ანა კალანდაძე

***

როდისღა ვნახო, თუშო, ალვანი,
გზების ფოთლებით მიმოფარვანი,
თქვენი ცხვარ-ძროხა, მინდვრად – შავრანი
და მთის ვარსკვლავთა უცხოდ კრძალვანი,
ლაღი ომალო, ლურჯი ტბათანა?
თუშო, დამდგარა უკვე ზამთარი! (1959)
.
***
თოვს, თოვს, თუშეთის მთებისკენ
ზამთრის მზეს მალვენ ჯანღები…
თეთრად შეფეთქილ საყდრისკენ
პაწია აღმართს ავყვები,
იქ წყაროსთავის ღვთისმშობელს
წყნარი უნთია სანთელი:
იმდენ სიმშვიდით ამავსე,
ისარიც მომხვდეს რამდენი! (1980)
.

შ ე ხ ვ ე დ რ ა ლუდით მთვრალ თორღვასთან ა ხ ი ე ლ შ ი
.
მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა…
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, – წელს არ მოვიდა მეძღვნე…
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს… სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი…
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ… ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა…
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, –
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას…
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, –
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი…)…
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი!
გნახე მშვიდობით… ცა ჩირახივით ბოლავს –
ნილსები დიან… ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, – ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია | დატოვე კომენტარი

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1902-1984).

17021699_1261479347265361_2067271468490518372_n

“პატარაობისას ზამთრობით ჩემი ბებიის ზურგს უკან მეძინა ხოლმე მთელი ღამე. ბებიაჩემს ეცვა თუშური მატყლის ჩოხა, წელზე სარტყელი [დუხკანი] ერტყა (დუხკანი არის მატყლის ძაფისგან მოქსოვილი ქამარი, რომელიც ორ-სამჯერ ეჭირება წელზე). ღამით, დაწოლისას ხშირად იმ სარტყელსაც ზედ იტოვებდა ხოლმე. სარტყელს ორივე მხარეს ბოლოში ფუნჯები ეკიდა.
ერთ ზამთარს თენებისას გამეღვიძა და იმ სარტყლის ფუნჯები მომხვდა ხელში. ავდექი და შოლტივით დავწანი ის ჩამოგრძელებული ფუნჯები, სამად გავყავი და ასე დავწანი სამი ცალი.
ცოტა ხნის მერე დედაჩემი ადგა, ბუხარში ცეცხლი დაანთო, გავიდა. ცოტა ხანი კიდევ დარჩა ბებიაჩემი, იმას ეგონა, რომ მე მეძინა; ადგა, ბუხართან მივიდა, მოიხსნა სარტყელი, ტანსაცმელი გაისწორა და სარტყლის შემოხვევას შეუდგა. შემოხვევისას შეამჩნია, რომ ფუნჯები დაწნულია… სამჯერ გადააფურთხა: – ფუი, ეშმაკოო! სამჯერ წარმოთქვა: – წმიდაო გიორგი! და მერე საზარელი ხმით დაიწყო ძახილი: – თინააა!
– რა ამბავიაო?! – შემოვარდა დედაჩემი.
– ფუ ეშმაკს, ფუ ეშმაკს, შეხედე, ამ ჩემი სარტყლისთვის რა უქნიათ ეშმაკებსო!
შეხედა დედაჩემმაც და იმანაც წმინდა გიორგის შესძახა.
ეგრევე მოიქნია იმ ბებიაჩემმა სარტყელი და პირდაპირ ანთებულ ბუხარში მოისროლა. მაშინვე მოედო ცეცხლი და დაიწვა, მე კი გასუსული ვიწექი ყურის გდებით. ვერც თქმას ვბედავდი – მე დავწანი-მეთქი, შიშით – მცემენო.
იმის შემდეგ ბებიაჩემი, ვინც კი მოვიდოდა ჩვენთან, ყველას უყვებოდა: ეშმაკებმა სარტყლის ფუნჯები დამიწნესო. -ოიჰ-ო! – უკვირდათ იმათაც, – ნუთუ შესაძლებელიაო?!
შუაში კიდევ ხანი გავიდა. ვერ მოვითმინე, ვუთხარი:
– ბებო, ერთი რამე უნდა გითხრა და არა მცემო-მეთქი.
– მითხარი, შვილო, არა გცემო, – მითხრა.
– მაშინ სარტყლის ფუნჯები მე დავწანი-მეთქი!
გაზაფხულზე სხვა სარტყლები მოუქსოვა დედაჩემმა ბებოს. ასე დასრულდა ეშმაკების მიერ დაწნული სარტყლის ფუნჯების ამბავი.”

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1902-1984).
ჩაწერილია 1979 წელს წოვათუშურ ენაზე. ფოტოზე: მთხრობელი, მისი ბებია – მარიამ ზარიძე და დედა – თინა სულხანაური.

