობოლი გზაზე დააყენა, კარგი მამის შვილებს შრომა და ურთიერთსიყვარული ასწავლა.
ამბობდნენ, რომ არამარტო ცხვარბევრი, დაუზარელი სიკეთისმქმნელიც იყო საბა ქააძე, სწავლა-ცოდნის დამფასებელი. – ამ ბალღს წიგნი აინტერესებსო, – და მთიდან ბარში ჩამოიყვანა თავისი ნათლული, საამაყო სულაკაურების მამა. და-დისწულებზე ზრუნავდა, უკეთურ დისქმარს ჭკუა ასწავლა, ძმისწული გაციმბირებას გადაარჩინა (ერთ საღამოს, ზვრიდან მომავალს ძმისშვილი მიეჭრა: – ძიო, კაცი შემომაკვდაო! წამსვე ნაბადი გადაუხსნა ბიძამ: შემომიჯექიო, წააფარა ის ნაბადი და გადაუჭირა მათრახი თავის განთქმულ ცხენს, შირაქის გზას გაუყენა ჭენებით. მთელი ღამე ევლოთ შეუსვენებლად და გათენებამდე ერთ ცნობილ დუქანში იქაურ მეგობრებთან ერთად ქეიფით შეგებებოდნენ ალიონს. ასეთი ალიბით ვინ რას მოედავებოდა ბიჭს!).
იასონ ქააძემ სამჯერ შეკრიბა საბას შთამომავლობა ბახტრიონზე მამის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ევროპაში ნაცხოვრები, ზედმიწევნით მოწესრიგებული კაცი იყო (დღეს დილის 5 საათზე იწყებდა), ზამთარშივე თადარიგს იჭერდა, რომ ყველა ყოფილიყო დიდიან-პატარიანად ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილზე. ყველას ოჯახში ინახება საერთო სურათები 1964, 1974 და 1977 წლების მაისის თვისა წარწერებით – იმათი ჩამონათვალით, ვინც ვერ დაესწრო შეკრებას და, რომ: „საბას მამას ერქვა სოლომონი, სოლომონის მამას – გაბო, გაბოს მამას ზურაბი, ზურაბის მამას – ქა^ა…“ იქვე თხოვნით, რომ საბაობის ტრადიცია გავაგრძელოთ. მეოთხე შეკრებას უიასონოდ გავმართავთ ორმოცი წლის თავზე წლევანდელ მაისში ბახტრიონზე, მით უმეტეს, შვილიშვილი ამჟამად ზუსტად იმდენი დავრჩით საბასი, რამდენიც შვილი ჰყავდა…

/თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი)

.
„ნიკოლოზის დრო იყო. ექვსი-შვიდი წლისა ვიქნებოდი, ზაფხულში ტბათანაში ვიყავით ასულები. აფშინაშვილები აგერთოში ცხოვრობდნენ, დანარჩენი ხალხი – ზოგი გორაკებზე, ზოგიც – ზუროსგორში. გორაკზე ცხოვრობდნენ ბელადიშვილი ეგნატეანი. შემოდგომისპირი, ბარში ჩამოსვლის დრო იყო უკვე და ქურდობებიც – გახშირებული.
…გორაკებიანი მაღალი მთა, შუაში ხეობა, ხეობისკენ – კახეთის მხარეს – აგერთო… მეცხვარეები ბოლო ბარგს ეზიდებოდნენ, ცოლ-შვილის ბარში ჩაყვანის დრო იყო.
საღამოს, მზის ჩასვლისას იმ გორაკზე ცხენები შემოაჩინეს ხეობისკენ, ქვევით, მჟაუნიან ტაფობზე ჩარეკეს.
მე და ინი პაპა ერთად ვისხედით. მითხრა: ის ბელადიანთ ეგნატე პაპაა, ჩანს ბიჭები ჩამოუვიდნენ და ცხენები მჟაუნიან ტაფობში მიჰყავთო. ცოტა ხანში შეღამდა, გაღმიდან კი იმ ეგნატე პაპას ყვირილი გაისმა: – მიშველეთ, ყაჩაღებმა ჩემი ცხენები გარეკესო! ხეობის აქედან ინი პაპამ ქართულად დაიძახა: – რა ამბავია, ეგნატეო?! იმან თუშურადვე უპასუხა: – ყაჩაღებმა ცხენები წაიყვანესო! ინი პაპამ ისევ ქართულად დასცა კიჟინა: – ნუ გეშინიათ, თქვენ ზუროსგორისა და საქისტოს გზები შეუკარით, მე წინაგორისკენ შევაკვრევინებ ბიჭებს, სხვა გზა აღარც არის, აბა, თუ ბიჭები არიან, გარეკონო! მერე აუჩქარებლად შემობრუნდა შინ და რძალს მშვიდად მიმართა: – ის ჩაი დამისხი ერთი, ტირინეო! – რას ამბობ, განა თქვენ გზის შესაკრავად არ უნდა წახვიდეთო? – გაიკვირვა ტირინემ. – აკი ქართულ ენაზე დავიძახე და ქურდებმაც გაიგონეს, ვიღა გაბედავს ეხლა ცხენების წაყვანასო? – და გემრიელად შეექცა ჩაის.
მეორე დილა გათენდა და ცხენები ტყის პირას ნახეს, აღარავის წაეყვანა, ჩანს ბალახის ძოვით ტყისკენ ჩაუყვნენ…“