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

გიორგი ზარიძე – ღვაწლმოსილი მეცნიერი

22007872_1469240776489216_7160427737720634360_n

1908 წელს თბილისში, მუშის – დეპოს ორთქლმავლის მემანქანის ოჯახში დაბადებული გიორგი მიხეილის ძე ზარიძე წარმოშობით თუში იყო. მისი პაპა მათე თუშეთში დაბადებულა 1770 წელს, გარდაცვლილა 109 წლისა. ერთხანს თელავში მეფე ერეკლეს კარზე ოქრომჭედლად უმუშავია. პირველ ცოლთან ქორწინებაში ორი ვაჟი ჰყოლია, მაგრამ, ხანდაზმული, დაქვრივებულა და მეორე ცოლად ბევრად უმცროსი, ახალგაზრდა ქალი შეურთავს, რომელთანაც 80 წლისას მიხეილი გაუჩნდა. დედინაცვლის ჭირვეული ხასიათის გამო მათეს უფროსი ვაჟები სხვადასხვა დროს თუშეთიდან გადასახლებულან – ერთი თიანეთში, მეორე – ბაზალეთში. გიორგის მამა მიხეილი დაიბადა 1850 წელს, გარდაიცვალა 1941 წელს, 91 წლისა. მისი მეუღლე იყო ნორიოელი, დალაქიშვილის ქალი, რომელსაც თბილისის გიმაზია ჰქონდა დამთავრებული. მათ უფროსი ვაჟი, პაპის მოსახელე მათე,ბავშვივე მოჰკვდომიათ, გიორგის მომდევნო, უმცროსი ვაჟისთვის კი, რომელიც 1913 წელს დაიბადა, ალექსანდრე დაურქმევიათ.
თუშეთი გიორგი ზარიძეს პირველად 8 წლის ასაკში მოუნახულებია მამასთან ერთად. მეორედ ბ-ნ შოთა ყიზილაშვილის თაოსნობით რამდენიმე დღით ჩამოსულა ალვანისა და ნათესავების მოსანახულებლად და გაბრიელ (აბდულა) ზარიძეს ღირსეული მასპინძლობა გაუწევია მისთვის.
სახელგანთქმული სწავლული, მრავალი პრემიისა და ორდენის ლაურეატი, აკადემიკოსი, საფრანგეთის, სერბეთისა და გერმანიის გეოლოგიურ საზოგადოებათა წევრი გიორგი ზარიძე 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 18 მონოგრაფიის ავტორია. ჯერ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ ლენინგრადის პეტროგრაფიული ინსტიტუტი, საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში დაიცვა 1936 წელს. იყო ე.წ. სამამულო ომის მონაწილე. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო გეოლოგიურ კონგრესში: მეხიკოში, ბელგრადში, ბუდაპეშტში, ტორონტოში, პარიზში, მოსკოვში… ლექციებს კითხულობდა ბელგრადის, ფრაიბერგის, ბრატისლავის, პრაღის უნივერსიტეტებსა და გეოლოგიურ აკადემიებში, მონაწილეობდა სიმპოზიუმებში. კვლევის საგანი იყო კავკასიის მაგმური მეტამორფული ქანების შესწავლა. მისი სადოქტორო ნაშრომი მონოგრაფიის სახით გამოიცა. სტუდენტებისათვის შექმნა მრავალი სახელმძღვანელო და მეთოდური ლიტერატურა. მათ მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანი და ობიექტური დამოკიდებულება ჰქონია. ასეთივე ყოფილა შვილებთანაც. მისი ვაჟი დავითი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მოსკოვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელია, ქალიშვილი – თამარი – ფსიქოლინგვისტიკის პრობლემების მკვლევარი.
საქართველოში იციან, რატომ თქვა უარი ბატონმა გიორგი ზარიძემ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობაზე: რექტორად სამი წლის მუშაობის შემდგომ განცხადება დაწერა გათავისუფლების შესახებ, რადგან 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარების მიერ ქართველი ახალგაზრდების სისხლისღვრას მისი სტუდენტებიც ემსხვერპლნენ და შეუძლებლად მიიჩნია დარჩენილიყო ინსტიტუტის ხელმძღვანელად (მოგვიანებით, ალვანში სტუმრობისას, როგორც ამას ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი (მოქმედი ლექტორი), თვითონაც 90-ს მიტანებული ბატონი შოთა ყიზილაშვილი იხსენებს, ბატონ გიორგის შინაურებში ისიც უთქვამს, რომ მისთვის ყოვლად შეუწყნარებელი იყო მთავრობის პირველი პირების მოთხოვნები, „ზემოდან ზარის გამო“ დაუმსახურებლად ჩაერიცხათ სტუდენტად ესა თუ ის ახალგაზრდა…).
გიორგი ზარიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა 2002 წლის თებერვალში და სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი საპატიო პრეზიდენტი იყო მისივე მონაწილეობით დაარსებული საქართველოს საინჟინრო აკადემიისა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

ზემო ალვანის ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია

შველურთა საგვარეულოში ორი ძმა ყოფილა – ცისკარა და დინგა. პირველად სწორედ ისინი ჩამოსულან მთიდან და თავიანთ დიდ საგვარეულოსთან ერთად დასახლებულან გურგალჭალაში, ფიცრული სახლები აუგიათ და ჩალური საძნეებიც სდგმიათ. დინგა ადრე გარდაცვლილა და ორი ვაჟი დარჩენია – მამის მოსახელე დინგა და დოფნაური.
ერთხელ, გიორგობას, ეს ორი ახალდაოჯახებული ვაჟი წყაროსთავის წმინდაგიორგის მოსალოცად წასულა. წყაროსთავში ძმებმა ბერები გაიცნეს თურმე, მათთან ერთად მოილხინეს კიდეც და შეზარხოშებულებმა შემთვრალ-მიძინებულ ბერებს ზედაშე მოპარეს, ტიკებში ჩაასხეს, შინ წამოიღეს და საძნეში საგულდაგულოდ დამალეს ყველასგან ჩუმად.
ორი-სამი დღის შემდეგ ბერები მოადგნენ ცისკარას: შენმა ძმისწულებმა ზედაშე მოგვპარესო. გაშრა თურმე ცისკარა და სასწრაფოდ დაუძახა ძმისშვილებს: ეს ბერები რას ამბობენ, მართლა მოპარეთ ღვინოო? სასტიკად იუარეს ბიჭებმა – ასეთი რამ ჩვენ არ ჩაგვიდენია, ცილსა გვწამებენო. ენდო ბიძა დინგასა და დოფნაურს და გადაწყვეტით განაცხადა: ჩვენ თქვენთვის არაფერი მოგვიპარავსო. ბერებმა ცისკარას უთხრეს: სახარება თან გვაქვს, ამაზე დაიფიცე და დაგიჯერებთო. მანაც დაადო ხელი წმინდა წიგნს და ხმამაღლა გაიმეორა: ჩვენს ბიჭებს თქვენთვის ზედაშე არ მოუპარავთო. გაბრუნებულან ბერები, მაგრამ ცისკარას ეჭვი უღრღნიდა თურმე გულს: ხომ არ მომატყუეს ძმისწულებმა, ხელი ხომ არ წაუცდათო. თვალს ადევნებდა თურმე და მალევე შეამჩნია, რომ ნასვამები იყვნენ. ძებნა დაუწყია და მიუგნია თივაში დამალული სავსე ტიკებისთვის.
შეუყრია ცისკარას მთელი გვარი, ბერების გაქურდვისა და სახარებაზე ცრუ დაფიცების გამო დინგა და დოფნაური მოუკვეთია საგვარეულოდან, ცოლშვილიანად გადაუყვანია ორივე გორის გადაღმა ფხაკალყურეში (კურდღლისყურეში) და ყველასთვის აუკრძალავს მათთვის ხმის გაცემა, საჭმელ-სასმლის ან ცეცხლის მიწოდება და მკაცრად გაუფრთხილებია: ვინც ამ დათქმის წინააღმდეგი იქნება, ამათ გზას დაადგებაო. ასე ცალ-ცალკე გააგრძელეს ცხოვრება ძმათაშვილების ჩამომავლებმაც.
ეს ყოველივე ძალიან განუცდიათ დინგას და დოფნაურს. დანაშაულის გამოსწორება, ცოდვის გამოსყიდვა სურდათ, ამ მიზნით ჩყლდ (1834) წელს აუშენებიათ დედაღვთისას სახელზე ეკლესია, რომელიც ფხაკალყურეში, ერთ პატარა გორაკზე დგას. ასე შეემატა ალვანის გარშემო განლაგებულ ძველისძველ ნათლისმცემლის ეკლესიას, სამებას და წმინდა გიორგის ტაძარს მეოთხე – დინგაანთ და დოფაანთ მიერ აგებული ღვთისმშობლის ტაძარი (ძველთუძველეს იახსარზე რომ აღარაფერი ვთქვათ)…
/ეს ამბავი 1902 წელს დაბადებულ დიმიტრი ცისკარიშვილს (აფშინაშვილს) სიყმაწვილეში უამბო მოხუცმა პაპამ (ჩავიწერე 1980 წელს წოვათუშურ ენაზე), იგივე მსმენია ერისტო ცისკარიშვილისგანაც (ბელადიშვილისგან)/.
დღესაც დინგაშვილების გვარის უხუცესი ადის ყოველ ღვთისმშობლობას და ტაძარში უხვდება მომლოცველებს, რათა დანით ჯვარი გამოსახოს ქადა-კოტორს და ჭიქა ასწიოს, თუმც, დალოცვა-დამწყალობნების ტექსტი, სამწუხაროდ, დაკარგულია.

მეგობრებო! გილოცავთ ღვთისმშობლობის დღესასწაულს, მოწყალების კარი განეღოს საქართველოს, ალვანს და ალვანელებს.

/თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in ალვანი, თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

ალექსანდრე ჭარელიშვილის ერთი ჩანაწერი

„…ეს იყო დაახლოებით 1903-4-5 წლების პერიოდი, როდესაც მე, 8-9 წლის მოწაფე, არდადეგებისათვის ხშირად დავიარებოდი ხოლმე თელავიდან ბებიასთან სოფელ ზემო ალვანში (ფხაკალყურეში – გიორგი ჯამარიშვილი ოჯახში). პაპა გიორგი იმჯერად სოფლის თავკაცად ითვლებოდა და სოფლის ყრილობებს ხშირად ესწრებოდა ხოლმე. იქიდან დაბრუნებული, ჩვეულებრივ, გვიყვებოდა ყრილობის ამბებს, სადაც განხილულ საკითხთა შორის იყო აგრეთვე სოფლის ახალ გეგმიურ დასახლებაზე გადასვლის შესახებაც. აქვე საინტერესოა მოვიყვანო ერთი დოკუმენტური მასალა, რომელიც ასევე შეეხება სოფლის გეგმიურ დასახლებაზე გადასვლის თემას. დოკუმენტი მოპოვებულია პენსიონერი პედაგოგის, თინა ქადაგიძის საოჯახო არქივიდან. იგი გვამცნობს შემდეგს: 1900 წელს სოფ. ზემო ალვანში მცხოვრები ანა ეფიშვილი თავის შვილ დიმიტრი ეფიშვილთან (ინჟინერი) რუსეთში მიწერილი წერილით რჩევას აძლევს შვილს და თანაც თანხმობას სთხოვს აზრზე – რათა მის მიერ გამოგზავნილი ქვითკირის სახლის გეგმა შეიცვალოს ახალი ხე-ტყის სახლის გეგმით, რადგან სოფელი ახალ, გეგმიურ დასახლებაზე გადასვლას აპირებსო და ამ შემთხვევაში ხე-ტყის სახლის გადატანაც ახალ ადგილზე შედარებით ადვილი და უზარალოც იქნებაო. მართლაც, 1901 წელს ეფიშვილების მიერ აშენებულ იქნა ახალი ხე-ტყის სახლი, რომელიც ამჟამად გეგმიურ ნაკვეთში მდებარეობს, რუსთაველის 15-ში. მოტანილი ამბავი ერთხელ კიდევ ადასტურებს, რა დიდი ენთუზიაზმით იყო აღჭურვილი სოფ. ზემო ალვანის მოსახლეობა სოფლის ახალი, გეგმიური დასახლების მიმართ ჯერ კიდევ 900-იან წლებში.
დრო გადიოდა, მაგრამ ზემო ალვანის მცხოვრებთა სურვილი და წადილი ვერ სრულდებოდა ცარიზმის დროს. მისი ხორცშესხმა, როგორც ცნობილია, განხორციელდა რევოლუციის შემდეგ უმალვე, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე საქართველოში.
ეს იყო 1922 წელი, როდესაც ზემო ალვანში ჩამოყალიბებულ იქნა პირველი რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) ლაზარე ჩაჩქანიშვილის თავმჯდომარეობითა და როსტომ უჯირაულის მდივნობით. შეიქმნა პარტიის პირველადი ორგანიზაცია ლაზარე ჩაჩქანიშვილის, ზურაბ ცისკარიშვილის, იბო აბაშიძის, გიორგი ციხელიშვილის, იოსებ ცისკარიშვილის, იობ ცაძიკიძის, სვიმონ წოტოიძის, ალექსი უჯირაულის, ლევან შანქიშვილის, დიმიტრი ცაძიკიძის, კიმო ყიზილაშვილისა და სხვათა შემადგენლობით. რევკომთან ჩამოყალიბდა მიწის კომიტეტი ალექსანდრე ჭარელიშვილის (თავმჯდომარე), ბაგრატ ქადაგიძისა და არსენ ქააძის შემადგენლობით.
მალევე, ერთი წლის განმავლობაში, ზემო ალვანში ჩამოყალიბებულ იქნა სასოფლო საბჭო ლაზარე ჩაჩქანიშვილის თავმჯდომარეობითა და როსტომ უჯირაულის მდივნობით. იმხანად სასოფლო საბჭო ექვემდებარებოდა თელავის სამაზრო საბჭოს. 1922-23 წლებში სასოფლო საბჭოს თავმჯდომარეები იცვლებოდნენ, ესენი იყვნენ: ლაზარე ჩაჩქანიშვილი, ლევან შანქიშვილი, იოსებ ცისკარიშვილი, კიმო ყიზილაშვილი. ახლად ჩამოყალიბებული სასოფლო საბჭო სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად განიხილავდა აგრეთვე ზემო ალვანის მოსახლეობის გეგმიურ დასახლებაზე გადაყვანის საკითხსაც… 1923 წელს საკითხი საბოლოო სამსჯელოდ გატანილ იქნა სოფლის საერთო ყრილობაზე, სადაც იგი ერთხმად იქნა მიღებული და დამტკიცებული შემდგომი განხორციელებისათვის. ამისათვის სოფლის ყრილობის მიერ არჩეული იყო სათანადო დელეგაცია ამ სტრიქონების ავტორისა და დიმიტრი მაჩაბლიშვილის შემადგენლობით, რომელიც საბჭოს სათანადო მიმართვით წარგზავნილ იქნა თელავის სამაზრო საბჭოში.
საკითხის დამუშავებასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია პერსონალურად დავასახელოთ ადგილობრივი პროგრესული ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც მოღვაწეობდა იმჯერად ზემო ალვანის სასოფლო საბჭოს ფარგლებში. აქედან ახალი თაობის წარმომადგენლები: გიორგი ბუქურაული, აბრამ უშარაული, ალექსანდრე ჭარელიშვილი, ვანო აზიკური, კოსტალე აბაშიძე, გიორგი მიქელაძე, მოსე აზიკური, დიმიტრი მაჩაბლიშვილი, ილო ქააძე, სამსონ სულაკაური, მარიამ ბახუტაშვილი, მარიამ ქადაგიძე, თინა ქადაგიძე, ანიკო ჭარელიშვილი, ალექსი მოზაიძე; ძველი თაობის წარმომადგენლები: დიმიტრი ქადაგიძე (ინჟინერი), ნადეჟდა ქადაგიძე (ექიმი), ალექსი მაჩაბლიშვილი (იურისტი), ალექსი ბობღიაშვილი (პედაგოგი), სანდრო ცისკარიშვილი.*
თელავში წარგზავნილმა დელეგატებმა (ა. ჭარელიშვილი, დ. მაჩაბლიშვილი) სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან მისვლამდე საქმის ვითარება წინასწარ გავაცანით მიწათმოქმედების განყოფილებაში მომუშავე ჩვენს თანამემამულეს – დავით აბაშიძეს და ვთხოვეთ მხარი დაეჭირა ჩვენთვის საქმის განხილვისას რაისაბჭოში. მართლაც, ამავე წელს (1923 წ.) სოფ. ზემო ალვანის ახალ, გეგმიურ დასახლებაზე გადაყვანის შესახებ საკითხი სამაზრო საბჭოს მიერ გადაწყვეტილ იქნა დადებითად, ხოლო მომდევნო 1924 წელს თელავის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ზემო ალვანის საბჭოში წარგზავნილ იქნა მიწის მზომელთა სათანადო ექსპედიცია ამხ. საგინაშვილის მეთაურობით, რომელმაც საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა-გამიჯვნა ჩაატარა ამავე წლის განმავლობაში.
ამრიგად, ზემო ალვანის ძველი დასახლებიდან ახალ, გეგმიურ დასახლებაზე გადასვლის თარიღად აღიარებული უნდა იქნას 1924 წელი.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს სსრ დამსახურებული მეტყევე ალექსანდრე ჭარელიშვილი 20.02.1978 წ.“
.
*სანდრო ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) – ყოფილი თიანეთის მაზრის უფროსი (მაზრაში შედიოდა თელავი, თიანეთი და დუშეთი მიმდებარე სოფლებითურთ)

/მეგობრებო, ჩვენი წარსულის თითოეული ფურცლის აღდგენა, მოგეხსენებათ, საშური საქმეა, რადგან ფრაგმენტული ცოდნა გვაქვს ბევრი საკითხის ირგვლივ, თუნდაც ჩვენი უახლესი ისტორიიდან. ა. ჭარელიშვილის (იოსებ ჭარელიშვილის ძმის) ამ მოგონებაში ბევრი ჩვენგანი თავისი მამა-პაპის სახელს წააწყდება, გაიგებს, რომ მხოლოდ დავით აბაშიძის დამსახურება არ ყოფილა, და მას თანამდგომნიც ჰყოლია იმ დიდ საქმეში, რასაც ზემო-ქვემო ალვანის „დაპლანვას“ ვუწოდებთ… წერილი პროფესორ ლევან ჭრელაშვილის პირადი არქივიდან გახლავთ, მცირეოდენი შემოკლებით, ავტორის ხელმოწერილი./

/თ.ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები | 1 კომენტარი

ივანე ცისკარიშვილი (ვანო აფშინაშვილი) (1910-1980) /1979 წელს ჩაწერილი

„16 წლისა ვიყავი და ხაზეინებთან დავეხეტებოდი. ერთ ღამეს ჭყოპიშვილის ბინაში მივედი – მწყემსი ხომ არ გინდათ-მეთქი? ჭყოპიმ მითხრა: – რომ ვთქვა, ზამთრისთვის არ გვინდიხარ, მაგრამ ერთი ბიჭი უნდა წავიდეს და, ერთი თვით თუ დარჩებიო? – თვიურად ხომ სხვა ამბავია და, მაინც რამდენს გადამიხდი-მეთქი? – 25 მანეთს მოგცემო, – მიპასუხა. მაშინ 25 მანეთი ორნახევარი ცხვარი იყო. დავრჩი ერთი თვით. ერთ ქისტთან ერთად გამგზავნა თოხლებში, შუახნის კაცი იყო. გავყევით ცხვარს. მცირე ხნის მერე, იროდი ერქვა იმ ქისტს, იროდიმ უთხრა: -ალექსი ხაზეინო, ამ თოხლებს ძალიან მარილი უნდათ და, ჩავალთ იორზე, წყალს დავალევინებთ, იქ ავშანს შეჭამენ, ხურხუმს შეჭამენ, ჩარანს შეჭამენ, მარილობას გასწევსო (თათრული სიტყვებია, თუშურადაც იგივეა და ქართულადაც). -წადითო, – თქვა იმან.
დილით ვირებს ავკიდეთ, ჩვენი ბარგიც – რა ბარგი ჩვენა გვქონდა – ჩვენი თექები, ნაბდები და ერთი ხურჯინი – ავკიდეთ და ორი-სამი ვირი გავურიეთ ფარაში, ჩავედით პანტიშარის ხეობით. პანტისგზას რომ ჩავედით, გზის თავსა და ბოლოში, ივრამდე, ნომრები ჭყოპისა იყო. ჩაეფინნენ ცხვრები, მისცვივდნენ ავშანს და ხურხუმოს. მერე ქისტმა მითხრა: – ბალღო, აბა გაიხედე! აი იქით, იქიდან იქამდე, ისე, მაღლა ასულმა რომ გადაიხედო, ერთ პატარა რუში ორი-სამი ბროწეულის ხე დგას, ადი და ბროწეული მოგვიტანეო. მე, რაღაც, დამეზარა. – რა იყო, გეზარებაო? – მკითხა, – თუ გეშინიაო? თუ გეშინია, ჩემი თოფი წაიღე თანო. სიმართლე რომ ვთქვა, არ მომწონდა ის ადგილები. მომცა თოფი. ავედი. ერთგან პატარა ფიცარივით იყო, იმ ავშნებსა და უროებს შორის ორი-სამი ჯაგი იდგა და ორი-სამიც – შავი აკაკის ხე. იმ „ფიცარს“ (ადგილი, სადაც ღრანტეებს შორის ცოტა მოსწორებულია) რომ ავცდებოდი, გადაღმა ძალიან ღრმა ხეობა იყო, აქეთაც – არივლები, ძალიან ცუდი, და სწორედ კლდის ქიმზე უნდა გამევლო. ეს ქიმი რომ ათავდა, გადავედი იქ, სადაც მიმასწავლა. უეცრად გადასაჩენი იყო, გადავჩნდი მეც და შემომცინა გადამსკდარმა, ჩაშავებულმა ბროწეულებმა, იმხელებმა, თითოს თუ დაიჭერდი ხელში (ისეთი ტკბილი, ხელები ერთმანეთს ეკრობოდა). ოთხი-ხუთი ბროწეული იდგა, დიდი ხეები იყო, სულ იქითა, ჩანდა, იმ ხანებში ეჭამა დათვს, ტოტები დალეწილი ჰქონდა. ავავსე გუდა, ჩოხის კალთებიც ავიკეცე, ისინიც ავავსე ბროწეულებით, მოვიგდე გუდა ზურგზე და აბა-ჰა – ქვევითკენ! იმ „ფიცარს“ 10-15 მეტრზე რომ მივუახლოვდი, ვიღაცამ დამისტვინა. არ მომეწონა, რაღაცნაირი სტვენა იყო. მარცხნივ-მარჯვნივ მივიხედ-მოვიხედე. არა, არაფერი იყო ირგვლივ. დამისტვინეს მეორედაც. აქეთ-იქით ყურებაში თვალი გამექცა: იმ კლდის ნაპირას მდგარი აკაკის წინ ერთ მეტრზე ამდგარი გველი დავინახე. მიმოვიხედე, მაგრამ სხვა გზა არ იყო. თოფში ტყვია ჩავუშვი. კიდევ დაუსტვინა გველმა და კარგად დავინახე, ორად გაყოფილ ენას როგორ ასავსავებდა, ჯაგებიდან გადმოწოლილი შავ მორს ჰგავდა. ქუდი შევისწორე და „ბრიცელზე“ გავხედე თოფს. გავარდა თუ არა, ისე დაასკდა მიწას, დაიკლაკნა, მოიკრუნჩხა, იმ აკაკის ხეს მოეხვია და რომელი ტოტიც შეხვდა, ჩალეწა! ისევ ჩაიშალა, დავარდა მიწაზე, მერე აიკლაკნა და თრევით გასრიალდა კლდეზე. ვისკუპე კიდეც. ქვევით, სწორ ადგილას რომ ჩავედი, გონს რომ მოვეგე, ვნახე, ჩოხის კალთები ჩამშლოდა და ერთი ბროწეულიც აღარ მქონდა. ნელ-ნელა ჩავედი იროდისთან. იროდის ფარეხის გარშემო გაეშვა ცხვარი და ფარეხთან იდგა. შორიდანვე დამიძახა: – რას ესროლე, ბალღო, თოფი, დათვი შეგხვდა, ტახი შეგხვდა თუ ნიშანს ესროლე? ვუთხარი: – გველს ვესროლე-მეთქი. ჩხუბი დამიწყო: – ასეთი მხდალები ხართ თუშები, გველისთვის თოფის სროლა სად გაგონილა, კაცი არა ხარ? ნუ მაინც ამბობ, შე მუდრეგო! იცი თუ არა, რომ მაგისი ტყვია საზღვარგარეთულია, მაგას „ტურეცკი“ ჰქვია, განა ვინტოვკაა, მაგისი ერთი პატრონა ერთი ცხვარი ღირსო! მე ვუთხარი: გიყიდი და მოგცემ ერთ ტყვიას-მეთქი, – თან ავედი ზევით. პირი რომ მოვხსენი გუდას, იქიდან გახლეჩილმა ბროწეულებმა რომ შემოანათა, იროდის გაეღიმა. ჭამა, რაც შეეძლო. დაღამდა. შევრეკეთ ბაკში ცხვარი, ცეცხლი დავანთეთ. ის გუდა იმ დღეს გაათავა. დილით მითხრა: ბალღო, ეს ხურჯინი წაიღე, რამდენსაც დაკრეფ, ჩამოიტანე ქვემოთ, მე ცხვარს ჩავიყვან, წყალს დავალევინებ და ავიდეთო. ვუთხარი: – მე არ წავალ, თუ გინდა, შენ ადი, მე წავიყვან ცხვარს, მე დავალევინებ წყალს და ამოვალ-მეთქი. – მშიშარა ხარ, მშიშარა! – მითხრა, -ასეთი მშიშარები ხართ თუშები, გეშინია და იმიტომ არ მიდიხარო! დაავლო ხურჯინს ხელი და აუყვა ზევით. როცა წყალი დავალევინე ცხვარს და მოვბრუნდი, ამოვრეკე ფარა ძირში, იქ მჯდარიყო. რომ მივუახლოვდი, მითხრა: – ბალღო, რის გველი, შენ ხომ ვეშაპი მოგიკლავსო! ცოტა ქვემოთ, ჩასასვლელში დავინახე, ჩავედი, ჯოხით გავშალე, გავზომე და ორნახევარი ჯოხი გამოვიდაო! (იმისი ჯოხი ორ მეტრს ზომავდა – კარგი მეცხვარეები ორმეტრიან ჯოხებს ატარებდნენ მაშინ); ზედ რომ მივედი, კელების გუნდი ესხდა ტყვიის გამოგლეჯილში, ზუსტად „ნანYივში“(კისრისა და თავის შეერთების ადგილას) მოგიხვედრებია, ღვთის მადლმა, მე იმისთვის თოფის სროლა არ გამახსენდებოდა და ალბათ კლდეზე გადავხტებოდიო!
ვირებს ავკიდეთ ხურჯინები და გზადაგზა ბროწეულის ჭამით პანტისხეობით ავედით შირაქში.
საღამოს მოგვივიდა ხაზეინი. მაშინვე იროდის დაუწყო გამოკითხვა: – რაობა იყოო, როგორ მოგეწონათო, წასვლა-მოსვლა. – ძალიან კარგი იყო, ასეთი ბალახიანი არასოდეს ყოფილა ჩვენი ადგილებიო. ცოტა ხნით გაჩუმდნენ. მე მოშორებით ვდგევარ. უცებ იროდიმ თქვა: -ალექსი, ამ ბალღმა გუშინ გმირობა ჩაიდინა. – როგორ გმირობა? – შეხედა ქისტს. – ღვთის მადლმა, ვეშაპი მოკლა, იმხელა იყო, ორნახევარი ჩემი ჯოხი გამოვიდაო! – როგორ თუ ვეშაპი? – იკითხა კიდევ. – გველიო, -უთხრა, – დიდი, მსხვილი, გრძელი გველიო! – ჰოო! გაზაფხულობით რომ ბატკნები უკვალოდ გვეკარგებოდა, იმას უჭამია თურმეო! -მადლობელი ვარ, ბალღოო, – მითხრა ჭყოპიმ.“

 

წოვათუშური ტექსტის ზედმიწევნით ზუსტი თარგმანი / თ.ცისკარიშვილი/
.

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

თუში გიორგი ბუქურაული

მეგობრებო! ნეტა საქართველომ თუ იცის: 1918 წლის 26 მაისს სიონის ტაძარში, ქართული ჯარის კურთხევისას ახალგაზრდა იუნკერი – თუში გიორგი ბუქურაული გაიხმეს და სწორედ მისი ხმალი აკურთხეს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს დამცველი მეომრისა. (ბუქურაულები ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი გვარი იყო – ცხვარბევრი და განათლებული). ეს კაცი მერე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ღრმად მოხუცს ზედმიწევნით ახსოვდა ბალმონტთან გატარებული საღამოების თემა, რუსული პოეზია, პეტერბურგსა და ლაიპციგში სწავლის პერიოდი. ბავშვს უამრავი რამ მასწავლა ზეპირად და მათ შორის ესეც: “И так, Тушинская сотня, во главе с капитаном Елизбаридзе, которому не было столько лет, сколько ран на теле, черным знаменем наносила ужас на окрестные кавказские племена.” კარგად კი გამოიყენა რუსეთმა კავკასიაზე ცნობილი “Разделяй и властвуй” .

/თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

ბერნანა

– „ხალხნოო!“- ქალის ზაფრანარევი ხმა გაისმა განთიადისას წმიდგიორგის სერიდან.
– „ხალხნო, უიარაღო მტერ შემოგვესიად, თავს უშველეთ!“
დილაბინდში აიშალნენ გურგალჭალელები. კარის ჭრიალით, შემაშფოთებელი შესიტყვებებით და ბინდბუნდში მობორიალე ლანდებით აივსო ეზოები. ჭრაქები აანთეს ბაჩულყურელებმა, უსიამოვნო ამბავი გადასწვდათ ჩერქეზყურელებსაც. კაცებმა უცებ შეაფასეს საქმის ვითარება, გადაწყვეტილებაც უმალ მიიღეს. სწრაფად გაიჭრა საფლავი, მიცვალებული დაიმარხა. აუცილებელი აჰკიდეს ცხენებს და სამივე დასახლება, რამდენიმე ღრმად მოხუცებულის გარდა, დიდიან-პატარიანად მთების გზას დაადგა.
.
შველურთა დიდი საგვარეულოს ბეროშვილების შტო ამ ამბამდე „აიტრი“-დ მოიხსენიებოდა. მათი ვაჟკაცები საგირთის ციხის დაცვასა და წყალდიდობისას ცოლ-შვილის ხსნას შესწირვოდნენ, ერთადერთ გადარჩენილს კი, ყმაწვილკაცობაშივე ნახმლევებით დაჩეხილს, ცხვრის დევნის ჯანი აღარ შერჩენოდა, მაგრამ დაოჯახებულიყო და სამი ერთმანეთზე უკეთესი ვაჟი ეზრდებოდა. უმცროსს, შავგვრემან და დედასავით ლურჯთვალებიან ბეროს უფროსი ძმებისთვის გაესწრო სიმაღლეში და ყველასთვის შეეყვარებინა თავი. ამ მკვირცხლი, ნათელსახიანი ბიჭის დედა ჩაღმის ქალი იყო, აშოლტილი, ომახიანი დედაკაცი. ხელსაქმეში უბადლოს, კაცის საქმეც ეხერხებოდა და აქიმობაც. …საღამოს შირაქიდან შინ მოსულ ქმარს ნავაჭრი კი დაებინავებინა, მაგრამ უცებ ცუდად ეგრძნო თავი და სული დაელია – ეს გარდაცვლილის ცოლი აფრთხილებდა სოფელს, რომ ჟამი მოსდგომოდათ კარს ბარში ჩასახლებულ თუშებს.
ეპიდემიას გაქცეულნი, დაწიოკებულნი, დედაწულიანად მიაბიჯებდნენ მთებისკენ ხევებსა და კლდის ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბილიკებს შეკიდებულნი, რათა გასცლოდნენ დახაშმულ ბარს. მცირე ხნით შეისვენებდნენ, ისევ მიუყვებოდნენ აღმართებს. ტიროდნენ ხურჯინებში პატარები, ოფლად იღვრებოდნენ ბარგაკიდებული ცხენები. დანა პირს არ უხსნიდათ კაცებს… წაიქცა ერთი და მიდამოს გადასწვდა დედისა თუ დის ტირილი. მაინც მიიწევდნენ წინ, გაურბოდნენ სიკვდილს, ის კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, ხან ერთს დასცემდა მიწაზე, ხან მეორეს. შეჩოჩქოლდებოდა რომელიმე ჯგუფი, გაისმებოდა ხანმოკლე მოთქმა, მიწას მიაბარებდნენ ახლად გარდაცვლილს, ისევ დაადგებოდნენ გზას… სამარის ბორცვები მუქ ლაქებად რჩებოდა ლტოლვილთა ნაკვალევზე, გარბოდნენ ცოცხლად დარჩენილები…
წამოიჩოქა ბერნანას უფროსმა ვაჟმა. მუხლი მოეკვეთა და გმინვით მჯიღი ჩაიკრა გულში დედამ, ცრემლად დაიღვარა და ხმადაბალი მოთქმით დაიტირა შვილი. ძალაგამოცლილს, მხრებში შეუდგნენ კაცები, გამოარიდეს პირმშოს საფლავს, და ისევ დაწალიკდა მდუმარე ჯაჭვი ამდენი სიკვდილით დაზაფრული ადამიანებისა. ახლა შუათანა ვაჟს აერია ფეხი, ოფლდასხმული, მხრით მიაწვა ბორცვს, ჩაჯდა, ცას შეაჩერა აწითლებული თვალები და გათავდა ისიც. კრიჭაშეკრულ დედას მიწისფერი დაედო და ხმა აღარ დაუძრავს, ენა ჩაუვარდა თითქოს, ხალხს უაზროდ მოავლო თვალი, დაინახა ვინმე თუ არა, არავინ იცის – ურეაქციოდ უყურებდა და არც უყურებდა, როგორ ჩაასვენეს სახელდახელო ორმოში ბიჭი. ისევ დაიძრნენ, ანგარიშმიუცემლად წაღანღალდა ღონემიხდილი და სახეგახევებული ქალი, ასე მიაბიჯებდა, სანამ ნაბოლარა შვილის კვნესა ჩაესმებოდა.
უსაზომო იყო მწუხარება ამ ცოტა ხნის წინ ბედნიერი, ლაღი ქალისა და ყველამ დაითმინა საკუთარი ტკივილი, შეწყვიტეს კვნესა და ზრუნი, თანაგრძნობით დადუმდა ყველა.
მოულოდნელად უბედური დედა წელში გაიმართა, მძლავრად შექანდა, თითქოს მიწას ჩაეზარდა ფეხებით, ახოვანება მოემატა, ამაღლდა თითქოს, ორივე ხელი ზეაღმართა, ცას თვალები გაუშტერა და ზარიანი, ხმამაღალი ძახილით სამგზის შესძახა:
– „ჰოოო!.. ჰოოო!.. ჰოოო!
– ჰოო, წმიდაო გიორგიოო!“
მერე კი, თითქოს ხელთუქმნელი და უხილავი იარაღი დაუშინა ზეცასო, ისე გაისმა მკაცრი და კატეგორიული სიტყვები:
– „ბერ ნანეგო ბერ ბედენ ბადერ ლე ცო ხილენდაე ლე ცო დალინდა!“
(ბეროს დედას ბეროს გარდა ბალღი არც დაჰბადებია და არც მოჰკვდომია!)
და ყველამ იგრძნო, ნაცადი ხელით ნასროლ ბერდენკასავით როგორ დაუმიზნა ჭირს შეჭიდებულმა დედამ სასოებით დამუხტული სიტყვები ზეცას, ცა გაიხვრიტა, გაიპო და იქიდან რაღაც შეუცნობი და არაამქვეყნიური გადმოიღვარა. „ცო დალინდა“- ისმოდა ექო, ქალი კი ღონივრად დაიხარა, შვილს მკლავში ხელი ჩაავლო და ზეწამოაგდო, ისევ დაიხარა, ახლა ჯოხს დასწვდა და გერშაღებული ნადირივით მძლავრი ნაბიჯით სადღაც კლდის იქით გაეფარა ბიჭიანად. მონუსხულებივით მიჰყვნენ კაცებიც, ქალებიც, ცხენებიც და დაინახეს, კლდის გადაღმა ჩხოტი იღვრებოდა მაღლიდან, იდგა ამ ჩხოტის ქვეშ თვალდახუჭული, კუშტსახიანი ბერნანა შვილიანად, დასდიოდა წყალი დედა-შვილს, ჰაერში კი თითქოს ისევ ხმიანობდა ჯადოსნური ფრაზა „ცო დალინდა“. დედამ ჩხოტიდან გააბიჯა, გაიყოლა შვილიც და ორივე ენერგიულად აუყვა აღმართს. ერთმანეთის მიყოლებით შედიოდნენ იმ წყალვარდნილში ადამიანები, წმინდა გიორგის უხმობდნენ ჩურჩულით და იწმინდებოდნენ სასოწარკვეთილების, უბედურების და სიკვდილის შიშისგან. ისე ავიდნენ საგირთაში, ერთიც აღარავინ გარდაცვლილა. ალვანის სხვა დასახლებებიდან სხვა გზით გაექცნენ თურმე დანარჩენები „ხორველას“, და როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, შესაძლოა სწორედ მაშინდელია ის პირთამდე ძვლებით სავსე აკლდამები წაროში.
.
p.s. ბავშვობაში ბევრჯერ მოსმენილი ეს სევდიანი ამბავი, ლამის ნახევარი საუკუნეა, მინდოდა და ქაღალდზე ვერ გადმოვიტანე, სვეტიცხოვლობა ღამეს კი, სიკვდილთან მებრძოლი ერთი ანგელოზივით გოგოს სამზეოზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს, მისი სულის სიმტკიცით გაოგნებულმა, გავიხსენე და შემოგთავაზეთ, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს.

/თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

თუშ მეცხვარეს /სურათი/

ცეცხლოვან ციდან ნატყორცნი მეხი იალაღს ბზარავდა,
მბორგავ მიწაზე იწექი, შავი ნაბადი გფარავდა.
გამოდარების იმედი ღრუბლებში სადღაც ქრებოდა,
დამფრთხალი, შიშმორეული ცხვარი ცხვარს ეტმასნებოდა.
ნაგაზი, ყურებდაჭრილი, ცის რისხვას უმკლავდებოდა,
თვალები შენკენ ეჭირა, ცხვარს მაინც არ შორდებოდა.
დამშეულ მგლების ყმუილი ატეხილ ზეცას სწვდებოდა.
მთელი დღე ნაბრძოლ-ნაჯაფარს თვალთ რული გეკიდებოდა,
ფიქრები ბარში დარჩენილ უნახავ ცოლ-შვილს სწვდებოდა.
ცეცხლოვან ციდან ნატყორცნი მეხი იალაღს ბზარავდა.
მბორგავ მიწაზე იწექი, შავი ნაბადი გფარავდა.

მეცხვარის გოგონას
დღეს ნაბადი მჭირდება, უნდა ვნახო მენაბდე,
ამ ავდარში უნაბდოდ ვერ მოვაღწევ შენამდე.
ბედაურზე შეგისვამ, ამ მთას გადავფრინდებით,
მაგ ბავშვური ღიმილით, ჭრელაჭრულა წინდებით.
მამაშენმა კიდეც რომ დამადევნოს მდევარი,
ვერ მომაგნებს, მთვარესთან ღამე მაქვს ნათევარი.
დღეს ნაბადი მჭირდება, არც ნაკლები, არც მეტი,
საქორწინო ღამისთვის ჩემი აპარტამენტი.

 

P.S.გუშინ ლექსების პატარა ორტომეული მაჩუქა ავტორმა – სამთოელმა, ჩვენი ელიზბარ ცისკარიშვილის მოწაფემ, გეპეის (სტუ-ს) ყოფილმა პრორექტორმა, ბ-ნმა რეზო სტურუამ. ერთხელ ბ-ნმა ზურა წვერაიძემ უმასპინძლა თურმე თუშეთში და იმ შთაბეჭდილებებით დაუწერია ეს ორი ლექსი. /თინათინ ცისკარიშვილი/

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია | დატოვე კომენტარი

მურმან ლებანიძე

* * *
არა მარტო მძლავრ პოემას ვეფხისას,
ტატოს მერანს, წერეთლისას ჩანგურს,
მე ქედს ვუხრი წიგნს გლეხის და მეხრისას –
უძვირფასეს პოეზიას ხალხურს.
მოაბიჯებს გენიოსი მწყემსი,
ათასწლების ტევრში მოსდევს მთა-ბარს,
პეპლის ჯარი მწყემსს ამგვარად ესმის –
საყვარლისას ჭრელს აგონებს კაბას!…
.
* * *
ოთხი ათასი
წელიწადი მოტანტალებს პატარა ბიჭი,
ვაი, ფეხშიშველს წინ რიყე უდევს –
ცხელი რიყე, მოფენილი მორიელებით…
ვეებერთელა ხალხებს შორის,
ქვეყნებს შორის შენ ვეღარ ივლი
აწ ვერცაღა ხმლით,
ვეღარცა სიმხნით,
თუ არა ოდენ
ჭკუით! ხერხით!
გონიერებით!
.
თ უ შ ე ბ ი მ ი ყ ვ ა რ ა ნ !
თუშები მიყვარან – ტანად დიდები,
სიტყვაძვირები და გულით მდიდრები!
საქართველოს მთებში – მონაპირენი,
საქართველოს მთებში – მონადირენი!
ვაჩაძეები, ვაშაძეები,
ცისკარიშვილები – ლაშქარს დევები!
გაფრინდაულები – მჭრელი სატევრებით,
თვითონ ცოტანი,მაგრამ ცხვარბევრები!
აფთარაულები, უშარაულები –
მთას რომ მერცხლის ბუდედ უჩანთ აულები!
ჩაღმა თუშები და თუშები წოვანი –
საქართველოს გზებზე მარად მგზოვარნი!
თუშები მიყვარან სულში და გულში –
ღმერთი!
რჯული!
არა ვარ თუში!

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია | დატოვე კომენტარი