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1902-1984). ჩაწერილია 1979 წელს წოვათუშურად.  /თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

გურგალჭალა

„წმიდგიორგისთან ყველაზე ახლოს ფოცხორიშვილების სახლი იდგა. ჯერ ფოცხორიშვილების სახლი იდგა, მერე, ოდნავ ზემოთ – ჭიჭაშვილებისა, ცოტა აქეთ – ბელადიშვილებისა. ბელადიშვილების შემდეგ ჩვენი სახლი იდგა. ფიცრული სახლი იყო, ქვევით გომური ჰქონდა. გომურის წინ პატარა ოთახი იყო, დაბლა, მიწაში, თოლას ვეძახდით. გვარში ვინც შვილგასაჩენი იყო, იქ მოვიდოდა და იმ ჩვენს თოლში მშობიარობდა, ერთი კვირა დარჩებოდა და მერე ისევ მიდიოდა.
სახლს მაღლა ორი ოთახი ჰქონდა. ერთში, რომელიც გომურის თავზე იყო, მიწა ეგო, მეორეში – იატაკი. გზისკენ პატარა აივანიც ჰქონდა იმ სახლს. იმ აივანზე ორი კასრი იდგა: ერთი – სიმინდით სავსე, მეორე – ხორბლით სავსე. ზევითა მხარეს ფარდული (წერქოხა) იყო, ფარდულის შუაში – ცეცხლის დასანთები – კერა (ქხე-ბოკო), რომელზეც ზაფხულობით საჭმელ-სასმელი მზადდებოდა. მიწადაგებულ ოთახში, ზედა სართულზე, კედლის ძირას დიდი ბუხარი იყო, აქეთ-იქით სიგრძეზე – ტახტები. იმ ფიცრის ტახტებზე ლოგინებს დააგებდნენ და ღამით ვიძინებდით, დილით ლოგინებს აიღებდნენ და ტახტის ბოლოს ერთმანეთზე აწყობდნენ ზედ ზეწარგადაფარებულს. თუ ახალდაქორწინებული ახალგაზრდა იყო ოჯახში, იმათ ცალკე აწვენდნენ იმ მეორე, იატაკიან ოთახში. არც მაგიდა იყო, ბუხრის წინ ნაბდურებს დააწყობდნენ, გარშემო დავსხდებოდით კახურად ფეხმორთხმულები, სუფრას გავშლიდით და ვჭამდით პურს.
ეზო გვქონდა პატარა, მესრებით შემოღობილი. მესრები მუხის კუნძებია, ზოგი მაღალი,ზოგი დაბალი, ჩაასობდნენ და ერჭო ასე.
სტუმრები რომ მოვიდოდნენ, იმ ტახტებზე, ოთახში სუფრას გაშლიდნენ, მუთაქებს დააწყობდნენ, მუთაქებზე დასხდებოდნენ და ისხდნენ ღვინო-არყების სმითა და სიმღერებით.
არაყს თვითონ ვხდიდით, ქერისგან, ხორბლის ფქვილისგან… პურს გამოაცხობდნენ, ჩაკუწავდნენ წყალში, შიგ საფუარს უზამდნენ, ერთი კვირა იდგა და, საკმაოდ კარგი არაყი გამოდიოდა, ღვინოს კი (ალვანში ვენახები არ იყო, ერთი პატარა ვენახი ბუქურაულებსა ჰქონდათ, ერთი პატარა ვენახი – ჩოგანიანთ გრიგოლს (იოსების მამას), სხვა ვენახები არ იყო) კახებისგან ყიდულობდნენ. რუისპირში, მატანში – იქეებს მატყლს წაიღებდნენ და ცვლიდნენ. არც სახნავ-სათესი ჰქონდათ თუშებს, კახელებისგან ყიდულობდნენ საჭირო ქერს, სიმინდს, ხორბალს; უფრო მეტად ქერს და სიმინდს ყიდულობდნენ. გაზაფხულზე, მეცხვარეების ამოსვლისთვის წალოზე მოხალავდნენ ქერს და სიმინდს, აიტანდნენ, დააფქვევინებდნენ და ქუმელს ამზადებდნენ, იმას ჭამდნენ. დიდი სირცხვილი იყო ძველად თუშებში კაცს იმდენი სასმელი დაელია, რომ გზაზე წაქცეულიყო, ან რამე სისულელეები ელაპარაკა.“

/დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1902-1984). ჩაწერილია 1979 წელს, წოვათუშურ ენაზე/  /თ.ცისკარიშვილი/

Posted in ალვანი, თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი